"ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ" - ვერა პუტინას უკანასკნელი სურვილი - კვირის პალიტრა

"ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ" - ვერა პუტინას უკანასკნელი სურვილი

"მამინაცვალი ვოვას არა სცემდა, მაგრამ არც გულზე ეხატებოდა... დღე ისე გავიდოდა, ხმას არ გასცემდა.ვოვა განიცდიდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა" - ვლადიმირ პუტინის სავარაუდო ბავშვობა

"წყნარი, ჩუმი ბიჭი იყო. მისი გაკეთებული "ლაგატკა" ახლაც შენახული მაქვს. მეზობლის ქათმებს ესროდა ხოლმე."

"საქართველოში ვინც რა უნდა ის დაარქვას, მაგრამ მე პუტინს ვაღიარებ თავის ქვეყნის პატრიოტად. საქართველოს მტერი რუსი იქნება, მონღოლი თუ ევროპელი, ყველას დედა ვატირე, მაგრამ ყველა პატრიოტ კაცს ვენაცვალე..."

ზუსტად 15 წლის წინ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინი აირჩია, კასპის რაიონის სოფელი მეტეხი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ერთ-ერთი სახლი მეტეხში პუტინის თვითგამოცხადებულ ნათესავებს, კონკრეტულად კი, ვერა პუტინას და მის შვილებს ეკუთვნისთ. ქალბატონი ვერა თავს რუსეთის პირველი პირის ბიოლოგიურ დედად მიიჩნევს. კამერებთან არა, მაგრამ პირად საუბრებში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობის შესახებ გავრცელდა, 89 წლის ვერა პუტინა ლოგინად ჩავარდა. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ მისმა ქალიშვილმა, ლუბა ოსეფაშვილმაც დაგვიდასტურა: ,,დედაჩემი ისე ცუდად არის ლოგინიდან ვერ დგება. ვირუსი შეხვდა. წნევები მაღალი აქვს." ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში ვერა პუტინა სახლიდან ეზოში გამოვიდა, მაგრამ ჩვენი დანახვისთანავე, უკან შებრუნდა.  ქალბატონი ვერა და მისი ქალიშვილები ბოლო დროს ჟურნალისტებს აღარ სწყალობენ. მეტეხში ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ ვერა პუტინასა და მის შვილებს ამ საკითხზე ლაპარაკი "ზემოდან" აუკრძალეს. იმასაც ამბობენ, რომ ვერა პუტინას შვილის, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის ბავშვობის ფოტოები იმავე ხალხმა წაიღო და არ დააბრუნა, ვინც მათ ლაპარაკი აუკრძალა.

ვერა პუტინამ 2001 წელს ვრცელი ინტერვიუ მისცა გაზეთ "კვირის პალიტრას", რომელში წვრილად ყვებოდა საკუთარ ისტორიას და იმასაც რატომ მიიჩნევდა რუსეთის პრეზიდენტს საკუთარ შვილად.

გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან:

- დავიბადე და გავიზარდე პერმის ოლქის ქალაქ ოჩორაში. სასწავლებელი რომ დავამთავრე, პრაქტიკაზე ტაშკენტში გამაგზავნეს. იქ ერთი ბიჭი შემიყვარდა, პლატონი ერქვა. მასაც ძალიან ვუყვარდი და მპირდებოდა, ცოლად მოგიყვანო. ორსულად ვიყავი, როცა თავისი ქალაქიდან (ვერა დეიდას არ უთქვამს, საიდან იყო პლატონი) ამანათი მიიღო. გავხსენი. შიგ წერილი იდო. ამ წერილით გავიგე, რომ იგი ცოლშვილიანი ყოფილა. ძალიან გავბრაზდი, დანახვა აღარ მინდოდა მისი, მაგრამ ბავშვს ხომ ვეღარ მოვიცილებდი?.. მერე გაჩნდა ვალოდია. ვზრდიდი ჩემს ვოვას და ვიყავი ჩემთვის. არ გასულა დიდი დრო და "ტანცებზე" გავიცანი ქართველი სამხედრო, რომელიც მალე უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. ეს გახლდათ გიორგი ოსეფაშვილი, ჩემი დანარჩენი ხუთი შვილის მამა. მას დანახვისთანავე შევუყვარდი და ცოლობა მთხოვა. არ დავუმალე, რომ შვილი მყავდა, მაინც არ დაიხია უკან და დავთანხმდი მე სულელი..

- რატომ სულელი? ნანობთ, რომ საქართველოში ჩამოხვედით?

- მაგანაც მომატყუა (იცინის). რა აღარ მითხრა: თბილისში დიდი სახლი მაქვს, "კაროჟნასავით" გაცხოვრებო, შენს შვილსაც ვუპატრონებო და რა ვიცი, ათას რამეს შემპირდა. თბილისის დიდი სახლის მაგივრად კი მეტეხში წამიყვანა, სადაც ნახევრად დანგრეული ქოხი დამხვდა. აბა, ტყუილი არ იყო? მაგრამ ვეღარ წამოვედი იქიდან, მისგან ბავშვს ველოდი. მამაჩემმა რომ გაიგო, ქართველს გავყევი ცოლად, კინაღამ გაგიჟდა. ისე მოკვდა, არც იგი და არც ჩემი ძმები ჩემს სანახავად მეტეხში არ ჩამოსულან. ამასობაში ვოვა ძალიან მომენატრა და დედაჩემს შევუთვალე (ქმარი იქით არ მიშვებდა), შვილი შენ ჩამომიყვანე-მეთქი.

- რამდენი წლის იყო ვალოდია, როცა მეტეხში ჩამოგიყვანეს?

