”სამშობლოს სიყვარულს ასაკი არ აქვს!” - 68 წლის "ბაბა კარატელის” საბრძოლო მზადება
"მინდოდა, მაგალითი მიმეცა ახალგაზრდებისთვის, რომ სამშობლო ამ ქვეყნად ყველაფერზე ძვირფასია"
"ვიცი, რომ რუსეთში ცინიკური შეფასებები მოჰყვა ჩემს ვიდეობსა და ინტერვიუებს, - უკრაინაში უკვე ბებიები იბრძვიანო, - რა ვქნა, ვწუხვარ, რომ დროს ვეღარ დავაბრუნებ და ახალგაზრდობის გატარებამ იმ მონსტრში მომიწია, საბჭოთა ”ძმურ კავშირს” რომ უწოდებდნენ."
”მითხრეს, - უკვე ასაკში ხარ და ვერ შეძლებო, მაგრამ შევძელი... მინდოდა, ყველასთვის და პირველ რიგში ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ სამშობლოს სიყვარულს ასაკი არ აქვს...” - ამბობს 68 წლის უკრაინელი ეკატერინა ბილიკი, რომელის ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ ის საბრძოლო წვრთნებს გადის, ინტერნეტსივრცე დაიპყრო და დადებითთან ერთად, უარყოფითი კომენტარებიც გამოიწვია... თუმცა, კამუფლაჟიანი მოხუცი სხვების აზრს არაფრად დაგიდევთ, საბრძოლო წვრთნების ურთულესი პირველი ეტაპი გაიარა და როგორც თვითონ ამბობს, საჭიროების შემთხვევაში, ფრონტის წინა ხაზისთვისაც მზად არის...
პენსიონერი 30-40 წლით ახალგაზრდა მამაკაცების გვერდით ავტომატიდან მიზანში სროლებში ვარჯიშობს და მისივე თქმით, შესაძლებობლის მაქსიუმს აკეთებს. სამხედრო მომზადების გავლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრორუსი სეპატატისტების მიერ უკრანელი მებრძოლების ხოცვის სცენები ნახა. პენსიონერი ქალბატონი აცხადებს, რომ მას თავისი საქციელით ახალგაზრდებისათის მაგალითის მიცემა სურს. მას სამხედრო ბანაკში მეტსახელიც "კარატელი" (დამსჯელი) შეარქვეს.
- არ მეგონა, თუ ასეთ ინტერესს გამოვიწვევდი. არც მიფიქრია ამაზე, უბრალოდ, როდესაც ვნახე, რომ ჩემს გარშემო ქალებმაც აიღეს ხელში იარაღი, მეც ასე მოვიქეცი. ძალიან მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის რამე გამეკეთებინა, თუნდაც ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად. მინდოდა, მაგალითი მიმეცა ახალგაზრდებისთვის, რომ სამშობლო ამქვეყნად ყველაფერზე ძვირფასია. უკრაინა არ არის რუსეთის ნაწილი, თავისუფალი სახელმწიფოა, რომელმაც თავის არჩევანი გააკეთა. ვიცი, ვიღაცეებს ცუდი წარმოდგენა აქვთ ჩემზე, გადმომცეს, რომ ზოგიერთებს გიჟი ვგონივარ მაგრამ ამას არ ვაქცევ ყურადღებას. ჩემი ქვეყნის ისტორია საკმაოდ კარგად ვიცი და არ მინდა წარსულში დაბრუნება.
- რა პროფესიის ხართ?
