გარდაცვლილია ქალ-ვაჟი! სატანისტური მსხვერპლშეწირვა - მითი თუ რეალობა?!
”ამ ტრაგედიაში ყველა დამნაშავეა: ოჯახი, სკოლა, საზოგადოება...”
”ის ფაქტი, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ღამით სასაფლაოზე იკრიბება და გარკვეულ რიტუალებს ასრულებს, აქამდეც მოგვისმენია, ამგვარი ჯგუფის წევრები შეიძლება დუშეთშიც ცხოვრობდნენ, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ კუთხეებში. სამწუხაროდ, ისინი უკვე ბევრნი არიან და შესაბამისი ორგანოები აქამდეც უნდა დაინტერესებულიყვნენ მსგავსი ფაქტებით”
ა.წ. 2 თებერვალს, დუშეთში, 15 წლის მარიამი საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში დედამ იპოვა. ქალი შვილთან დაახლოებით სამი საათის დაშორებული იყო. ორივე იმ დღეს ახლობელი, 18 წლის ვაჟის დაკრძალავას დაესწრო, დედა დაკრძალვიდან სამსახურში წავიდა, გოგონა - შინ. ამბობენ, რომ ქალ-ვაჟს ერთამანეთი უყვარდა. შინ დაბრუნებულმა გოგონამ, სავარაუდოდ, საწამლავი დალია... რადგან გოგონას ციანიდი უპოვეს, გაჩნდა ვარაუდი, რომ თავის მოკვლა სწორედ ამ ნივთიერებით სცადა, თუმცა ისინი, ვინც მეტ-ნაკლებად ერკვევიან მომწამვლელი ნივთიერების ნაირსახეობაში ამბობენ, რომ კალიუმის ციანიდი იმდენად ძლიერი საწამლავია, რომ გოგონა მისი მიღებისთანავე უნდა გარდაცვლილიყო, თუმცა ის სიკვდილს 25 დღის გამავლობაში ებრძოდა და 27 თებერვალს გარდაიცვალა. მომხდარით დუშეთის მცხოვრებლები უკიდურესად შეწუხებულები არიან. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა პოლიტიკური პარტია "რეფორმატორების" წარმომადგენლმა ნინო ჩარკვიანმა, რომელმაც მომხდარს სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა და გამოთქვა ვარაუდი, რომ როგორც ვაჟის, ასევე გოგონას სიკვდილი შესაძლებელია დუშეთში არსებულ სატანისტურ ჯგუფს უკავშირდებოდეს. ადგილობრივები ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს გაურბიან, თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მარიამი რამდენიმე მეგობართან ერთად, ხშირად უცნაურად გამოიყურებოდა, იკეთებდა გოთებისთვის დამახასიათებელ მაკიაჟს, იღებავდა თმას და უცნაურად იცვამდა... კონფლიქტი ჰქონდა ოჯახშიც. აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ დღემდე გაურკვეველ გარემოებებში გარადაიცვალა მისი შეყვარებულიც.
აი, რას ამბობს "რეფორმატორების" წარმომადგენელი ნინო ჩარკვიანი:
- სრულიად ჯანმრთელი, 18 წლის ყმაწვილი მოულოდნელად გარდაიცვალა, ხოლო მისი დაკრძალვის დღეს, მისმა შეყვარებულმა დალია კალიუმის ციანიდი და თავი მოიკლა. დამიკავშირდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, რომელთაც მითხრეს, რომ ამ გარდაცვალებებს შეიძლება სატანისტურ რიტუალთან ჰქონდეს კავშირი, თუმცა თვითონ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს ვერ ბედავენ. ამბობენ, დუშეთი პატარა რაიონია, ყველა ყველას იცნობს და გვეშინიაო. ამიტომ მთხოვეს, რომ ეს ინფორმაცია მე გამევრცელებინა.
- ანუ ამბობთ, რომ გარდაცვლილები სატანური ჯგუფის წევრები იყვენენ?
- არ ვამბობ, რომ ეს ბავშვები სექტანტური ჯგუფის წევრები იყვნენ, უბრალოდ, მე ვავრცელებ იმ ინფორმაციას, რისი გავრცელებაც ადგილობრივმა მოსახელობამ მთხოვა. უკვე დამიკავშირდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, მათ მივაწვდი იმ დეტალებს, რაც ვიცი. ყველა ნიუანსს ჯერ არ ვამჟღავნებ, რადგან მეშინია, საქმის გამოძიებას არ შევუშალო ხელი. კარგია რომ პოლიცია ამ საქმით დაინტერესდა, იმედია, ყველაფერს გამოიძიებენ. როგორც ვიცი, სექტანტური ჯგუფი ნამდვილად არსებობას, ამას არქიმანდრიტი ანთიმოზიც ადასტურებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ სექტის წარმომადგენელები რიტუალებს ღამით დუშეთის სასაფლაოზე ატარებენ. აქამდე ისინი სასაფლაოზე ცხოველებს აჭრიდნენ თავებს, ახლა კი, როგორც ჩანს, მდგომარეობა ბევრად დამძიმდა და ამ სექტას უკვე მოზარდები ეწირებიან. სატანისტური სექტის საქმიანობაში 50 ბავშვამდეა ჩართული. მოზარდები სხვა თანატოლებისგან გარეგნული მხარითაც გამოირჩევიან, თითოეულ მათგანს აქვს ყვითელი კანი და მასზე ამოსვირინგებული ამოყირავებული ჯვარი, წარწერით: "სიძულვილი". თუმცა რამდენად იყვნენ ამ სექტის საქმიანობაში ეს გარდაცვლილი ბავშვები ჩართული, ვერ გეტყვით. ადგილობრივთა თქმით, გოგონამ კალიუმის ციანიდი დალია, რაც ბუნებრივად აჩენს კითხვას, საიდან მოხვდა არასრულწლოვანი ბავშვის ხელში ეს ნივთიერება?!
