"ამასაც უარყოფს საფრანგეთის ელჩი?" - რა ფოტოებს აქვეყნებს თავდაცვის ექსმინისტრის მეუღლე?!
თავადცვის ექსმინისტრ ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ფოტოებს აქვეყენებს, წარწერით: "ამასაც უარყოფს საფრანგეთის ელჩი?"
ფოტოებს ნათია ფანჯიკიძის შემდეგი მინაწერიც ახლავს:
"ეს კაცი მარტო არ გაიშვება არსად, მეგონა სამშობლოს დაცვაზე ზრუნავდა და აწერდა ხელს და თურმე ქორწინება გაუფორმებია.მაშინ უნდა გავშორებოდი, პირველად რომ მიმითითეს. დამღუპავს გულუბრყვილობა.
პ.ს. ერთი რაჭაში, ჩემს სოფელში მომეხმარეთ ელემენტარულ კეთილმოწყობაში, წყლის საკითხის მოწესრიგებაში და წავალ, ვიბუჩქუტუნებ ჩემთვის, სტაფილოს მოვიყვან, გამოგიგზავნით კიდეც. ამასაც წავიყვან მოტყუებით, ატაში მიმყავხართქო და მივასკოჩავ ამირანივით რომელიმე ხომლს ახლომახლო. გინდა თავი დაგიცვიათ, გინდა ჩრდილო კორეას შეერთებიხართ. არ მომკლეს ეს ჩიტოსანი ქალი?"
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა განაცხადა, რომ ქართული მხრიდან ფრანგ მწარმოებლებთან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა. ელჩის თქმით, ქართულ მხარესა და ფრანგულ მწარმოებლებს შორის იყო მხოლოდ განხილვები, რომელიც ახლაც გრძელდება.
"გასულ წელს დაიწყო გარკვეული განხილვები საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას ტერმინზე "განხილვები", რადგან ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა - არანაირი შეთანხმება, არანაირი ხელშეკრულება, არანაირი ვალდებულება და არაფერი მსგავსი. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შემიძლია არის ის, რომ ის განხილვები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო, გრძელდება." - განაცხადა სალენსმა.
საქმე შეეხება საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ირაკლი ალასანიამ განცახდებით, საფრანგეთთან მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება არ შედგა. "მინდია ჯანელიძე სოლიდარული იყო საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე, როცა უსაფრთხოების საბჭოზე მას განვიხილავდით", - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ იმედოვნებდა, რომ მინდია ჯანელიძე თავდაცვის უწყების გადაბარების შემდეგ ბოლომდე მიიყვანდა ამ საქმეს.
"ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ მეგონა ჩემი ჩამოცილების შემდეგ ხელისუფლება და მთავრობა მასზე უარს არ იტყოდა. არ დავფარავ, რომ მინდია ჯანელიძე, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკატორის როლს ასრულებდა, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში განხილვების დროს სოლიდარულად იყო ამ თემისადმი განწყობილი და მას მხარს უჭერდა."
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მტკიცებით, ამ დროისთვის საფრანგეთთან მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის მოქმედების და მისი გაგრძელების ვადა ამოწურულია, რის გამოც "შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრანგეთთან მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება არ შედგა".
სავარაუდოდ, ეს ფოტოები მემორანდუმის გაფორმების მომენტს უნდა ასახავდეს.