პედაგოგები დაპირებულ გაზრდილ ხელფასებს ვერ მიიღებენ?!
რას უწუნებენ ექსპერტები პედაგოგთა შეფასების ახალ სქემას?
"პრატიკულად, მნიშვნელოვანი ფინანსური მატება გათვალისწინებული არ არის. სახელმწიფოს პროგნოზის მიხედვით, შემდეგი სამი წლის განმავლობაში პირველიდან მეორე კატეგორიაში დაახლოებით 15 ათასი მასწავლებელი გადავა, რისთვისაც ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია. თუმცა, ეს რაოდენობა 20 ათასამდე თუ გაიზრდება, როგორ მოხდება მათთვის ხელფასის მატება? ეს სამინისტროს გათვალისწინებული არ აქვს."
მასწავლებლის შეფასების ახალი სქემა მზად არის! ცნობილია, რომ გამოიყოფა მასწავლებელთა ოთხი კატეგორია: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. სქემის მიხედვით, ერთიდან მეორე კატეგორიაში გადასვლისას მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება. თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს ანაზღაურება მეტისმეტად მიზერულია. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე წელს პედაგოგები დაპირებულ გაზრდილ ხელფასებსაც ვერ მიიღებენ, ადვილი მისახვედრია, რომ თამარ სანიკიძის "კარზე" უკმაყოფილო პედაგოგთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია მოგროვდება. რაც შეეხება მასწავლებლის შეფასების ახალ სქემას, რომელიც სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა, 19 თებერვალს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, სქემა ერთიანი სისტემაა, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია პედაგოგის მომზადება პროფესიისთვის, დოკუმენტში ასახულია როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო პროგრამა, პროფესიაში შესვლის გზები და პედაგოგთა ხელშეწყობა კარიერულ წინსვლაში. შეგახსენებთ, რომ შაშკინისეულმა სერტიფიცირების გამოცდამ სრული კრახი განიცადა. საქართველოში დაახლოებით 70 ათასი პედაგოგია. სერთიფიცირების გამოცდა კი მხოლოდ მცირე ნაწილმა ჩააბარა. განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სერთიფიცირების გამოცდას არაადეკვატური უწოდა. შესაბამისად, არსებული სქემა გააუქმეს და ახალი შეიმუშავეს. თუმცა, რამდენად გაამართლებს ახალი სქემა მინისტრისა და პედაგოგების მოლოდინებს, ამა დრო გვიჩვენებს.
ექსპერტების შეფასებით, ახალი სქემის კრიტერიუმები საკმაოდ ბუნდოვანია. პროფესორი, განათლების საკითხებში ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ნაცვლად იმისა, რომ სახელმიწიფომ პედაგოგთა განვითარებას ხელი შეუწყოს, თანდათან ამკაცრებს რეგულაციებს განათლების სფეროში.
"სქემის მოთხოვნების ფორმალურად შესრულება რთული არ იქნება, თუმცა, იმ მასწავლებლებს, რომლებიც აქამდეც აქტიურები იყვნენ და საკუთარი განვითარებისთვის ზრუნავდნენ, მათთვის ზედმეტი თავისტკივილი იქნება. იმისათვის, რომ სახელმწიფომ დაადგინოს მასწავლებელი მის მიერ შემუშავებული სისტემით მუშაობს თუ - არა, ამისთვის მასწავლებელმა უამრავს პროცესს ფორმალიზება უნდა გაუწიოს. მაგალითად, რა ჰქვია გაკვეთილს, რა ჰქვია სხვა მასწავლებელთან ურთიერთობას, ტრენინგს, კონფერენციასდა ა.შ. ეს ერთი მხრივ ძალიან დიდ ბიუროკრატიას გააჩენს, ხოლო მასწავლებლების ნაწილისთვის შეიძლება თავსმოხვეული ზედმეტი სამუშაო იყოს." - ამბობს ჯანაშია.
მისივე თქმით, ახალ სქემაში ბიუჯეტის დაგეგმვის თვალსაზრისითაც ხარვეზებია. კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლის შემთხვევაში ხელფასის მატება საკმაოდ მიზერულია: "პრაქტიკულად, მნიშვნელოვანი ფინანსური მატება გათვალისწინებული არ არის. სახელმწიფოს პროგნოზის მიხედვით, შემდეგი სამი წლის განმავლობაში პირველიდან მეორე კატეგორიაში დაახლოებით 15 ათასი მასწავლებელი გადავა, რისთვისაც ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია. თუმცა, ეს რაოდენობა 20 ათასამდე თუ გაიზრდება, როგორ მოხდება მათთვის ხელფასის მატება? ეს სამინისტროს გათვალისწინებული არ აქვს."- ამბობს ჯანაშია.
ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებლები ერთმანეთის მუშაობას შეამოწმებენ. თუმცა, რამდენად ობიექტური შემფასებლები იქნებიან, ეს სხვა საკითხია.
"მასწავლებლები ხედავენ, რომ ყოველი ახალი მთავრობა მათ ახალ მოთხოვნებს უყენებს, ამიტომ, რომელიმე მთავრობის მოთხოვნის გამო მასწავლებლის გათავისუფლება მათთვის საინტერესო არ იქნება. რატომ უნდა გაიფუჭოს ადამიანმა საკუთარ კოლეგასთან ურთიერთობა თუ იცის, რომ ეს მოთხოვნები დროებითია?!" - ამბობს ჯანაშია.
ახალ სქემაში პროფესიულ საგანში გამოცდა კვლავ პრიორიტეტულია. ამ ფაქტს დადებითად მიიჩნევს აკადემიკოსი ზურაბ ვახანია. თუმცა, სქემასთან მიმართებაში შენიშვნები მასაც აქვს.
"მასწავლებლის პრაქტიკული სამუშაო ძალიან დაბალი ქულებით ფასდება, რაც ცუდია. გამოდის, რომ ისევ ბიუროკრატიის ხარჯზე მოხდება პედაგოგთა შეფასება. მასწავლებელს შეუძლია რაღაც ტესტი მოამზადოს და კლასში ჩაატაროს, წლის ბოლოს კიდევ ერთი ტესტირება ჩაატაროს, შემდეგ დაწეროს რა სხვაობა მიიღო და იტყვის კვლევა ჩავატარეო. ამის გაკეთება ყველას შეუძლია. გამოდის, რომ მესამე კატეგორიაში ყველა უნდა გადაიყვანონ? შეფასების კრიტერიუმები საკმაოდ გაუგებარია. რაც შეეხება ხელფასების მატებას, მეტისმეტად მიზერულია. რეალურად, ხელფასის მატება მესამედან მეოთხე კატეგორიაში გადასულებისთვის გაისად გაზაფხულზე თუ მოხდება. ფაქტობრივად, წელს პედაგოგები გაზრდილ ხელფასს ვერ მიიღებენ." - ამბობს ვახანია.
სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)