"პოსტსაბჭოთა ნეობოლშევიკები გვიტევენ" - რას პასუხობს ზუმბა მისი მოსაზრებით აღშფოთებულ ადამიანებს
"ჩემთვის კარგი ბიჭობა სამშობლოს სიყვარული, სახელმწიფოებრივი აზროვნება და საქმეში პროფესიონალიზმია! ჰოდა, ვისაც ეს "კაი ბიჭობა" და ქურდული გაგება უყვარს, ასეთი ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა: არა ვარ "კაი ბიჭი", ქურდულიც არ მესმის, ვაჟას, შოთას და ილიას გაგების ვარ და თუ ვიღაცებს ეს არ მოსწონთ, ავიდნენ ქსნის ციხეზე (რაც ქვია ამ ციხეს იმედია ეცოდინებათ) და იქიდან გამოექანონ..."
ინტერნეტსივრცე ააფეთქა მუსიკოს ზაზა კორინთელის (ზუმბა) "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულმა პოსტმა, რომელიც მის სახლში მომხდარ არასასიამოვნო ამბავს - სავარაუდოდ, კრიმინალის მცდელობას ასახავდა, თუმცა ასევე ხელისუფლების მწვავე და საკმაოდ უცენზურო კრიტიკასაც შეიცავდა "ეგეც თქვენი ოცნება და რეალობა!.. სანამ თვითოეულ ჩვენგანს არ შეეხება მსგავსი ამბები, ალბათ მანამდე ვიქნებით სირაქლემას პოზაში და მერე უკვე შეიძლება გვიანიც აღმოჩნდეს!
მე, პირადად, დასაკარგი არაფერი მაქვს, ბოლომდე შემოგწირავთ თავს და პოსტსაბჭოთა კრიმინალურ ნაგავს კიდევ უფრო უარესად მო...ს არ გაპატიებთ. თან იცოდეთ, მარტო არ ვარ და საქართველო ჯერ კიდევ ბოლომდე არ მოწამლულა თქვენი შხამით!
ან ქვეყანას მიხედეთ სასწრაფოდ და წიკვინს თავი დაანებეთ ან თქვენივე ცოცხები გაირჭეთ ტრ...ში და სანამ დროა, ისე გა....ით ვოვასთან კრემლში დიდი სიჩქარით უკანმოუხედავად!" - წერდა ზუმბა. მისმა პოსტმა ბევრი აღაშფოთა, რას პასუხობს მათ და ვის ემუქრება სოციალური ქსელიდან, ამას ჩვენი ინტერევიუდან შეიტყობთ:
- თავდაპირველად გეტყვით, რომ ამგვარი რამ ჩვენს კორპუსში, აქამდეც არაერთხელ მოხდა, მაგრამ ჩემს მეზობლებს ხმაური არ აუტეხვათ. მე კი ხმამაღლა ვთქვი, რადგან ამოვიდა ყელში. კონკრეტულად ჩემ შემთხვევას რაც შეეხება, დაახლოებით დღის სამ საათზე ძალიან დიდი ბრახუნის და მსხვრევის ხმა გავიგე, თავიდან არ მივაქციე ყურადღება, რადგან ვიფიქრე, ვიღაცას რემონტი აქვს და მუშებს რაღაც დაუვარდათ-მეთქი. მერე, რომ გავიხედე სახლიდან, ფანჯარა რომელიც სადარბაზოს და ჩემს აივანს ყოფს, ჩარჩოიანად იყო მოგლეჯილი, ორმაგი შუშა კი ჩატეხილი... უხეშად რომ ვთქვა, კარგად იყო ნაჩალიჩარი. გაითვალისწინეთ, ეს ხდება დღის სამ საათზე. ეტყობა, როდესაც მე კარი გავაღე და გავედი, გაიქცნენ.
- ანუ აპირებდნენ სახლის გაქურდვას?
