"მისტერ ლუბიცის" საქმე და პილოტების თვითმკვლელობა
"პილოტის კაბინის ჩამწერში ისმის, რომ მშვიდად საუბრობენ. შემდეგ ერთ-ერთი გარეთ გადის. ცოტა ხნის შემდეგ კარზე კაკუნია. ჯერ ჩუმად, თანდათან - დაჟინებით. არავინ პასუხობს, მაგრამ ისმის სუნთქვა... მას ესმოდა კაკუნი, მაგრამ არ სურდა კარის გაღება. სავარაუდოდ, უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება", -–განაცხადა Germanwings-ის ტრაგედიის გამოძიებაში ჩართულმა ფრანგმა სამხედრო ექსპერტმა BBC-სთან. 28 წლის ანდრეას ლუბიცის ვინაობა მსოფლიომ გაიგო. გერმანელი პილოტის სავარაუდო სუიციდს 149 ადამიანი შეეწირა. საქმეს იძიებს გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის პოლიცია.
რატომ მიიღო ლუბიცმა საბედისწერო გადაწყვეტილება? გადავხედოთ მის ბიოგრაფიას. მაშ ასე, ანდრეას ლუბიცი, Germanwings-ის (ლუფტჰანზას შვილობილი კომპანია) წამყვანი პილოტი, მეტსახელად "თომატო Andy- Pomidor-Endi" პილოტობამდე ერთი წლის განმავლობაში სტიუარდად მუშაობდა. ახლობლების თქმით, შვიდი წელი სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა გერლფრენდთან. გამოცდების ჩაბარების შემდეგ წარჩინებული კურსანტის სერტიფიკატი გადაეცა. ჰობი - თხილამურებით სრიალი და მარათონული სირბილი. მეზობლები უკონფლიქტო და მორცხვ ადამიანად ახასიათებენ.
"ერთი შეხედვით, ვერ იფიქრებთ, რომ ამ კაცს შეუძლია ასეთი რამ ჩაიდინოს, - წერს The Daily Telegraph-ი - მაგრამ დაიცადეთ, სანამ მის ბინაში შეიხედავთ: სხვადასხვა ჰოსპიტლის მიერ გაცემული დიაგნოზი მენტალური არასტაბილურობის შესახებ ნაკუწებად არის ქცეული. მათ შორის არის სწორედ იმ საბედისწერო დღეს გაცემული ექიმის დასკვნა - არ არის რეკომენდებული, ლუბიცმა თვითმფრინავი მართოს. გამოძიება არ ახმაურებს, კონკრეტულად რითი იტანჯებოდა ლუბიცი, თუმცა, ვეჭვობთ, საქმე არ უნდა გვქონდეს ჩვეულებრივ დეპრესიასთან... გაირკვა მთავარი - ლუბიცს თავისი მდგომარეობის შესახებ სამსახურში არაფერი უთქვამს. ალბათ იმიტომ, რომ ადრე, 2009 წელს, წვრთნების გავლისას, დეპრესიული შეტევა ჰქონდა და ლიცენზია წლინახევრით შეუჩერეს. ამ ხნის განმავლობაში სამკურნალო კურსი გაიარა და მხოლოდ მას შემდეგ აღადგინეს პოსტზე - მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სპეციალურმა კომისიამ დამაკმაყოფილებლად ცნო. კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა ანდრეას ლუბიცმა, თვითმკვლელობისთვის 149 ადამიანის სიცოცხლეც გაეწირა... თუ გერმანულ Bild-ს დავუჯერებთ, პილოტი ახლახან მეგობარმა გოგონამ მიატოვა. მან უკვე მისამართი შეიცვალა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარზეც უარს ამბობს. გოგონას შესაბამისი ორგანოები მეთვალყურეობენ. დაცვა დაუნიშნეს ლუბიცის მშობლებსაც.
ვიდრე გამოძიება ოფიციალურ ვერსიაზე მუშაობს, ძნელია იმის თქმა, რამ უბიძგა ლუბიცს, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ის არ იყო ტერორისტი, რომელიც გამიზნულად მოქმედებდა - არასდროს მონაწილეობდა რელიგიურ ან პოლიტიკურ დებატებში, მის ბინაში ვერაფერი იპოვეს ისეთი, რაც ამის თაობაზე ეჭვს აღძრავდა. ალბათ ამიტომაც დასავლური მედია "მისტერ ლუბიცად" მოიხსენიებს. ჭალლ შტრეეტ ჟოუნრალ-ი აცხადებს, რომ ლუბიცი არ არის გერმანიის ბრეივიკი.
ორი პილოტის წესი
2009 წელს ანდრეას ლუბიცი წყვეტს საპილოტო წვრთნებს დეპრესიული შეტევის გამო, იტარებს ერთწლიან სამკურნალო კურსს. შემდეგ აგრძელებს საქმიანობას და წარმატებით ამთავრებს წვრთნებს.
2013 წ. - იღებს პილოტის კვალიფიკაციას, წარჩინებულის სერტიფიკატით.
2013-2015 წწ.–- სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია რეგულარული სამედიცინო შემოწმება.
2015 წ. თებერვალი - იტარებს დიაგნოსტიკურ შემოწმებას დიუსელდორფის კლინიკაში. კლინიკა ასკვნის, რომ პაციენტი დეპრესიით არ იტანჯებოდა.
2015 წ. მარტი - უბრუნდება დიუსელდორფის კლინიკას. ექიმის ცნობა, რომ ის მძიმედ არის ავად და ვერ შეძლებს, შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, მის ბინაში დახეული იპოვეს...
ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენის შემდეგ ისმის კითხვა - რატომ იყო ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი ლუფტჰანზას პილოტი? ლუფტჰანზაში აცხადებენ, რომ პილოტების ტესტირებისას, ძირითადად, ფიზიკურ მონაცემებს იკვლევენ და მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია ფსიქიატრიული კომისიის დასკვნაც, ამ პროცედურის გავლისას კითხვარის შევსებით კმაყოფილდებიან.
ავიაკატასტროფის შემდეგ ევროკავშირმა გამოსცა რეკომენდაცია ახალი ავიარეგულაციების შესახებ - პილოტის კაბინაში ყოველთვის უნდა იყოს ორი ადამიანი. მსოფლიოს წამყვანმა ავიაკომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა, დანერგონ ეს წესი.
პილოტების თვითმკვლელობა
29 ნოემბერი, 2013 წ. - მოზამბიკიდან ანგოლისკენ მიმავალი თვითმფრინავი ნამიბიაში ჩამოვარდა, რასაც 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დადგინდა, რომ თვითმფრინავი მთავარმა პილოტმა წინასწარი განზრახვით ჩამოაგდო, მას შემდეგ, რაც კოლეგა პილოტთან უთანხმოება მოუვიდა და ის კაბინიდან გააგდო.
31 ოქტომბერი, 1999 წ. - Egypt Air-ის კუთვნილმა ბოინგმა ნიუ-იორკის საჰაერო სივრცის დატოვებიდან რამდენიმე წუთში გეზი იცვალა და დაშვება დაიწყო. შედეგი - ავიაკატასტროფა და 277 დაღუპული. გამოძიებამ ვერ დაადგინა, რატომ იჯდა პირველი დახმარების ოფიცერი მთავარი პილოტის სავარძელში.
19 დეკემბერი, 1997 წ. - 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მალაიზიიდან სინგაპურში მიმავალი ბოინგის ჩამოვარდნას - პილოტმა, რომელსაც სამსახურში პრობლემები ჰქონდა, სინათლეები გამორთო და ბოინგი ჩამოაგდო.
ვაჟა თავბერიძე