- მესამე წელიწადში იყო... სულ არ გასჭირვებია ქართულად ალაპარაკება. აქედან 10 წლისა რომ წავიყვანე ჩემს მშობლებთან, რუსული ორი სიტყვაც არ იცოდა.

- ამბობენ, მამინაცვალი ცუდად ექცეოდა, ხშირად სცემდაო, მართალია?

- არა, ცემით არა სცემდა, მაგრამ არც გულზე ეხატებოდა. აბა, გერი ვის უყვარს? საერთოდ, გიორგის ჩხუბი უყვარდა, არც ქალებში სიარულს იკლებდა, ამის გამო, ხშირად ვკინკლაობდით...

დღე ისე გავიდოდა, ხმას არ გასცემდა. ვატყობდი, ვოვასაც ჰქონდა მისი რიდი. როცა ვჩხუბობდით, ეტყობოდა, რომ განიცდიდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. მე ისეთი ვარ, თუ უმიზეზოდ მაწყენინებს ადამიანი, გულიდან ამოვირეცხავ, აბა, შვილების მამას როგორ შევიძულებდი, მაგრამ შეიძლება თვე ისე გასულიყო, ხმა არ გამეცა მისთვის, სამაგიეროდ, თვითონ ვერ ძლებდა ჩემს გარეშე და შემირიგდებოდა. ყოველთვის ეშინოდა, რომ ოჯახი არ დამეტოვებინა. ხმა რომ დაყარეს, ვოვას სცემდაო, ტყუილია. გიორგიმ იცოდა, რომ ამას არ ვაპატიებდი.

- რით ერთობოდა ვოვა ან რისი გაკეთება უყვარდა? მეგობრობდა აქაურ ბავშვებთან?

- წყნარი, ჩუმი ბიჭი იყო. მისი გაკეთებული "ლაგატკა" ახლაც შენახული მაქვს. მეზობლის ქათმებს ესროდა ხოლმე. ძალიან უყვარდა თევზაობა და ჭიდაობა. თუ ვინმე წააქცევდა, ისე გამწარდებოდა, არ მოეშვებოდა, სანამ არ დაამარცხებდა. ამხანაგებთან ჩხუბი არასოდეს მოსვლია.

- ალბათ გიხარიათ, ასეთი ცნობილი შვილი გყავთ.

- კი, რა თქმა უნდა. თურმე მას პატარა სტალინსაც ეძახიან... დანარჩენებიც კარგები მყვანან, მაგრამ ბოლომდე ბედნიერი ვინ ყოფილა, რომ მე ვიყო?

- რაზე ოცნებობთ?

- ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ და არ დამელაპარაკოს. სიზმარშიც ხშირად ვხედავ, მაგრამ ხმას არ მცემს. როგორც ცხოვრებაში, ისე სიზმარშიც გაბუტულია ჩემზე.

(იხილეთ სრულად)

მეტეხის მცხოვრებლებს მტკიცედ სჯერათ, რომ პუტინს საქართველო სწორედ მამინაცვლის გამო სძულს, რომელიც ბიჭს სასტიკად ექცეოდა, მერე კი ცოლი აიძულა ბავშვთა სახლში ჩაებარებინა.

რუსეთის პირველ პირსა და კასპის ყოფილ გამგებელ ოლეგ იაძეზე, სოფელ მეტეხში ასეთი ისტორიას ყვებიან:

,,80-იან წლებში, ოლეგ იაძეს ბავშვები ჰყავდა წაყვანილი ვლოგოგრადში შეჯიბრზე, იმ შეჯიბრზე ყოფილა პუტინიც. ერთმანეთს გამოლაპარაკებიან და როდესაც პუტინს გაუგია, რომ საქართველოდან იყვნენ, ოლეგისთვის უთქვამს: მე საქართველოსთან ბევრი რამ მაკავშირებს და ვერც კი წარმოიდგენთ, ისე მეზიზღებითო!"

იაძე ადასტურებს, რომ პუტინს ორჯერ შეხვდა, პირველად 80-იან წლებში, მეორედ კი - შარშან, "ლენინგრადში."

ოლეგი იაძე:

- ეგ იფნორმაცია ზღაპარია, მაგრამ შარშან ლენინგარდში მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით, პუტინი იქ ვნახე და ხელიც ჩამოვართვით ერთმანეთს. არა იმიტომ, რომ მეტეხელი ოლეგ იაძე ვიყავი, არამედ შეჯიბრზე მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლები ვიდექით და ყველას ჩამოგვართვა ხელი. მე გახლავართ ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

- მეტეხელები ამბობენ, რომ თქვენ პუტინს ჯერ კიდევ 80-იან წლებში შეხვდით...

- ბოლოს1985 წელს ლენინგრადში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე ვიჭიდავე. შევხდი ლენინგრადელ ალექსანდროვს, ის ბრძოლა წავაგე, თუმცა მასთან დღემდე ვმეგობრობ. მაშინ ალექსანდროვს გულშემატკივრობდა, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ახლა რომ მახსენდება, პუტინი იყო. მაშინ პუტინის სახელი ჯერ კიდევ არავინ იცოდა. ალექსანდროვი და პუტინი თურმე ერთ დარბაზში ვარჯიშობდნენ. ეს იყო და ეს, სხვა დანარჩენი ტყუილია... საქართველოში ვინც რა უნდა ის დაარქვას, მაგრამ მე პუტინს ვაღიარებ თავის ქვეყნის პატრიოტად. საქართველოს მტერი რუსი იქნება, მონღოლი თუ ევროპელი, ყველას დედა ვატირე, მაგრამ ყველა პატრიოტ კაცს ვენაცვალე...

მოამზადა თორნიკე ყაჯრიშვილმა

იხილეთ სიუჟეტი