რას ამბობს დედა, რომელსაც 6 წლის შვილის დასაკრძალი თანხა არ აქვს - კვირის პალიტრა

რას ამბობს დედა, რომელსაც 6 წლის შვილის დასაკრძალი თანხა არ აქვს

"ნეტა ჩემი პატარა ცოცხალი იყოს და იმაზე მეტ ტანჯვას ავიტანდი, ვიდრე აქამდე ვიტანდი."

"ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის პენსია იყო. ის ეპილეფსიით დაავადებული და მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო, ამის გამო პენსიას იღებდა. ახლა უკვე ბავშვის პენსია აღარ მექნება და აზრზე არა ვარ რითი უნდა ვიარსებო."

ტყიბულის მუნიციპალიტეტში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოჯახს მისი დაკრძალვის საშუალება არ ჰქონდა და დახმარებას ითხოვდა, უამარავი ადამიანი გამოეხმაურა, ისინი ჩვენგან ოჯახის კოორდინატებს ითხოვდნენ. ჩვენ დავუკავშირდით გარდაცვლილი პატარას დედას, ფატი ადრიხაებას, რომელიც თავის გასაჭირს მოგვიყვა:

- ჩვენ სოჯახს ძალიან უჭირს. იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ შვილი დავკრძალო. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის პენსია იყო. ის ეპილეფსიით დაავადებული და მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო, ამის გამო პენსიას იღებდა. ახლა უკვე ბავშვის პენსია აღარ მექნება და აზრზე არა ვარ რითი უნდა ვიარსებო. ჩემი პატარა ცუდად რომ გახდა, საავადმყოფოსთან ახლოს ვცხოვრობ და ჩემი ხელით წავიყვანე, არც ვიცოდი, რომ უკვე გარდაცვლილი იყო. ყველაფერს ვიკლებდი, რომ მისთვის მიმეხედა, მაგრამ თავიდანვე სუსტი დაიბადა, დღენაკლული იყო, 6 წლის ისე გახდა, ექვსი სიტყვა არ უთქვამს და ექვსი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. მთელი ცხოვრება ავადმყოფობაში გაატარა.

-

ოჯახში მხოლოდ თქვენ ცხოვრობდით?

- არა, ჩემს დასთან ერთად ვცხოვრობ. მას ხუთი შვილიო ჰყავს, ხუთივე მცირეწლოვანია. ამჟამად ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, ძალიან უჭირთ ამათაც, მეც ჩემი დის ჭირი გავხდი...

- როგორ ახერხებდით ბავშვის მკურნალობას?

- პოლისი მქონდა და იმით ვმკურნალობდით. სხვა მხრივაც რისი საშუალებაც მქონდა, ბავშვს ყურადღებას ვაქცევდი. საჭმელს ვიკლებდი და პატარასთვის სათამაშოს ვყიდულობდი, მინდოდა ცოტა მაინც გამეხარებინა.

- ქალბატონო ფატი, ბავშვის პენსია როგორ გყოფნიდათ საარსებოდ?

- ვალზე ვიღებდით მაღაზიიდან პროდუქტს და მერე ვაძლევდით ხოლმე. 500 ლარზე მეტი დღესაც ვალი მაქვს მაღაზიაში. სხვანაირად ვერ ვარსებობდი, მოპარვით ვერ მოვიპარავდი და რა მექნა?!

- ახლა რას აპირებთ როგორ უნდა იარსებოთ?

- არ ვიცი. მაგაზე ფიქრიც არ მინდა. ალბათ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები. გამგეობიდან დამეხმარნენ,  მაგრამ რამდენ ხანს იცხოვრებს ადამიანი დახმარებით?! ახლაგაზრდა ჯან-ღონით სავსე ქალი ვარ, რამე სამსახური რომ მქონდეს, თავს შევინახავდი. ჩემ დას თავის გასაჭირი ეყოფა, ხუთი შვილი ჰყავს შესანახი და მეც ზედ დავაწვე?! სანამ ჩემი პატარას პენსია მქონდა, ზოგჯერ სამი თვისას წინასწარ ვიღებდი ხოლმე, რომ ახალ წელს მაინც მეყიდა ბავშვისთვის შოკოლადი. ნეტა ჩემი პატარა ცოცხალი იყოს და იმაზე მეტ ტანჯვას ავიტანდი, ვიდრე აქამდე ვიტანდი.

პ.ს. სამწუხაროდ ოჯახს არ აქვს საბანკო ანგარიში და გარკვეული მიზეზის გამო ვერც გახსნას ახერხებს. თუ ვინმეს დახმარების სურვილი გექნებათ, დარეკეთ ტელეფონზე: 551321592 - ფატი ადრიხაება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)