ევროსაბჭოს იმ დეპუტატების "ცოდვები", რომელთაც საქართველოში არსებული "შერჩევითი სამართალი" აშფოთებთ - კვირის პალიტრა

ევროსაბჭოს იმ დეპუტატების "ცოდვები", რომელთაც საქართველოში არსებული "შერჩევითი სამართალი" აშფოთებთ

"პარლამენტარი დიდი ბრიტანეთიდან კრისტოფერ ჩოპი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მხილებულია პარლამენტის კუთვნილი 136,000 ფუნტის გაფლანგვაში, საიდანაც 10,000 ფუნტი საკუთარი სახლის სახურავის შეკეთებას მოანდომა, თანაშემწედ კი საკუთარი მეუღლე ჰყავს გაფორმებული, რომელიც ბიუჯეტიდან 50,000 ფუნტს იღებს წლიურად."

გაზეთ "კვირის პალიტრას" ინტერვიუ მისცა საპარლამენტო ფრაქცია "ალიანსი-ახალი საქართველოსთვის" ყოფილმა თავმჯდომარემ, საერთშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, პრეზიდენტ იუშჩენკოს ყოფილმა მრჩეველმა ირაკლი გოგავამ, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.

- ევროპის სახალხო პარტიის წევრებისა და სხვა კონსერვატორების მიერ შემდგარმა 30 კაციანმა ჯგუფმა მოაწერა ხელი ევროსაბჭოს 29 იანვრის დეკლარაციას, სადაც შეშფოთება იქნა გამოთქმული საქართველოში შერჩევითი სამართალისა და პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დაკავებების შესახებ...

- იმ ხალხს, ვინც ამ დეკლარაციის პოლიტიკურ არგუმენტად გამოყენებას ცდილობს, შევახსენებდი, რომ დეკლარაციის ავტორია კონსერვატორი პარლამენტარი დიდი ბრიტანეთიდან კრისტოფერ ჩოპი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მხილებულია პარლამენტის კუთვნილი 136,000 ფუნტის გაფლანგვაში, საიდანაც 10,000 ფუნტი საკუთარი სახლის სახურავის შეკეთებას მოანდომა, თანაშემწედ კი საკუთარი მეუღლე ჰყავს გაფორმებული, რომელიც ბიუჯეტიდან 50,000 ფუნტს იღებს წლიურად. ბატონი ჩოპი პოლიტიკაში მხოლოდ იმით არის ცნობილი, რომ მოითხოვა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ბუფეტის გაიაფება, მინიმალური ხელფასის ცნების გაუქმება და უღარიბესი ქვეყნების დახმარება დაბლოკა. მეორე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ დეკლარაციის ლობისტებს შორის არის უკრაინელი დეპუტატი ვლადიმერ არიევი, რომელიც ცოლთან ერთად პოლონელებს ჰყავდათ დაკავებული ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის. ეს დეკლარაცია კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართული ოცნების დელეგაციის პასიურობაზე.