"ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და მითითებით დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა"
"ხელისუფლებაში იყო ჯგუფები, რომლებმაც კორუფციული გარიგებებითა და არასწორად ჩატარებული ტენდერებით დიდი ფული იშოვეს."
"საქართველოში ჩამოყალიბდა ჩინოვნიკთა კასტა, რომელიც დისტანცირებულია ყველა პროცესისგან და ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ისინი არც ფულს იპარავენ, არც ქრთამს იღებენ, სხედან რბილ სავარძლებში, იღებენ მაღალ ხელფასებსა და პრემიებს... და არაფერს აკეთებენ."
გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ქვეყანაში არაერთი კორიფციული სქემა გაიშიფრა, დააკავეს არაერთი ადამიანი, ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტ ხმაურს მოერიდნენ და უბრალოდ, ჩინოსნები თანამდებობებიდან გაუშვეს. ცნობილია, რომ კონტროლის პალატა და სამართლადამცავები კიდევ არაერთ შემთხვევას სწავლობენ.
რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ერთბაშად დაენახა მის წიაღში გაჩენილი კორიფციის ნიშნები და დაეწყო მასთან ბრძოლა?! გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი მამუკა არეშიძე სახელისუფლო რგოლებში გამოვლენინ კორუფციულ ფაქტებზე ლაპარაკობ და აცხადებს: "წინა ხელისუფლებისას მეფობდა ელიტური კორუფცია, ახლა კი სახეზე გვაქვს ქვედა რგოლების კორუფცია. არ ვიცი, იქნებ, მეტასტაზები ზემოთაც წავიდა, თუმცა, ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს. რაც შეეხება ამ მოვლენებთან ბრძოლას, ეს პროცესი რომ მიშვებული იყო, ცხადია. გასული წლის ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში, დაიწყო ამ უბედურებასთან სერიოზული ბრძოლა, თუმცა მანამდე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არაფერი გაკეთებულა. ხელისუფლებაში იყო ჯგუფები, რომლებმაც კორუფციული გარიგებებითა და არასწორად ჩატარებული ტენდერებით დიდი ფული იშოვეს.
ეს განსაკუთრებით რეგიონებს ეხება. ე.წ. ტენდერების მაფია დროზე უნდა აღმოიფხვრას, თორემ ეს ვირუსი ეკონომიკას გუდავს. მართალია, არ მაქვს მტკიცებულება, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და მითითებით დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა. გაგახსენებთ, სწორედ ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაიწყო ე.წ. კახელების საქმე, რომელსაც მიჰყვა სხვა პროცესები. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრი თანამდებობის პირი დააკავეს, გადააყენეს... ამის შველა თავიდანვე შეიძლებოდა, მაგრამ... რომ ეშველათ და ძირშივე აღმოეფხვრათ, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა აჭარაში, ოზურგეთში, თბილისში და ა.შ.
... მთავრობამ ორი წლის განმავლობაში კარგად იცოდა, რომ რეგიონებში არაფერი კეთდებოდა, ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი გაჩერებული რომ იყო, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ ამის შესაცვლელად. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაცამ არსებული ვითარების თაობაზე ამბავი მიუტანა და სწორად დაუხატა სურათი ბიძინა ივანიშვილს და მისგან წამოვიდა შესაბამისი ბრძანება, ამიტომაც დატრიალდნენ ასე..."
ის ასევე ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას აფასებს: "რაც დღეს ეკონომიკური მიმართულებით ხდება, მართლაც საოცრებაა - საქართველოში ჩამოყალიბდა ჩინოვნიკთა კასტა, რომელიც დისტანცირებულია ყველა პროცესისგან და ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ისინი არც ფულს იპარავენ, არც ქრთამს იღებენ, სხედან რბილ სავარძლებში, იღებენ მაღალ ხელფასებსა და პრემიებს... და არაფერს აკეთებენ. უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც ქართულ რეალობაში ახალი მოვლენაა. არაერთი საუკეთესო პროექტია მომზადებული, რომელმაც ვერა და ვერ გადალახა ეს ბიუროკრატიული უპასუხისმგებლობა და ვერ ამოქმედდა. მაგალითისთვის მოვიტან ავტობუსების ასაგები ქარხნის პროექტს, რომელიც თემქაზე უნდა განხორციელებულიყო და რომელსაც დღის სინათლე ვერა და ვერ ეღირსა... ისევ რაღაც მოლაპარაკებები მიდის, ქაღალდომანიაშია დაკარგული ქვეყანა... ეს თუ არ დასრულდა, არანაირი ეკონომიკური წინსვლა არ იქნება..."