რატომ დაიბარა პრემიერმა უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი კანცელარიაში?! - კვირის პალიტრა

რატომ დაიბარა პრემიერმა უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი კანცელარიაში?!

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს გაებუტა

"ვფიქრობ, ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში დანიშნული რიგგარეშე სხდომა და დებატები არა პრობლემის გადაჭრის მიზანს, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტისთვის დანიშნული აქციის წინ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ემსახურება"

პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის თანამშრომლობა ვერც ამჯერად შედგა, თუ დილით კოალიციის რიგი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისთვის ემზადებოდა, შუადღისკენ მმართველი გუნდის წევრმა გოგი თოფაძემ კოლეგებს გეგმების ცვლილების შესახებ ამცნო და შეხვედრა, ფაქტობრივად, ჩაშლილად გამოაცხადა. მოგვიანებით, პარლამენტის პრესსამსახურმაც განმარტა, რომ აღნიშნული შეხვედრა ორივე მხარის შეთანხმებით გადაიდო...

არადა, გოგი თოფაძისა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელით გავრცელებულ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, "რესპუბლიკელმა"თინა ხიდაშელმა დღის განმავლობაში, მმართველი გუნდისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა და მიმდინარე საკითხებზე ერთობლივი მსჯელობა დააანონსა. ხიდაშელმა ისიც განმარტა, რომ უმრავლესობის წევრების პრეზიდენტთან შეხვედრა ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, როცა სახელმწიფოს მეთაური სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ხვდებოდა, თუმცა კომუნიკაცია ამ დრომდე პარლამენტის გადატვირთული დღის წესრიგის გამო ვერ მოხერხდა. მას არც ის დაუმალავს, რომ შეხვედრას "რესპუბლიკელების"მხრიდან დავით ბერძენიშვილი დაესწრებოდა, თუმცა ფაქტია, მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა - როგორც "კვირის პალიტრასთან"პრეზიდენტის პრესასამხურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ადმინისტრაციას დავით საგანელიძე დაუკავშირდა და გიორგი მაგველაშვილისგან შეხვედის გადადება მოითხოვა... ინფორმაციას დავით საგანელიძეც ადასტურებს და განმარტავს, რომ ეკონომიკურ საკითხებზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი სხდომის ჩატარებას გეგმავს. იგივეს ამბობს გოგი თოფაძეც და მიიჩნევს, რომ მტკივნეულ საკითხებს პრეზიდენტთან შეხვედრა ვერ გადაჭრის, მითუმეტეს, რომ რამდენიმე დღეში პარლამენტში რიგგარეშე სხდომა დაინიშნა: "მოგეხსენებათ, 13 მარტს პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა დანიშნა, ამიტომ რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან, არა მგონია, საქმიანი იყოს და პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმაროს. ამ საკითხზე უმრავლესობის სხვა წევრებთანაც ვიმსჯელეთ და ჩავთვალეთ, რომ რიგგარეშე სხდომამდე პრეზიდენტს არ შევხვდებით".

მოკლედ, ცხადია, რომ მმართველი კოალიციის ნაწილი პარლამენტის რიგგარეშშე სხდომის დანიშვნის გამო პრეზიდენტს გაებუტა, მათ შორის უმრავლესობაც. პარლამენტარმა გედევან ფოფხაძემ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით 13 მარტს დანიშნული რიგგარეშე სხდომა "ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირა: "ვფიქრობ, ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში დანიშნული რიგგარეშე სხდომა და დებატები არა პრობლემის გადაჭრის მიზანს, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტისთვის დანიშნული აქციის წინ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ემსახურება". უმრავლეოსობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის მაინც და მიანც იმ დღეს დანიშვნა, როდესაც პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს ელოდებიან, არაკორექტული და არაკოლეგიალურია.

ჩვენი ინფორმაციით, სახელისუფლო გუნდში მორიგი უთანხმოებით პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაინტერესდა და გოგი თოფაძესთან ერთად, რამდენიმე დეპუტატი კანცელარიაში დაიბარა... ლაპარაკი, სავარაუდოდ, დღეს განვითარებულ მოვლენებს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და შემქნილ ვითარებაში უმრავლესობის სამოქმდო გეგმას შეეხება. დღემდე უცნობია დაესწრება უმრავლესობა რიგგარეშე სხდომას, თუ -არა, ან მივა კი მთავრობა პარლამენტში, რასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)