"სააკაშვილის დედა, გიული ალასანია თვითონ ითხოვდა წილებს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის დედა, გიული ალასანია თვითონ ითხოვდა წილებს"

"ამ საქმეში მოწმის სახით ჩვენება მისცა ბრიტანეთის იმჟამინდელმა ელჩმა"

"მალე ყველა გაიგებს, თუ რა მეთოდებით ცდილობდა "ნაციონალური მოძრაობა" ზაზა ოქუაშვილისთვის ბიზნესის "ახევას"

"ამ პროცესში ჩართული იყო სააკაშვილის მრჩეველი ეკონომიურ საკითხებში გიგა ბედინეიშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ გვჭირდება ამდენი ფული და 51%, ანუ საკონტროლო პაკეტიო."

მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებებს პროკურატურაში ახლახან შექმნილი სპეციალური დეპარტამენტი გამოიძიებს, საქმე ძირითადად შეეხება საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევებს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება აქამდეც მიმდინარეობდა. ამ რამდენიმე დღის წინ ირაკლი ბათიაშვილმა ერთ-ერთი ასეთი საქმის გახსნა უახლოესი მომავლისთვის დააანონსა. ლაპარაკია ტელეკომპანია "იბერიასა" და ზოგადად, კომპანია "ომეგაზე". "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში, მედიაზე შეტევას ერთ-ერთი პირველი ტელეკომპანია "იბერია" ემსხვერპლა. ტელევიზია დაიხურა... მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მფლობელისგან ტელევიზიის წილის დათმობას და სხვაზე გაფორმებას ითხოვდნენ.

გვესაუბრება ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ საქმეში ერთ-ერთი მოწმეა:

- სააკაშვილის ხელისუფლება, ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე, ტელეკომპანიებს დაერია. მათი მიზანი ყველა მათგანის გაკონტროლება იყო. ტელეკომპანია "იბერია" იყო პირველი, რომლის ხელში ჩაგდებაც მოინდომეს. "იბერია" იყო დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი ტელევიზია, რაც ბუნებრივია, სააკაშვილს არ აწყობდა. გემახსოვრებათ, რომ "იბერიის" მერე, ტელეკომპანია "202" დახურეს, შევარდნენ "იმედში..." ეს იყო სააკაშვილის სტილი და ამას არც მალავდა. სახელმწიფო რეკეტის პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო ტელეკომპანია "იბერია" და ზოგადად კომპანია "ომეგა", რომელიც იყო დიდი ჰოლდინგი (მასში შედიოდა: ფაბრიკა, სტამბა და სხვ).

- რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ თქვენი დაკითხვა?

- ჩემს გარდა ალბათ კიდევ ბევრ სხვასაც დაკითხავენ. როგორც ვიცი, "ომეგას" ხელმძღვანელი, ბატონი ზაზა ოქუაშვილიც უკვე დაკითხეს. პროკურატურას უკვე ძალიან ბევრი მასალა აქვს შეგროვილი. მე ვიყავი ბევრი რამის უშუალო მოწმე. ბატონი ზაზა და მისი ოჯახი ჩემი დიდი ხნის ახლობლები არიან, ამიტომ იმ პერიოდში, როდესაც "იბერიის" წინააღმდეგ ეს პროცესი დაიწყო, მუდმივი ურთიერთობა მქონდა ზაზასთან და ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი. მომსწრე გავხდი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანის და ზაზა ოქუაშვილის საუბრის. ის პიროვნება ჩემს იქ ყოფნას არ ელოდა და ძალიან შეცბა როდესაც დამინახა. კონკრეტულად ვინ, ამის თქმისაგან თავს შევიკავებ, რადგან არ მსურს გამოძიებას რაიმე ფორმით ხელი შეეშალოს. ეს ყველაფერი ჩემს ჩვენებაში მოვყევი. როგორც ვხვდები, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ეს გამოძიება დასრულდება და მალე ყველა გაიგებს, თუ რა მეთოდებით ცდილობდა "ნაციონალური მოძრაობა" ზაზა ოქუაშვილისთვის ბიზნესის "ახევას", ასევ ყველა გაიგებს, თუ ვინ იყო ამ საქმეში ჩართული და სხვ. ბევრ საინტერესო დეტალს. დამერწმუნეთ, ძალიან ცნობილი გვარები წარმოჩინდება.

- შეგიძლიათ რომელიმე კონკრეტული გვარი დაასახელოთ?

- ამ ტერორის მთავარი პერსონაჟი და ავტორი მიხელ სააკაშვილი იყო. ასევე ჩართულები იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი, დავით ბეჟუაშვილი და სხვ. მე შეგნებულად არ ვასახელებ კიდევ რამდენიმე ძალიან ცნობილ გვარს, რომელთა ვინაობასაც საზოგადოება გამოძიების დასრულების შემდეგ გაიგებს.

- ეს ადამიანები დღესაც პოლიტიკაში არიან?

- მოდით, ასე ვთქვათ, ეს ადამიანები საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები არიან. "იბერიის" წართმევის პროცესი ძალიან ხანგრძლივი იყო. მოგეხსენებათ, ჯერ შინაგანი ჯარი შევარდა ტელეკომპანიაში, ეს იყო ვანდალური შეჭრა, გაანდაგურეს თითქმის ყველაფერი და ამის ფონზე ცდილობდნენ ზაზა ოქუაშვილი ეიძულებინათ დათანხმებოდა საკონტროლო პაკეტის გადაცემას. ზაზასთან მიდიონენ სხვადსხვა პიროვნებები და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ამდენი პროცენტი სააკაშვილის იქნება, ამდენი - ოქრუაშვილის, ამდენი - ვიღაცის და სხვ. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს პიროვნებები ძალიან ცნობილი ადამიანები არიან. ზაზას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თუ ამას არ გააკეთებ დაგიჭერთ და ამას ნამდვილად გააკეთებდნენ, მაგრამ ზაზა ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და უცხოეთში წავიდა. ამის მერე მოქმედი პირები იცვლებიან და საქმეში ერთვება სააკაშვილის ოჯახი: ქალბატონი გიული ალასანია, რომელიც თვითონ ითხოვდა გარკვეულ წილებს. ასევე წილებს ითხოვდა გიულის მამა, ანუ სააკაშვილი ბაბუა. ისინი ითხოვდნენ არა მარტო წილებს, არამედ საკონტროლო პაკეტსაც. ეს ისეთი ფაქტებია, რომელსაც ბევრი მოწმე ჰყავს. სხვათა შორის, ამ საქმეში მოწმის სახით ჩვენება მისცა ბრიტანეთის იმჟამინდელ ელჩმა, ასევე ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქემ. ამ პროცესში ჩართული იყო სააკაშვილის მრჩეველი ეკონომიურ საკითხებში გიგა ბედინეიშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ გვჭირდება ამდენი ფული და 51% ანუ საკონტროლო პაკეტიო. სააკაშვილი რა თაღლითიც იყო თავიდანვე ვიცოდი (სამწუხაროდ, ხალხის უმეტესობა მოტყუვდა), მაგრამ ასეთი სულსწრაფი პიროვნება, თუ იქნებოდა ამას ნამდვილად არ ველოდი. სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რისთვისაც ხელისუფლებაში მოვიდა, იყო დიდი ქონების დაგროვება, რაც მოახერხა კიდეც. რაც მე ვილაპარაკე და უფრო მეტიც, გამოძიების მიერ გამყარებული იქნება სერიოზული მტკიცებულებებით, ფაქტებით, შესაძლოა ჩანაწერებითაც... ეს საქმე მალე გაიხსნება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)