"მინდოდა, დამესახიჩრებინა. ყურის მოჭრა არ მნდომებია" - ქალზე ძალადობის საშინელი ამბავი
სამურაის ხმლით აჩეხილი ქალის ქმრის აღიარებითი ჩვენება
"2 წლის ბავშვი ჰყავს სახლში და იმას მიხედოს, ნუ დადის ღამის კლუბებში და სახლში გვიან ნუ ბრუნდება."
"დიდხანს ვფიქრობდი როგორი უნდა ყოფილიყო ქალთა დღის მილოცვა საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა ქალების ხმა კვლავ არ ისმის გადაწყვეტილების მიღებისას, განიცდიან ძალადობას და რიგ შემთხვევებში ჩვენ ვერ შევძელით დაგვეცვა მათი სიცოცხლის უფლება. სწორედ ამიტომ არ მინდა გამოვიყენო ლამაზი ფრაზები და მრავალჯერ თქვენთვის ნათქვამი სიტყვები. მინდა გულწრფელი იყოს ჩემი მილოცვა და გისურვოთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზაცია, გაძლიერება, გადაწყვეტილების მიღებისას თანაბარი მონაწილეობა და ძალადობის დამარცხება. გილოცავთ ამ დღეს დიდი იმედით, რომ მომავალ წელს ქალებს ექნებათ განწყობა, რომ იზეიმონ და მიიღონ მოლოცვები." - ასე მიულოცა 8 მარტი ქალებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. გასული 2014 წელი მართლაც აღბეჭდილი იყო ქალთა მიმართ ძალადობის უსასტიკესი ფაქტებით. ერთი წლის განმავლობაში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოკლულია 28 ქალი, დაობლებულია არაერთი პატარა. გადავწყვიტეთ სწორედ დღეს გავიხსენოთ ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც გასულ წელს მოხა. სტატია - "სამურაის ხმლით აჩეხილი ცოლის შემზარავი ამბავი" ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა და მასში რეალური ამბავია მოთხრობილი.
დანაშაული 1914 წლის 22 აპრილს დილით, ვაკეში ერთ-ერთი ბანკის წინ მოხდა. ფრიდონ არჩვაძემ ყოფილ ცოლს სამურაის ხმლით მრავალი დაზიანება მიაყენა. ხალხის თვალწინ ყოფილ ცოლს ხმალი ჯერ მუხლის არეში ჩაარტყა, ქალი იქვე მოიცელა და მიწაზე დაეცა. ამის შემდეგ ფრიდონმა მას ხმლით კოჭის ძვალი ჩაუმტვრია და თითი და ყური მოაჭრა. ამის შემდეგ გზა გადაჭრა და შემთხვევის ადგილი აუღელვებლად დატოვა. ამ დანაშაულს წინ უსწრებდა სხვა ფაქტიც: ფრიდონ არჩვაძემ რამდენიმე თვით ადრე სოფიოს ავტომანქანის საბურავები დაუჭრა. მაშინ მოძალადეს პირობითი მსჯავრი დაედო. მიუხედავად ამისა, მორიგი დანაშაული მაინც ჩაიდინა. საბედნიეროდ, სოფო სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. ფრიდონ არჩვაძისთვის ციხეში ყოფნა უცხო არ არის. ის არაერთხელაა ნასამართლევი ნარკოტიკული დანაშაულისთვის, ასევე სხვა, განზრახ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვისაც. გავრცელებული ინფორმაციით, ფრიდონ არჩვაძემ დაკითხვისას აღიარა თბილისში, ლილოს დასახლებაში 2008 წლის ივნისში ჩადენილი, ორი ქალის მკვლელობა. თქვა, რომ ეს ქალები მოკლა, იმავე დღეს დატოვა საქართველო და უკრაინაში წავიდა. მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, მას ლილოში ჩადენილი ორი ქალის მკვლელობისთვის ბრალს მოგვიანებით წაუყენებენ.
რაც შეეხება თავად ბრალდებულს, პროცესზე საკმაოდ აქტიურობდა. სხდომის დაწყებამდე თავის ადვოკატებს უთხრა: ვიცი, არაფერი გამოვა ამ საქმიდან, ტყუილად თქვენც წვალობთ; დახვრეტა რატომ არ არის, კარგი იქნებოდა, დახვრეტა რომ ყოფილიყოო.
"ფრიდონ არჩვაძე ვარ, დავიბადე 1978 წლის 1-ელ დეკემბერს რუსეთში. სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული. ნასამართლევიც ვარ. თბილისში ვცხოვრობ. ჯვარდაწერილი გახლავართ", - ასე დაიწყო გამოსვლა ბრალდებულმა პროცესზე და თქვა, რომ პროკურატურას ბრალის ფორმულირებაში არ ეთანხმება. განაცხადა, - ცოლის მოკვლა კი არა, მისი დასახიჩრება მინდოდაო.
