უნდა ვიგინოთ თუ - არა რუსეთის ჰიმნის მოსმენსას?! - სარაგბო მატჩის წინ საკითხავი ბლოგი - კვირის პალიტრა

უნდა ვიგინოთ თუ - არა რუსეთის ჰიმნის მოსმენსას?! - სარაგბო მატჩის წინ საკითხავი ბლოგი

2014 წელი. 22 თებერვალი. საქართველო-რუსეთი სარაგბო მატჩი.

- ხალხი შეუშვით თორემ ჰიმნები იწყება! - ყვირის დაახლოებით 16-18 წლის ბიჭი

- ჯერ მაინც რუსეთისაა და ჩვენ ჰიმნს მივუსწრებთ, თუ არადა, აქვე ვიმღეროთ. - სთავაზობს გამოსავალს შუა ხნის მამაკაცი

- ძია, მე რუსეთის ჰიმნზე საგინებლად ვარ მოსული, თორემ, სიმართლე გითხრა, რაგბიც მკიდია და ჩვენი ჰიმნიც.

14 მარტს ქართველი "ბორჯღალოსნები" და რუსი "დათვები" კიდევ ერთხელ შეერკინებიან ერთმანეთს და სავარაუდოდ, ქართველები რუსებს კიდევ ერთხელ ღირსეულად "დაამიწებენ." მიხეილ მესხის სტადიონიც ალბათ სრულად გაივსება მაყურებლით (იმ მაყურებლით, რომელმაც პორტუგალიასთან თამაშის დროს " ბორჯღალოსნების" საგულშემატკივროდ წასვლა დაიზარა, რადგან ციოდა) და დიდი ალბათობით ზემოთ მოყვანილი დიალოგი რამე ფორმით კვლავ განმეორდება... არადა, ვისაც რაგბის მატჩის ბილეთი ერთხელ მაინც უნახავს, იქ გარკვევით წერია: "არასწორია, მოვრთოთ სტვენა მეტოქის ჰიმნის მოსმენისას.

ვიცი ბევრი იტყვის: რუსეთი ოკუპანტია და მეტის ღირსები არიანო, მაგრამ მეეჭვება რუსების მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას იმ 15 კაცზე მეტად ვინმე განიცდიდეს, ვინც რუსებს უნდა შეერკინოს, მაგრამ ისინი ჰიმნსაც ბოლომდე უსმენენ, ერთი არასპორტულ ქმედებას არ სჩადიან მატჩის მსვლელობისას, ხოლო თამაში მერე ე.წ. "მესამე ტაიმზეც" მასპინძლობენ ოკუპანტ მეზობელს. დავიჯერო, ვინმეზე ნაკლები პატრიოტები არიან?!

სარაგბო ქვეყნებში არათუ ჰიმნზე არ უსტვენენ, არამედ, როდესაც მეტოქე გუნდის მოთამაშე ჯარიმას ურტყამს, ჩუმდებიან, რათა სპორტსმენს ხელი არ შეეშალოს. არაფერია ამაში გასაკვირი, რადაგან ეს რაგბია, სადაც ურთიერთპატივისცემას დიდი ფასი აქვს...

რაც რუსეთმა ჩვენ გაგვიკეთა, ყველასთვის ცხადია, მაგრამ არანაკლები "პატივი" სცა ინგლისმა შოტლანდიას თუ ირლანდიას, თუმცა ბუნებაში არ არსებობს კადრი სადაც შოტლანდიელი ან ირლანდიელი გულშემატკივარი ჰიმნზე უსტვენდეს.

რუსეთი რომ ოკუპანტია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ გინებით და სტვენით ვაპირებთ ტერიტორიების დაბრუნებას?!

შარშანდელ თამაშზე საქართველოს დროშაზე მეტი უკრაინის დროშა იყო გამოფენილი, მომკალით და ეს ჩვენი ბიჭების შეუარცხყოფა უფრო მგონია, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა. რატომღაც დარწმუნებული ვარ, შაბათსაც იგივე იქნება და პლუს ბანერი -  "სოხუმი ჩემი იერუსალიმი" - ბაჩანა ახალაია".

ჰიმნზე სტვენით და გინებით საკუთარ თავს უფრო ვაყენებთ შეურაცხყოფას ვიდრე მეტოქეს, თუ მაინცდამაინც გვინდა პროტესტი გამოვხატოთ გინებაზე უკეთსი ფორმებიც არსებობს, ბევრად უფრო ცივილური. მაგალითად, ითაოს ვინმემ და დაამზადებინოს დიდი ბანერი სადაც ერთიანი საქართველო იქნება გამოსახული, დავიჯერო გინებას არ აჯობებს?! ჩვენი პატრიოტობა თუ გინებით მტკიცდება, მაშინ მართლა ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე და ამაში უკვე რუსეთი ნამდვილად აღარაა დამნაშავე.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ რუსეთთან თამაშზე მისულთა 60% (შეიძლება მეტიც), რუსეთთან მომდევნო მატჩამდე საერთოდ დაივიწყებს რაგბის არსებობას... კარგად მახსოვს, ავჭალაში გამართულ "ბორჯღალოსანთა" ერთ-ერთ მატჩზე, სტადიონზე რომელზეც 2000-მდე ადამიანი ეტევა, ცარიელი ადგილები იყო. რას ვიზამთ ესპანეთის ნაკრები რუსეთი არაა და რატომ უნდა შევიწუხოთ თავი წასვილსაგან?!

ჰო, მართლა 2015 წელს, ინგლისში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იმართება. მართალია, ჩვენი გუნდის მეტქოე რუსეთი არ იქნება, მაგრამ, მგონი, ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაშის ყურებაც არ უნდა იყოს ურიგო...

პ.ს. ლელო (ლელოს გატანა ეწოდება მოთამაშის შესვლას მოწინააღმდეგე გუნდის ჩათვლის მოედანზე და ბურთის მიწაზე დადებას       (დამიწებას)) - 5 ქულა;

გარდასახვა (ინიშნება ლელოს გატანის შემდეგ და ირტყმება ლელოს გატანის ხაზის გასწვრივ) - 2 ქულა;

ჯარიმა (ინიშნება მაშინ, როდესაც გუნდი დაარღვევს თამაშის წესებს) - 3 ქულა

არეკნი (თამაშის დროს ბურთის დარტყმა, რომელიც ითვლება გატანილად, თუკი ბურთი გაფრინდება მოწინააღმდეგის კარის ძელებს შორის, ხარიხის თავზე) - 3 ქულა