ქართულ ანბანს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანენ?!
ქართულ ანბანს არამატერიალური კულტურილი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საქართველოში უკვე მიენიჭა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, მარტის ბოლოს, ქართული ანბანისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მისანიჭებლად იუნესკოში შესაბამის, სრულ ინფორმაციას წარადგენენ.
ამ საკითხს საბოლოო გადაწყვეტილებამდე იუნესკო 2 წლის ვადაში განიხილავს. "თუ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება უდიდესი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის." - აცხადებს მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე.
იუნესკოში ნომინაციის წარსადგენად მზადება გულისხმობს ფილმის გადაღებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას და სხვა მსოფლიო კომიტეტის მიერ დადგენილი ნორმების შესრულებას. სავარაუდოდ, უკვე მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში იუნესკოში მსოფლიო მემკვიდრეობის არამატერიალურ ნუსხაში შესასვლელად წარდგენილი იქნება ქართული ანბანი.