"მე რომ სოფოს მკვლელობა მნდომოდა, არ გამიჭირდებოდა, ხელში სამურაის ხმალი მეჭირა. დეკორატიული ხმალი იყო, იაპონური, მაგრამ კარგად ჭრიდა. მისი მოკვლა რომ მნდომოდა, ისეთ ადგილას დავარტყამდი, პირდაპირ მოვკლავდი. მით უფრო, როგორც პროკურორი ამბობს, პროფესიონალი მკვლელი ვყოფილვარ და ორი ადამიანი მყავს მოკლული. არც იარაღის შოვნა გამიჭირდებოდა და ხმალს კი არა, იარაღს დავიჭერდი ხელში. შურისძიება იყო აქ ნახსენები. მითხარით, რატომ უნდა მეძია შური ჩემს ყოფილ მეუღლეზე, ჩემი შვილების დედაზე? მას განქორწინებისთანავე მივეცი ბინა ოქროს უბანში, უზრუნველვყავი სამსახურით, სისტემატურად ვეხმარებოდი მატერიალურად. ჩემი მაცივარი ნახევრად რომ იყო სავსე, მისი ისე იყო სავსე, რომ მეორე სჭირდებოდა. რის გამო უნდა მეძია შური, ჩემი შვილების გაზრდისთვის? შურისძიება არ ყოფილა. აბსურდული სიტყვა მგონია ეს. მე არ უარვყოფ, რომ საშიში ვარ სოფოსთვის. ის გავაფრთხილე, შვილებისთვის მიეხედა და არ ევლო ღამის კლუბებში. ფეხები სწორედ იმიტომ დავუზიანე, მინდოდა, ცეკვა ვერ შეძლებოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი მთავარი მოტივი სწორედ ეს იყო, - სოფოს არ ეცეკვა. ყელში მაქვს ამოსული მისი ცეკვები.
2 წლის ბავშვი ჰყავს სახლში და იმას მიხედოს, ნუ დადის ღამის კლუბებში და სახლში გვიან ნუ ბრუნდება. შლაგბაუმიან კორპუსში ცხოვრობს, თავისუფლად შეგვიძლია გადავამოწმოთ, რომელ საათზე ბრუნდება შინ. ფაქტობრივად, კვირაში 5-ჯერ "ცეკვის დღე"აქვს და მინდოდა, ეს მომესპო, ამას მივაღწიე, ცეკვა მოვუსპე. ამიტომაც გადავტეხე მუხლებში. სიცოცხლისთვის საშიშ ადგილებშიც რომ აქვს ჭრილობები, ეს კი მეწყინა. რა ვქნა, ასე მოხდა, ყველაფერს ვერ გათვლის ადამიანი. არ ვარ პროფესიონალი კილერი. თავში ჭრილობა არ მიმიყენებია. ძალიან შევეცდები, აღვიდგინო, სად არის ახლა დანაშაულის იარაღი. ვიცი, მისი პოვნა ჩემთვისაც სასარგებლო იქნება. კარგად ალესილი ხმალი იყო, სხვა ადგილებში როცა ვურტყამდი, ხმალი მოღუნული მქონდა და ისე ვურტყამდი. ამის დანახვა შეიძლება იმ კამერებითაც, რომელიც იქ არის. მოკვლა რომ მნდომოდა, მერწმუნეთ, მაქვს იმის მატერიალური შესაძლებლობაც, რომ უკეთესი იარაღით მივსულიყავი იქ და მომეკლა სოფო. მინდოდა, დამესახიჩრებინა. რაც შეეხება ყურს, ყურის მოჭრა არ მნდომებია, ეს შემთხვევითობა იყო. სიმართლე თუ გაინტერესებთ, გეტყვით: მინდოდა, "შრამი"დარჩენოდა ჩემგან სოფოს სახეზე, რომ სულ დავმახსოვრებოდი და ამიტომ ვცდილობდი სახის დაზიანებას. ამ დროს ყურში შემთხვევით მოხვდა ხმალი. სადაც მინდოდა, კარგად ჩამერტყა, შევძელი. სოფო ისე მყავდა, როგორც ადამიანი საოპერაციო მაგიდაზე. ოპერაციასაც კი ჩავუტარებდი, თუ მინდოდა. ვერავინ გამიწევდა წინააღმდეგობას. სადაც მინდოდა, დავარტყი და შემდეგ დინჯი ნაბიჯებით წამოვედი... მართლა არ მახსოვდა, ამის მერე დედაჩემსა და ჩემს დას რომ დავურეკე. ალბათ დარეკვის ერთადერთი მოტივი ის იქნებოდა, გამერკვია, გადარჩებოდა თუ არა სოფო. პოლიციელებსაც შეგიძლიათ ჰკითხოთ, სულ იმას ვკითხულობდი, - გადარჩება-მეთქი? არა იმიტომ, რომ სასჯელს გავურბივარ და ჩემს თავზე ვფიქრობ. მართლა მაინტერესებს მისი ჯანმრთელობა და ეს ყველა თქვენგანზე მეტად მე მაღელვებს. ყველაზე მეტად მე მინდა, რომ სოფო ცოცხალი იყოს. იმ დროს 30 ცალი რელანიუმი მქონდა გაკეთებული, 15 მილიგრამ ტროპიკამინთან ერთად, და არ მახსოვს, ხმალი სად წავიღე... პატიმრობას ვეთანხმები, მაგრამ გაფრთხილებთ, სადაც მე მომათავსებენ, იქ პატიმრები უნდა მიფრთხილდნენ. უსამართლობას ვერ ვიტან და ასეთ რამეს თუ დავინახავ, შეიძლება, უარესი ჩავიდინო ციხეში.
- რომ დაგაკავეს და ბრალი წაგიყენეს, პოლიციელების მხრიდან რაიმე დარღვევას ხომ არ ჰქონია ადგილი? - ჰკითხა მოსამართლემ.
- მოდი, პოლიციას თავი დავანებოთ. ადამიანი როცა იმას ჩაიდენს, რაც მე ჩავიდინე, მან სხვაზე რა უნდა ილაპარაკოს?"
თეა ხურცილავა
იხილეთ ასევე:
სამურაის ხმლით აჩეხილი ცოლის შემზარავი ამბავი
SOS! ქალები, რომლებიც 2014 წელს ოჯახურ ძალადობას ემსხვერპლნენ