ბუების ქვეყანა
ბუა - მოგონილი საფრთხობელა, რომლითაც ბავშვს აშინებენ. (უნივერსალური ლექსიკონი)
საქართველოში დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სწორედ ამდენივე (თუ მეტი არა) ბუაა ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ადამიანი ადრეული ბავშვობიდანვე ბუის მსხვერპლი ხდება, მის ქვეცნობიერში იმთავითვე დალექილია შიში ბუისადმი და ამიტომაცაა, რომ როდესაც გაიზრდება და მიხვდება, რომ ბუა (რომლის შიშითაც საჭმელს ჭამდა და ამა თუ დავალებას ასრულებდა) მხოლოდ მშობლის ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა, ვარდება გაუცნობიერებელ სიცარიელეში და იწყებს საკუთარი ბუის მოგონებას... ჰოდა, იგონებს.
შემდეგ უკვე გამოგონილის ტყვეობაში ექცევა და ეს გამოგონილი არსება უდიდეს გავლენას ახდენს მის ქცევაზე. ჩვენთან ხომ რაღაცის თუ ვიღაცის შიშის გარეშე ძალინ გვიჭირს საქმის გაკეთებაც და გაფუჭებაც...
ზოგს მასონების ეშინია, ზოგსაც უმასონობის, ზოგი ალკოჰოლის დანახვაზე შიშით კანკალებს და ზოგსაც მის გარეშე დარჩენის შიში უწამლავს ცხოვრებას და ასე გრძელდება წლები...
ბუას შეიძლება უფრო გავრცელებული ტერმინი ფობიაც დავარქვათ, მაგრამ, დამეთანხმებით, ბუა უფრო ქართულია და ის ვინც ბუას ფობიად მონათვლას შეეცდება, პირდაპირ შეეხება ჩვენს ქართველობას და... აქ უკვე მივადექით ერთ დიდი ბუას - ქართველობის დაკარგვა-წართმევის შიშს. ერთ ქართულ იგავში რომაა დაახლოებით ის ვითარებაა, როდესაც მწყემსი სხვა მწყემსებს იმდენს ატყუებს მგელი მოვიდაო, რომ ბოლოს და ბოლოს ისიც მოვა.
რომ ვაკვირდები, ბუა ქართველი ადამიანის არსებობისათვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი რამაა. როგორც უკვე ვთქვით, თუ ის არ არსებობს, მას იგონებენ. ბუა, ჩვენი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება და სახე იცვლის. საბოლოოდ კი ჩვენ ჩრდილადაც ყალიბდება, რომელსაც თავიდან ჩვენც ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ნელ-ნელა უკვე ყველასათვის აღქმადი ხდება.
ბუას თავისუფლად შეუძლია ჩვენი ცხოვრება შეცვალოს, რადგან ნელ-ნელა მისი ტყვე ვხდებით. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩვენივე შეუმცდარობის გვწამს და რადგან ბუაც ჩვენი მოგონილია გვჯერა, რომ ის მართლაც არსებობს და თუ არსებობს შესაბამისად საფრთხის შემცველიცაა. ამიტომ ვიწყებთ მასთან შეურიგებელ ბრძოლას, ბრძოლის პერიოდში განზე გვრჩება და ყურადღებას არ ვაქცევთ ნამდვილ ბუებს, რომელებსაც ესა თუ ის გარემოება ქმნის, ხოლო როდესაც მათ დავინახავთ უკვე ძალიან გვიანია ხოლმე.
ბუა, იგივე ქარის წისქვილია, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება ბრძოლა და ის რეალურად არც არსებობს, მაგრამ ჩვენ მაინც ვებრძვით, მასთან ჭიდილში ვატარებთ ცხოვრების დიდ ნაწილს და შედეგად არაფერს ვიღებთ გარდა გულზე მჯუღის რტყმისა და მწარე რეალობისა, რომ ბუა მხოლოდ ჩვენი წარმოსახვის ნაყოფი ყოფილა, ნაყოფი რომლის დევნასაც მთელი ცხოვრება შევალიეთ...
დაბოლოს, ნუ აიძულებთ ბავშვებს ბუას შიშით ჭამონ, დაიძინონ, არ იცელქონ...
სრულიად უწყინარი და არასაშიში პ.ს.
ბუა
ბებომ იმდენი მაშინა,
- მოვა და შეგჭამს ბუაო,
მე მგონი თვითონ შეშინდა
და წნევამ გააბრუაო.
ნუ გეშინია, ბებიკო,
მაგას ვასწავლი ჭკუასა
და შენი შეშინებისთვის,
მე თვითონ შევჭამ ბუასა.
ნოდარ დუმბაძე