ვინ არის შალვა აბულაძე?!
ლევან იზორია: საქმე გვაქვს სერიოზულ დამნაშავესთან, პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ეწევა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან იზორიას ინფორმაციით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დღეს და გუშინ თბილისში მომხდარ შემთხვევებში და ბორჯომში მომხდარი დანაშაულისას პოლიციელებს ერთი და იგივე პირმა ესროლა.
როგორც იზორიამ "იმედის კვირაში" განაცხადა, ეს არის ვინმე შალვა აბულაძე. "მადლობა რომ ასეთი დიდი ინტერესია ამ ფაქტისადმი, ეს დიდი თანადგომაა ჩვენი უწყებისა და მარგიშვილის ოჯახის მიმართ. გუშინ დაახლოებით 9 საათისთვის პოლიციელებმა მიმართეს რა პიროვნებას, მისი დადგენის მიზნით, საბუთები მოსთხოვეს, მან დაუყოვნებლივ, სრულიად მოულოდნელად გაისროლა ამ პიროვნების მიმართ. მთელი სამინისტრო, მინისტრის ჩათვლით მობილიზებული იყო და ჩატარდა სამძებრო სამუშაოები. დღეს, დილის 6 საათზე იგივე პიროვნება, რომელიც გადაადგილდებოდა შენიღბული ფორმით, პოლიციელებმა შეაჩერეს და აქ უკვე ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას, თუმცა მან შესძლო და მიიმალა. ნივთმტკიცებები იქნა ამოღებული და ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, ვინ არის ეს პიროვნება. ეს არის პიროვნება, რომელიც იძებნებოდა ბორჯომში, სადაც თითქმის ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი. სამივე შემთხვევა და ამ შემთხვევებიდან ამოღებული მასრები და ექსპერტიზა ცალსახად ადასტურებს, რომ სროლა ერთი იარაღიდან მოხდა." - განაცხადა იზორიამ.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა ბორჯომში პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული პირის დაკავება ამ დრომდე და როგორ მოახერხა მან, დღეს დილით გაქცეოდა სამართალდამცველებს, იზორია აცხადებს, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ დამნაშავესთან, პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებასაც კი ეწევა და დადგენა, თუ სად იმყოფება რთულია.
შალვა აბულაძე, 1977 წელს ბორჯომშია დაბადებული, გავრცელებული ინფორმაციით, ის მრავალჯერაა ნასამართლევი. შეგახსენებთ, გუშინ, საღამოს მან ვარკეთილის მეტროსთან სროლა აუტეხა პოლიციელებს, რა დროსაც 28 წლის ბექა მარგიშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მძიმედაა დაჭრილი მისი მეწყვილეც.