ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები კავკასიელები არიან - კვირის პალიტრა

ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები კავკასიელები არიან

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია. ამის შესახებ "დოჟდის" ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბორტნიკოვი იტყობინება. ასევე ცნობილია ეჭვმიტანილების ვინაობა. ისინი არიან ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი. როგორც რუსეთის პირველი არხის ეთერში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, დაკავებულები კავკასიელები არიან. "პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით, უსაფრთხოების სამსახურმა, შსს-მ და საგამოძიებო კომიტეტმა ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიების მიზნით, ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო კომიტეტი შექმნა. ამ დროისათვის მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები." - განაცხადა ბორტნიკოვმა.

ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, საღამოს, კრემლთან ახლოს, ხიდზე მოკლეს. მას 4 ტყვია ზურგის არეში მოხვდა და ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიება მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის რუსეთში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით პროვოკაციული მკვლელობის ვერსიაზეც. ასევე განიხილება ექსტრემისტების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ვერსიაც.

"ინტერპრესნიუსი"