- არ ვიცი, რას აპირებდნენ, ფაქტია, რომ ჩამოიღეს ის ფანჯარა , საიდანაც ჩემს სახლში შემოსვლა შეიძლება. გამიმართლა, რომ იმ დროს სახლში ვიყავი. მერე ვიღაცეებმა თქვეს, - ეგებ ქუჩიდან ნასროლი ქვა მოხვდაო, მაგრამ ეს არაა ნასროლის ქვის ბრალი. ფაქტია, რომ ეს მიზანმიმართულად არის გაკეთებული, მაგრამ ქურდობის მიზნით იყო, თუ ჩემს გამოსაწვევად, მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს.
- ზემოთ თქვით, რომ ეს არაა პირველი შემთხვევაო, რას გულისხმობთ?
- რამდენიმე ფაქტი აქამდეც მოხდა, რაღაცეები მოიპარეს, ასევე საკეტებია ნაწვალები. პირადად მეც, ღამით საკეტის ჩამოწევის ხმა გამიგია. მომხდარის შემდეგ პოლიცია ოპერატიულად მოვიდა. მათ ჩემზე უკეთესად იციან რა სიტუაციაა ამ კორპუსში და ზოგადად ამ ტერიტორიაზე. სხვათა შორის, როცა ეს პოსტი დავწერე, იქ ვიღაც-ვიღაცეებს შევაგინე კიდეც, მერე რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა ჩემი პოსტი და მკითხველები, კომენტარებში ბევრ საინტერესო რაღაცეებს წერდნენ, რაც მდარე აზროვნების თვალსაჩინო გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ერთი ასეთი კომენტარი წავიკითხე: სახელმწიფო ძალადობას, ისევ ქურდული მენტალიტეტი მირჩევნიაო. ასეთი სიდებილეები არანაირ სახელწიფოებრივ ჩარჩოებში არ ზის. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ასეთი პოსტსაბჭოთა ნეობოლშევიკები გვიტევენ. ბავშვობიდან მოყოლებული ვებრძვი ამ დებილურ მენტალიტეტს, იმ წამიდან, როდესაც ვიგრძენი, რომ ე. წ. "კაი ბიჭობა" არის შემოგდებული ანკესი, რომელზეც ჩვენ წამოვეგეთ. როგორც კი ეს გავაცნობიერე, იმის მერე ამის მიმართ დიდი პროტესტი მაქვს, ხელჩართული ბრძოლაც არაერთხელ მქონია. როცა ქუჩაში ვუკრავდით, უშუალო შეხება მქონდა ამ სისტემასთან და ძალიან ბევრი გიტარა გადატეხილა ვიღაც-ვიღაცეების თავზე. ახლა ამდენი წლები გავიდა და ვიფიქრე, რომ ახალი თაობა მოდის, შრომას მეტი პატივისცემა აქვს და სხვა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ასე არაა, ეს "კაი ბიჭობა" ისეთი ჭირია, რომელიც სარეველასავით ვრცელდება კვლავ, როგორც კი ყურადღებას მოადუნებ. ჩემთვის კარგი ბიჭობა სამშობლოს სიყვარული, სახელმწიფოებრივი აზროვნება და საქმეში პროფესიონალიზმია! ჰოდა, ვისაც ეს "კაი ბიჭობა" და ქურდული გაგება უყვარს, ასეთი ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა: არა ვარ "კაი ბიჭი", ქურდულიც არ მესმის, ვაჟას, შოთას და ილიას გაგების ვარ და თუ ვიღაცებს ეს არ მოსწონთ, ავიდნენ ქსნის ციხეზე (რაც ქვია ამ ციხეს იმედია ეცოდინებათ) და იქიდან გამოექანონ...
- თქვენ, პოსტის ბოლოში ერთგვარი მუქარა გაქვთ, ვის ემუქრებით?
- პოსტსაბჭოთა კრიმინალური აზროვნების გადმონაშთებს და ზოგადად ყველა ნარჩენს, რომელიც საბჭოთა კავშირმა დატოვა.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)