"მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს..."
აგვისტოს ომიდან შვიდი წლის შემდეგ იდენტიფიცირებული სამხედრო მოსამსახურეების ცხედართა ფრაგმენტები მუხათგვერდის ძმათა სასფლაოზე დღეს დაკრძალეს.
სულ იდენტიფიცირებულია 42 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი. მათგან რამდენიმე მათგანის იდენტიფიცირება 2008 წელსვე მოხდა, თუმცა დამატებითი ექსპერტიზა გახდა საჭირო. დნმ-ის კვლევა სულ რამდენიმე თვის წინ დასრულდა და გარდაცვლილთა ფრაგმენტები დღეს დაკრძალეს.
როგორც ჟურნალისტებს გენშტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ განუცხადა, პროცესი გაგრძელდა, ვინაიდან თავის დროზე ვერ მოხერხდა ყველა მათგანის იდენტიფიცირება და დნმ-ის მიხედვით მათი ცხედრების ამოცნობას დრო სჭირდებოდა.
დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცხედარსაც.
"დღეს უკვე ბოლო ფრაგმენტები გადმოასვენეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან. გიორგი ანწუხელიძის დნმ ამოცნობილი იყო და დღეს მე და ჩემი შვილი მოვედით, რომ საბოლოოდ გავაცილოთ იგი", - განაცხადა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ.
სამხედრო მოსამსახურეების ნეშტების ფრაგმენტების დაკრძალვას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტი, ასევე თავდაცვისა და გენშტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.
”ინტერპრესნიუსი”