ჩვენ ვცადეთ ქალბატონი ნინოს ინფორმაცია ადგილზე შეგვემოწმებინა, ამ საკითხზე ხმამაღლა ლაპარაკს მართლაც ყველა ერიდება, თუმცა გვითხრეს, რომ რამდენიმე ბავშვი, მათ შორის გარდაცვლილი გოგონაც, განსხვავებულად კი გამოიყურებოდა, თუმცა მათ არც ყვითელი კანით უნახავთ ვინმე და არც რაიმე სვირინგით. სექტანტური ჯგუფის წევრების გახმაურებელი რიცხვიც გადაჭარბებული ჰგონიათ, ანუ ეს მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა გარკვეული სექტის არსებობაზე ეჭვი აქვთ და ამბობენ იმასაც, რომ ამგვარი ჯგუფი თუ არსებობს, წარმოუდგენელია ეს მხოლოდ არასრულწლოვანთა ინიციატივა ყოფილიყო და ამ პროცესში ზრდასრული ადამიანების მონაწილეობაზე მიანიშნებენ. თვითონ მოზარდები თქმით კი - მათ მხოლოდ გარეგნული მხარის გამო მიაწერეს სატანისტთა სახელი.
მღვდელი დავით ოქრუაშვილი:
- მარიამის გარდაცვალებამ არა მხოლოდ დუშეთი, მთელი ქვეყანა შეძრა და კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველას, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვართ ძალიან გულგრილი. ამ ტრაგედიაში ყველა დამნაშავეა: ოჯახი, სკოლა, საზოგადოება... მაშინ გამოვფხიზლდებით ხოლმე, როდესაც ვიღაც გარდაიცვლება, ვიდრე ადამიანს უჭირს, ვიდრე მისთვის დახმარების ხელის გაწოდება კიდევ შეიძლება, ჩუმად ვართ, ისე, თითქოს ეს ჩვენი პრობლემა არ არის. საერთოდ, მეჩვენება, რომ ბავშვებს ნაკლებად ვუსმენთ. ოჯახშიც განელდა მოზარდისადმი ინტერესი. დღეს ძალიან ფაქიზად აღსაზრდელი თაობა მოდის, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად საინფორმაციო სივრცეზე უსაზღვრო წვდომა აქვს. ის ფაქტი, რომ მარიამი რაღაც სექტის წევრი იყო, რომ დუშეთში 50 სატანისტია, არის მხოლოდ ჭორი და ვარაუდი... არ შეიძლება, შეღებილი თმის და განსხვავებული გარეგნობის გამო ადამიანებს ასეთი შეფასება მივცეთ. მე არ ვიცნობდი გოგონას, ნანახიც არ მყავს, მაგრამ მისთვის ვლოცულობდი და ძალიან დამწყდა გული, რომ მისი ცხოვრება ასე ტრაგიკულად დასრულდა. ის ფაქტი, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ღამით სასაფლაოზე იკრიბება და გარკვეულ რიტუალებს ასრულებს, აქამდეც მოგვისმენია, ამგვარი ჯგუფის წევრები შეიძლება დუშეთშიც ცხოვრობდნენ, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ კუთხეებში. სამწუხაროდ, ისინი უკვე ბევრნი არიან და შესაბამისი ორგანოები აქამდეც უნდა დაინტერესებულიყვნენ მსგავსი ფაქტებით.
ჩვენ მცხეთა-მთიანეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელს ანანო ჭითანავასაც დავუკავშირდით:
- ამ ორი ახალგაზრდიდან ერთი - ბიჭი თბილისში, დაახლოებით ერთი თვის წინ, გარდაიცვალა. ის წარმოშობით კი იყო დუშეთიდან, მაგრამ ამ საქმეს დუშეთის პოლიცია არ იძიებს. რაც შეეხება გარდაცვლილ გოგონას, ის ნამდვილად მოიწამლა 2 თებერვალს და 27 თებერვალს გარადაიცვალა. დანიშნულია ექსპერტიზა და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება პასუხი თუ რამ გამოიწვია მოწამვლა. გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა).
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუშეთში მოქმედებს სატანისტური ჯგუფი...
- არ ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ადგილი აქვს ამ ჯგუფისაგან სასაფლაოზე მსხვერპლშეწირვებს და ა.შ. არც იმას ვადასტურებთ, რომ გარდაცვლილ გოგონას კავშირი ჰქონდა რაღაც სატანურ ჯგუფთან.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)