- მათემატიკოსი ვარ. სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობ. ლვოვთან ახლოს, ჟიდაჩოვოს რაიონში, სოფელ ლინისკაში ვცხოვრობ. საკუთარი მეურნეობა მაქვს, სახლი, ბოსტანი. დილას ადრე ვდგები, სახლის საქმეებს მოვრჩები და შემდეგ ბანაკში მოვდივარ. იქამდე კი, 5 კილომეტრზე მეტია, მაგრამ ეს ერთგვარი ვარჯიში და თავის გამოცდაა - შემიძლია თუ არა, სიცივესა და ყინვაში ამდენი სიარული… თურმე შემიძლია. ვიცი, რომ რუსეთში ცინიკური შეფასებები მოჰყვა ჩემს ვიდეოებს - უკრაინაში უკვე ბებიები იბრძვიანო, - რა ვქნა, ვწუხვარ, რომ დროს ვეღარ დავაბრუნებ და ახალგაზრდობის გატარებამ იმ მონსტრში მომიწია, საბჭოთა ”ძმურ კავშირს” რომ უწოდებდნენ. არ მინდა, ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმაც ისეთივე ჭაობში გაატარონ დარჩენილი წლები, როგორშიც მე და ჩემმა თაობამ. ამისთვის ავიღე იარაღი ხელში ამ ასაკში.
- როგორ მიდის სამხედრო მომზადება, უკევ დაეუფლეთ იარაღს?
- დიახ, არამიშავს. 15 წამში ვშლი და ვაწყობ ავტომატს. სხვა რაღაცეებიც ვისწავლე. თუ დამჭირდა, გამოვიყენებ.
- ოჯახი გყავთ?..
- დიახ, სამი შვილი მყავს. შვილიშვილებიც დიდები არიან. ბანაკში რომ მოხალისეებს იღებდნენ, ჩემი შვილიშვილისგან, ვალოდიასგან გავიგე, და ვუთხარი, - მეც წამოვალ-მეთქი. ეგონა, ვხუმრობდი. - ვიღაცას გიჟი არ ეგონოო... ვიღაცის აზრი არ მაინტერესებს-მეთქი. ბევრი არ გვიკამათია.
- ფიზიკურ დატვირთვას როგორ უმკლავდებით?
- თოვლში, ყინვასა და ტალახში სირბილი, თან იარაღის თრევა და თან სწავლა, ადვილი არ არის, მაგრამ ვუძლებ. ეს სხვებისთვისაც სტიმულია. თავიდან ჩემი ოჯახის წევრებმა პოლიგონიდან დაბრუნებული, თავიდან ბოლომდე ტალახში ამოსვრილი, გაყინული და სველი რომ მნახეს, შეეშინდათ და შეპარვით მითხრეს, - უკვე ასაკში ხარ, ვერ შეძლებ და იქნებ გადაფიქროო, მაგრამ არ შევდრკი.ბანაკშიც ასე ეგონათ, მაგრამ აზრი შევაცვლევინე ყველას.
- სამხედრო ბანაკში როგორ შეგხვდნენ?
- არაჩვეულებრივად. აქ საოცარი ერთსულოვნებაა. ჩვენ ყველანი მოხალისეები ვართ. გარშემო ჩემი შვილიშვილისტოლა ბიჭები არიან შეკრებილი და ცდილობენ, ყველაფერში დამეხმარონ. თავდაპირველად, ბანაკის სამზრეულოსთან ვტრიალებდი, შემდეგ, ხელში იარაღი ავიღე და ძალიან მალე საკმაოდ კარგი შედეგი ვაჩვენე. ყველაფერს ვსწავლობ, რის გაკეთებასაც შევძლებ. თუმცა, თავი არც სხვა მხრივ დამიზოგავს, მეც ვირბინე, ვიხოხე, მწყობრში სიარული ვისწავლე, მიზანშიც ვისროდი... სამხედრო წვრთნების ორგანიზატორი ტარას მატვეევი ამბობს, რომ ყოჩაღი ვარ. შესაძლოა, ამას ჯენლტმენობის გამო ამბობს, მაგრამ მე მაინც მსიამოვნებს. ჩემ შემდეგ, ბევრი ასაკოვანი მოხალისე შემოგვიერთდა, თუმცა, ჯერჯერობით ყველაზე უფროსი ვარ…
ლალი პაპასკირი
იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია