რა ელის პატარას, რომელიც დედამ საყვარელს შეატოვა და თურქეთში წავიდა
"ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, ქალს მამაკაცისთვის უთქვამს, - ცოტა ხნით ქვევით ჩავალ, ბავშვისთვის აფთიაქიდან საკვებს ამოვიტან და მალე დავბრუნდებიო. ქალს მხოლოდ საფულე აუღია, ჩაუცვამს და გარეთ გასულა. მამაკაცი ამაოდ ელოდა სახლში მის დაბრუნებას."
"პატარა უამრავმა ადამიანმა ნახა. სულ ტიროდა, გაღიზიანებული იყო. ბუნებრივია, ალბათ იმასაც გრძნობდა, რომ დედისგან მოშორებული იყო, მაგრამ დღეს მშვიდად არის და კარგად უვლიან."
საქართველოში ათასობით წყვილი შვილის აყვანას ცდილობს და წლებია, გასაშვილებელ პატარას ელოდება, უამრავი ქალი ოცნებობს დედობაზე, მაგრამ სამწუხაროდ, მათ გვერდით ცხოვრობენ ისეთი ქალები, რომლებიც უფლის საჩუქარზე უარს ამბობენ და საკუთარ პატარას უპატრონოდ ტოვებენ. არაერთი მიტოვებული ბავშვის ამბავი გაგვიშუქებია, მაგრამ საუბედუროდ, მსგავსი ფაქტები ისევ ხდება. გასულ კვირას, ბათუმში, მესხეთის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში, 8 თვის ჩვილი დედამ უპატრონოდ მიაგდო და თურქეთში წავიდა. პატარა გოგონა დღეს მინდობით აღზრდაშია, მასზე ბევრი ადამიანი ზრუნავს და ალბათ უდედოდ გაიზრდება, მაგრამ მომავალში შესაძლოა, დედამისს საკუთარ საქციელზე პასუხის გაცემა მოუწიოს.როგორც აჭარის ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა, ინგა დავითაძემ გაგვიმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მიტოვებული ჩვილი პატრულის თანამშრომლებს არ უპოვიათ, სოციალურმა მუშაკმა თავად აცნობა სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ და ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში პოლიცია. როგორც ირკვევა, ჩვილი ქალმა თავის საყვარელს დაუტოვა და სახლიდან გაიპარა.
ინგა დავითაძე, სოციალური მუშაკი:
- მამაკაცი მოვიდა აჭარის ბავშვთა ზრუნვის სააგენტოში, ძალიან შეშინებული და შეწუხებული იყო. განაცხადა, რომ 35 წლის ქალმა 8 თვის ჩვილი დაუტოვა და გაუჩინარდა. მამაკაცის ვინაობას ვერ დაგისახელებთ, რადგან მას ჰყავს მეუღლე და შვილები, თუმცა, როგორც ჩანს, პერიოდულად ამ ქალთან დადიოდა მესხეთის ქუჩაზე. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, ქალს მამაკაცისთვის უთქვამს, - ცოტა ხნით ქვევით ჩავალ, ბავშვისთვის აფთიაქიდან საკვებს ამოვიტან და მალე დავბრუნდებიო. ქალს მხოლოდ საფულე აუღია, ჩაუცვამს და გარეთ გასულა. მამაკაცი ამაოდ ელოდა სახლში მის დაბრუნებას. ქალი აღარ დაბრუნებულა. ფაქტობრივად, ბავშვი შეატოვა მამაკაცს. მამაკაცი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამდენიმე საათი უშედეგოდ ელოდა ქალის დაბრუნებას. როცა მიხვდა, დამბრუნებელი არ იყო, თავის ბიძაშვილ ქალბატონს დაურეკა და დახმარება სთხოვა. იმავე საღამოს მივიდა მასთან ნათესავი ქალბატონი, დარჩა პატარასთან და დედის გამოჩენას ელოდა, მაგრამ მეორე დღესაც რომ არ დაბრუნდა, გამოსავლის ძებნა დაიწყეს. ჩვილის ბავშვთა სახლში გადაყვანა განიზრახეს. მამაკაცი ეძებდა ბათუმში ბავშვთა სახლს, მაგრამ ასეთი სახლები უკვე აღარ არსებობს. როცა ყოფილ ბავშვთა სახლში მივიდა, იქ აუხსნეს, რომ ჩვენი სამსახურისთვის უნდა მოემართა. ყველაფერი აგვიხსნა დეტალურად და გვთხოვა, დავხმარებოდით. განცხადება დავაწერინეთ და მივედით იმ ბინაში, სადაც პატარა ჰყავდათ.
- იქ რა სიტუაცია დაგხვდათ?
- ბავშვი მამაკაცის ბიძაშვილ ქალბატონთან ერთად იყო ბინაში. ის უვლიდა. საერთოდ არ იცნობს პატარას დედას. შევამოწმეთ ბავშვი. გადავწყვიტე, პატარა მინდობით აღზრდაში გადამეცა. ბავშვის ფიზიკური განვითარება არ მომეწონა. დათვალიერებისას, თავში შუნტირების კვალი ეტყობოდა, ენცეფალიის ეჭვი მქონდა, ამიტომ გამოვიძახე "სასწრაფო დახმარების" ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. მათ მოსვლამდე სახლი დავათვალიერეთ და იქ ვიპოვეთ პატარა გოგონას დაბადების მოწმობა და მისი ისტორია ანუ ფორმა 100. ჩვილი 8 თვის აღმოჩნდა, მისი წონა, ფიზიკური მონაცემები, მის ასაკთან შეუსაბამოა. პატარა დროზე ადრე, საკეისრო კვეთით არის დაბადებული, 850 გრამი წონით. თუმცა, არ არის მითითებული ისტორიაში, რამდენი თვის ორსული იყო დედა, საკეისრო კვეთა რომ ჩაუტარდა. ჩვილი აპარატულ სუნთქვაზეც არის ნამყოფი. დადასტურდა ჩემი ეჭვები, მისთვის ორჯერ გაუკეთებიათ შუნტირება თავში: ეტყობა, ჩაქცევები ჰქონდა და - იმის გასაწოვად. ქალბატონმა, რომელიც ორი დღე უვლიდა პატარას, მითხრა, რომ ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში დახვდა, დაუბანელი იყო. მან დაბანა, მოაწესრიგა და როცა ჩვენ ვნახეთ, უკეთეს მდგომარეობაში იყო. ფაქტის გახმაურების შემდეგ პატარა უამრავმა ადამიანმა ნახა. სულ ტიროდა, გაღიზიანებული იყო. ბუნებრივია, ალბათ იმასაც გრძნობდა, რომ დედისგან მოშორებული იყო, მაგრამ დღეს მშვიდად არის და კარგად უვლიან.
- დედის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ? ბავშვის მამა ცნობილია?