"ბურთს ფეხი დაარტყა და...” - რა მიზეზით გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი?!
”თემო მამასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ბებიამ გაზარდა. ამ ბავშვის სიკვდილით ხომ თავზარდაცემული ვიყავით, მაგრამ მოხუცის დანახვამ ლამის მომკლა, - მოხუცი ქალი ისეთ დღეში იყო, არც თავად ჰგავდა ცოცხალს...”
თემური ზრდილი და გონიერი ბიჭი იყო. თანასოფლელები ამბობენ, რომ მისი ავადმყოფობა არასდროს გაუგიათ, ამიტომაც მისი ამბავი ყველასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ტრაგედია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ამ რამდენიმე დღის წინ დატრიალდა - 16 წლის თემურ ფიფია სტადიონზე, თანატოლებთან ფეხბურთის თამაშის დროს შეუძლოდ გახდა და ადგილზევე გარდაიცვალა. ის ქვედა მაზანდარის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. თვითმხილველების თქმით, მეგობრებთან სათამაშოდ გამოსული ბიჭი, ბურთზე ფეხის დარტყმისთანავე, გალურჯდა, შემდეგ კი მინდორზე უგონოდ დავარდა...
გელა, ოჯახის ახლობელი:
- როგორც კი ამინდი გამოვიდა, მას მერე საღამო ხანს სკოლის ეზოში, პატარა სტადიონზე იკრიბებოდნენ ხოლმე და დაღამებამდე მხიარულად თამაშობდნენ. იმ დღესაც ასე იყო... შეიკრიბნენ და ის იყო თამაში დაიწყეს, რომ ეს უბედურება დატრიალდა, გაოგნებული ვართ ყველა... დაზაფრული და შეშინებული არიან მისი თანატოლები. როგორც ბიჭები ყვებიან, თემურმა ბურთს ფეხი დაარტყა თუ არა, მინდორზე დავარდა... რომ დავხედეთ, სახეზე სულ გალურჯებული იყოო... წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩაცვივდებოდნენ, მაშინვე ერთ-ერთ მეზობლის მანქანით საავადმყოფოში წაუყვანიათ, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო...
- თქვეს, რომ თითქოს მოზარდს გული აწუხებდა...
- დიახ, ახლა ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ აქამდე არავის არაფერი გაუგია... ბიჭი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა, უყვარდა ფეხბურთის თამაში, მუშაობითაც ბევრს მუშაობდა, ოჯახს ეხმარებოდა...
- რა შეიძლება გამხდარიყო გარდაცვალების მიზეზი?
- ჯერ არ ვიცით. ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან... საცოდავი მამამისი, აღარ ვარ იმის ცოდვით... წვალებით გაზარდა შვილი, როგორ ეიმედებოდა. წესიერი და პატიოსანი კაცია ზვიადი და ასეთი უბედურებას ნამდვილად არ იმსახურებდა... თემურს ერთი და ჰყავს. დედ-მამა გაშორებული არიან. თემო მამასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ბებიამ გაზარდა. ამ ბავშვის სიკვდილით ხომ თავზარდაცემული ვიყავით, მაგრამ მოხუცის დანახვამ ლამის მომკლა, - მოხუცი ქალი ისეთ დღეში იყო, არც თავად ჰგავდა ცოცხალს... ისეთი მოწესრიგებული, დინჯი და მშვიდი ბიჭი იყო. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ე.წ. ძველ კანტორაში ცხოვრობენ. თანატოლებისგან ვიცი, რომ კარგადაც სწავლობდა და ოჯახსაც ეხმარებოდა...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)