ზაზა პაპუაშვილი: სააკაშვილი როგორ ბედავს და ეჯიბრება ბიძინა ივანიშვილს?!
გოგლა ჟვანია: სააკაშვილი პათოლოგიურად მატყუარა ადამიანია
"ადამიანი თავის ქვეყანას ვერ გამოადგა და უკრაინას რაში უნდა გამოადგეს?!"
გადაცემა "არჩევანისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თავსაც გადააჭარბა, ჩვენში აქამდე ცოტას თუ უნახავს ასეთი "ღვთისმოშიში" მიშა, რომელიც საქართველოში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესს გამოეხმაურა და მალე დაბრუნებასაც დაგვპირდა. ექსპრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას საქმეზეც ილაპარაკა: "ზურა დაიღუპა გაზის მოწამვლით და მაშინ გაზის მოწამვლით 250-300 ადამიანი იღუპებოდა თვეში. ამბობენ, რომ პრემიერს ეს როგორ დაემართა? - ჩვეულებრივად. ზურა ჟვანია ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. არ ჰქონდა მდიდრული აპრატამენტები. ყველა ასეთ პირობებში ვიყავით. ჩვენც ასეთი "კარმა" გვეყენა სახლში. მე არასდროს არ მაინტერესებდა ზურას პირადი ცხოვრება. ბოლო მიტინგი ასლან აბაშიძემ მომიწყო ლოზუნგით: "ძირს ცისფერი მიხეილ სააკაშვილი". ალერგია მაქვს საერთოდ ამ თემებზე ლაპარაკის და ახლაც არ აქვს ამაზე ლაპარაკს აზრი... მე მქონდა ჩემი პირადი ვალდებულება ზურას ცოლის წინაშე. რომელიც მე პირნათლად შევასრულე როგორც მისმა ფორმალურმა ახლობელმა." მან ასევე ილაპარაკა იმ მიზეზებზე, რომლის გამოც არ გამოქვეყნდა FBI-ის დასკვნა და განაცხადა, რომ ეს იყო პირადი ცხოვრების დეტალები, რომლის გამჟღავნებაც "სპეკულაციების" მიუხედავად მან საჭიროდ არ მიიჩნია. მან იმ ადამიანების მოტივაციად, ვინც ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას დღემდე ჯიუტად თხოვს, რიგ შემთხვევაში ფული და სიხარბე, სხვა შემთხვევაში კი - შური, დაასახელა. კითხვას, გულისხმობდა თუ არა ამაში გოგლა ჟვანიას? - მან არ უპასუხა.
გოგლა ჟვანია, პარლამენტარი:
- სააკაშვილს სრულიად არასერიოზულად აღვიქვამ და მის განცხადებებზე კომენტარის კეთებას ნამდვილად არ ვაპირებ. მის ნათქვამს არანაირი ფასეულობა არ გააჩნია არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის. საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ სააკაშვილი პათოლოგიურად მატყუარა ადამიანია.
- მან თქვა, რომ ძალიან განიცდიდა და ახლაც განიცდის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას...
- ტყუის სააკაშვილი, მან ზურას საქმის გამოძიებისთვის ხელის შესაშლელად ყველაფერი გააკეთა
ზაზა პაპუაშვილი, პარლამენტარი:
- სააკაშვილი არის კრიმინალი და მისი ადგილია ციხეში. მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ერის წინაშე. გუშინდელი გადაცემა იყო მიშას პირადი ტელევიზიის პროდუქტი, სადაც ვნახეთ შეხმატკბილებული რესპნოდენტი და ჟურნალისტი, თუმცა ეს რამდენად ჯანმრთელი დიალოგი იყო, ვერ გეტყვით
- სააკაშვილმა განაცხადა, მე და ბიძინა ივანიშვილი ევოლუციის სხავდასხვა საფეხურზე ვდგავართო....
- რა თქმა უნდა, განვითარების სხვადსხვა საფეხურზეც დგანან და აბსოლუტურად სხვადსხვა ფასის მქონდე ადამიანები არიან. სააკაშვილს ძალიან უნდა ივანიშვილის საპირწონედ გაიხადოს თავი, მაგრამ არ გამოუვა. ამდენი მზაკვრობის ჩამდენი სააკაშვილი როგორ ბედავს და ეჯიბრება ბიძინა ივანიშვილს?! მათ შორის დიდი სხვაობაა როგორც ზნეიბრივ, ისე სხვა ადამიანურ კატეგორიებში.
- სააკაშვილი აცხდებს, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება...
- ესეც მისი ერთ-ერთი ავადმყოფური აკვიატებაა. სააკაშვილი ქართველ ხალხს არ სჭირდება და ეს 2011 წლის არჩევნებზე გასაგებად უთხრეს კიდეც. სააკაშვილი არ უნდა ხალხს, ხალხი ეუბნება: მოშორდი, მოწყდი აქედანო, ის კი მაინც თავისას გაიძახის, - მოვალ და დაგიბრუნდებითო! - ძალადობა ეს, აბა, სხვა რა არის?! ქართველმა ერმა ეს ხალხი, ფაქტობრივად, გააძევა ქვეყნიდან. არ ვიცი, რას ფიქრობს უკრაინელი ხალხი მათზე, მაგრამ, როდესაც სააკაშვილი მათ რაიმე უბედურებას დამარათებს, ეს ქართველებს არავინ დაგვაბრალოს.
ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რაში სჭირდება უკრაინას "ნაციონალბი", ნუთუ ამხელა ქვეყანაში არა ჰყავთ კადრები, რომელსაც თანამდებობაზე დანიშნავენ?! როდესაც სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში საკითხავია რამდენად არის ეს უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილება? არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრების უკრაინაში დანიშვნა გამიზნული პროვოკაციებისთვის იყოს ჩაფიქრებული. მიკვირს, ადამიანი თავის ქვეყანას ვერ გამოადგა და უკრაინას რაში უნდა გამოადგეს?!
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)