ნეპოტისტური ნაბიჯები განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში - კახა ერაძის კანდიდატურას არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს? - კვირის პალიტრა

ნეპოტისტური ნაბიჯები განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში - კახა ერაძის კანდიდატურას არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს?

" სამწუხაროდ, ახლახანს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი წარსულის პრაქტიკას დაუბრუნდა... სახეზე გვაქვს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის პირდაპირი დარღვევა."

"ახალგაზრდა ჰუმანისტთა ასოციაცია" განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან დაკავშირებით განხაცდებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ცენტრში ნეპოტისტური ნაბიჯები იდგმება.

"განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში საკადრო ცვლილება განხორციელდა, რომლის თანახმადაც, ცენტრის დირექტორობა შეითავსა განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გია შარვაშიძემ. მინისტრის მოადგილეებისა და პარალელურად სსიპ-ს ხელმძღვანელობის სქემა, ჯერ კიდევ, წინა ხელისუფლების მიერ იქნა აპრობირებული, თუმცა, ხელისუფლების ცვლილებისთანავე ზემოაღნიშნული პრინციპი შეიცვალა, როგორც მოუქნელი და ეს ორი მნიშვნელოვანი თანამდებობა ერთმანეთისგან განცალკევებულ იქნა. სამწუხაროდ, ახლახანს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი წარსულის პრაქტიკას დაუბრუნდა. ცენტრის დირექტორის მოადგილედ, რომელიც სტრუქტურის შინაარსობრივი ნაწილის უშუალო ხელმძღვანელი იქნება, ე.წ. კონკურსის წესით ინიშნება კახა ერაძე, რომელიც, მინისტრის პირველი მოადგილის, ქეთევან ნატრიაშვილის ნათესავია. გარდა ამისა, მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ კახა ერაძე, ამჟამად, წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულება "საქართველოს ბიზნესის აკადემიის", SBA-ს მმართველ პარტნიორს და რექტორს. არათუ უნივერსიტეტის მფლობელს, ცენტრის დადგენილი კრიტერიუმებით, უნივერსიტეტების რექტორებსა და ხარისხის სამსახურების უფროსებსაც კი ეკრძალებათ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოებში საკუთარი კანდიდატურების წარდგენა, იმ მოტივით, რომ ისინი ტენდენციურები იქნებოდნენ საქმიანობის განხორციელებისას. აღნიშნულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს უნივერსიტეტების სტანდარტების მარეგულირებელ თანამდებობაზე იმ პირის დანიშვნის ფაქტი, რომელიც იმავდროულად (მიუხედავად წილის სხვა პირისთვის შესაძლო გადაცემისა) არის სხვა კერძო უნივერსიტეტის მეწილე. აღნიშნული ქმედებით პოლიტიკისა და ბიზნესის ერთმანეთისგან ესოდენ საჭირო დამოუკიდებლობის პრინციპი მკვეთრად ირღვევა. კანონის ენით რომ ვთქვათ, სახეზე გვაქვს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის პირდაპირი დარღვევა",– ნათქვამია "ახალგაზრდა ჰუმანისტთა ასოციაციის" განცხადებაში.