კონგრესმენის თანაშემწე: ძალიან მიყვარს საქართველოში! გაუმარჯოს საქართველოს!
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე ვაშინგტონში, თუქრულ-ამერიკული ფორუმის საზეიმო გახსნაზე მომხდარ კურიოზულ შემთხვევაზე "ფეისბუქის" გვერდზე წერს:
"კურიოზული და მეტად სახალისო ამბავი მოხდა დღეს ვაშინგტონში თურქულ-ამერიკული ფორუმის საზეიმი გახსნაზე. ოცამდე სენატორი და კონგრესმენი გამოვიდა მისასალმებელი სიტყვით. მათ შორის იყო კორეული წარმოშობის კონგრესმენი კალიფორნიიდან მაიკლ ჰონდა. რომ გაიგო, რომ ქართველი ვიყავი, უცბად, ვიღაცას დაუწყო დარბაზში ხმამაღლა ძახილი. თურმე მის თანაშემწეს უხმობდა. მოიყვანა ასევე კორეული შესახედაობის გოგონა ტრიბუნასთან და უთხრა: მიმართე დარბაზს ქართულ ენაზე და მოუყევი რა მაგარია საქართველო და როგორ გიყვარსო.
დაიწყო მარა რა დაიწყო. თვითონ თარგმნიდა იქვე თავის სიტყვებს. დახოცა დარბაზი სიცილით.
თურმე 2004-2005 წლებში გურიის სოფელში უმუშავია გაეროს მშვიდობის კორპუსში. დღეს კონგრესმენის თანაშემწეა საკანონმდებლო საკითხებში. უეცრად გაპოპულარულებულმა როცა სავიზიტო ბარათები დაარიგა, ორ ენაზე ეწერა, ინგლისურად და ქართულად...
გვიან გამახსენდა, რომ ჩამეწერა. ბოლო წამები გადავიღე."
ბატონო რომანი იქვე ფარგმენტულ ვიდეოჩანაწერსაც აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, კორეული გარეგნობის გოგონა რა აღტაცებით ამბობს: "ძალიან მიყვარს საქართველოში! გაუმარჯოს საქართველოს"
ჩვენ ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია კონგრესმენის ასისტენტზე, რომელიც ჰელენ ჰიუნიუნგი აღმოჩნდა.