"როგორც ჰაერით, ისე ვსუნთქავ მუსიკით" - უსინათლო გოგონას სისხლსავსე ცხოვრება - კვირის პალიტრა

"როგორც ჰაერით, ისე ვსუნთქავ მუსიკით" - უსინათლო გოგონას სისხლსავსე ცხოვრება

"დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თეონა ქუმსიაშვილმა. დღეს მისი ხმის წყალობით მაქვს ულამაზესი ჰარმონია სულშიც და გულშიც. თეო ჩემთვის სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი და მომღერალია."

"მეცხრე კლასში ვიყავი გუდაურში წაგვიყვანეს სკოლიდან, ჰოდა, მაშინ მოვახერხე და თხილამურებსაც კარგად დავეუფლე. მართალია იმ პირველი ცდაზე, ზუსტად გუდაურიდან წამოსვლისის წინ, ხელი მოვიტეხე, მაგრამ ეგ არ მადარდებდა, მთავარია, ოცნება ავიხდინე..."

თელავში ცხოვრობს გოგონა, რომლის ცხოვრებაც, ტკივილთან ერთად, ნიჭით, სიცოცხლის სიყვარულითა და ბრძოლის ჟინით არის აღბეჭდილი. მაგდა ბეჟანიშვილი 4 წლის იყო, როდესაც თავლისჩინის დაკარგა. ოპერაციისა და შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში დღესაც აქვს შანსი დაინახოს, მაგრამ მკურნალობა ისეთი ძვირი ჯდება, ამაზე აღარც ფიქრობს. თუმცა უსინათლობა ხელს არ უშლის იცხოვროს სისხლსავსე ცხოვრებით და საკუთარი წილი ბედნიერება ეძებოს. მაგდა წერს ლექსებს, სიმღერებს, უკრავს არაერთ ინსტრუმენტზე, დგას თხილამურებზე... სულ ახალახან კი ტელევიზიაში მუშაობაც სცადა. როდესაც მას უსმენ, ადამიანი კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

მაგდა ბეჟანიშვილი:

- თელავში დავიბადე და გავიზარდე. ვსწავლობდი თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლაში. მეთერთმეტე კლასში ვიყავი როდესაც ჩემმა ვოკალის მასწავლებელმა ქალბატონმა ნანამ მირჩია, რომ კლასიკურ ვოკალზე შევსულიყავი, რადგან ფიქრობდა, რომ შემეძლო ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა. მე-11 კლასში ვიყავი, როდესაც დავბრუნდი თელავში და სწავლა პირველ საჯარო სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად ჩავაბარე ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, კლასიკური ვოკალის განხრით. ვსწავლობდი ვიოლინოზე, ტამტამზე, გიტარაზე, სალამურზე დაკვრას... ვიოლინო ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს, ბედნიერი ვარ, რომ შევძელი მასზე დაკვრის სწავლა...

- რა ადგილი უკავია მუსიკას შენს ცხოვრებაში?

- მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. როგორც ჰაერით, ისევ ვსუნთქავ მუსიკით. ვუსმენ როგორც კლასიკას, ასევე ფოლკლორს. რომ არ სიმღერა, არ ვიცი, რა ვიქნებოდა დღეს. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თეონა ქუმსიაშვილმა. დღეს მისი ხმის წყალობით მაქვს ულამაზესი ჰარმონია სულშიც და გულშიც. თეო ჩემთვის სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი და მომღერალია.

ჩემი პირველი სიმღერა სახელწოდებით "წამოდი," დათო კენჭიაშილმა ჩამიწერა, ამას მოჰყვა ყველა ის წარმატება და ხალხის სიყვარული, რაც დღეს გამაჩნია. დათოს მადლობას ალბათ ვერასოდეს გადავუხდი. დაგეგმილად არასოდეს არ ვწერ. შეიძლება სიზმარში ვნახო ლექსი ან სიმღერა, რომელსაც გამოფხიზლებული უკვე რეალურად ვინიშნავ...

- ამჟამად რას საქმიანობ?

- წლების განმავლობაში ვეძებდი სამსახურს, თუმცა შშმ პირებისთვის რთულია სამსახურის პოვნა. ორგანიზაციებში ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ ჩვენს დასაქმებაზე. ამ ცოტა ხნის წინ თელავში ადგილობრივ ტელევიზიაში შემომთავაზეს, რომ კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა გამეკეთებინა, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი. ამისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ტელეკომპანია თანამგზავრის დირექტორს ენრი კობახიძეს, ქალაქის მერს პლატონ კალმახელიძეს და ვიცემერს თენგიზ მთვარელიშვილს. რომ არა ეს სამი ადამიანი, მე და დედა ისევ პენსიის იმედად დავრჩებოდით.

- გავიგე, რომ თხილამურებზეც დგახარ...

- ძალიან მინდოდა თხილამურებით სრიალი მესწავლა. მეცხრე კლასში ვიყავი გუდაურში წაგვიყვანეს სკოლიდან, ჰოდა, მაშინ მოვახერხე და თხილამურებსაც კარგად დავეუფლე. მართალია იმ პირველი ცდაზე, ზუსტად გუდაურიდან წამოსვლისის წინ, ხელი მოვიტეხე, მაგრამ ეგ არ მადარდებდა, მთავარია, ოცნება ავიხდინე...

- რა გეგმები გაქვს უახლოეს მომავალში?

- სამომავლოდ ჯერ ისეთს განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავ. ძალიან მიყვარს საქველმოქმედო საღამოების კეთება, მათთვის ვისაც დახმარება სჭირდება...

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)