"9 თვეა მე და ჩემს მშობლებს შალვა არ გვინახავს" – რას ამბობს პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილის და (ექსკლუზივი)
"რასაც ის სჩადის, მას მერე შეიძლება ვთქვათ, რომ ის ჯანმრთელია? სამწუხაროდ, არ ვიცი, მის ქცევას რა სახელი დავარქვა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი ძმაა, ხელს ვერ დავაფარებ. ეს არ არის ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანის ჩადენილი ქმედება."
28 წლის პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკველობაში მხილებულ შალვა აბულაძის და სალომე აბულაძე, ადვოკატია. მას კომენტარისთვის დავუკავშირდით. ძალიან აღელვებული ჩანდა.
სალომე აბულაძე:
- ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად მძიმეა ჩემთვის ეს ყველაფერი. არ მინდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, იმდენად ცუდად ვარ, ვერ შევძლებ ლაპარაკს. რაც მოხდა საშინელებაა, ვემიჯნები ამ სიბინძურეს, ამ საშინელებას, ძალიან მტკივა და არანაირი კომენტარის ძალა არ მაქვს. ადამიანურად არავის გავურბივარ, მაგრამ შინაგანად არ შემიძლია საუბარი.
- თქვენი ძმა ქუჩაში შეიარაღებული დადის და თავს ესხმის ადამიანებს, მას ფსიქიკური პრობლემა ხომ არ აქვს, თუ ეს დანაშაულები პოლიციელებისადმი შურისძიებაა?
- რასაც ის სჩადის, მას მერე შეიძლება ვთქვათ, რომ ის ჯანმრთელია? სამწუხაროდ, არ ვიცი, მის ქცევას რა სახელი დავარქვა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი ძმაა, ხელს ვერ დავაფარებ. ეს არ არის ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანის ჩადენილი ქმედება.
- თქვენს ძმას 20 წელი ჰქონდა მისჯილი, ციხიდან ამნისტიით გამოსულა, როდის დატოვა ციხე და როგორ ფიქრობთ, მისი გათავისუფლება ხომ არ იყო დიდი შეცდომა?
- შალვა 2013 წლის 23 ნოემბერს გამოვიდა ციხიდან. ბევრს საუბრობენ დღეს მის გათავისუფლებაზე, მაგრამ ამნისტიით შალვას გარდა, კიდევ უამრავი ადამიანი გამოვიდა, მანცდამაინც ამნისტიას უნდა დავაბრალოთ მომხდარი? ამნიისტიით შეიძლება ბევრი მართლა კრიმინალი გამოვიდა, მაგრამ ბევრია ისეთიც, რომელიც სასჯელს ბოლომდე იხდის, გამოდის, მაგრამ დანაშაულს ისევ სჩადის... მარტო იმის თქმა, ამნისტიამ სასწაულები ქნა და კრიმინლი იმიტომ ხდება, არ შეიძლება. მან ციხეში 7 წელი 20 დღე გაატარა. სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა.
- მან ბექა მარგიშვილის მკვლელობამდე მოკლა თქვენი რაიონელი, სკოლელი, პოლიციელი გიორგი ბერუაშვილი და დაჭრა კიდევ ერთი პოლიციელი, რაიონში მოქმედ პოლიციელებთან უთანხმოება ხომ არ ჰქონდა? ან იმ ტრაგედიის მერე არ გინახავთ თქვენი ძმა?
- გიორგი ბერუაშვილი ბორჯომელი იყო, მასთან დაპირისპირება არ ჰქონია, მკვლელობის მიზეზიც არ ჰქონდა. ახლა მაინც მიწევს კომენტარის გაკეთება. მართლა არ მაქვს ამის ნერვები. ჩემი ოჯახის ოპოზიცია ცალსახაა, ვემიჯნებით ამ ყველაფერს, ვგმობთ და განვიცდით. ყველაფერი არ შეიძლება გაამართლო. რაც მოხდა, ეს არის საშინელება და არის მძიმე ჩვენთვის. ბოლო 9 თვეა მე და ჩემს მშობლებს შალვა არ გვინახავს და ამიტომ არ ვიცი არაფერი.
- თურმე მიტინგებზე გამოდიოდა თქვენი ძმა, გავრცელდა მისი აქციის ფოტოები, ამაზე რას იტყვით?
- უკვე გითხარით. არ ვიცი რას აკეთებს ჩემი ძმა, მე ის 9 თვეა არ მინახავს.
სამწუხაროდ, დღემდე სამართალდამცავებმა შალვა აბულაძის დაკავება ვერ შეძლეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას პირდაპირ აცხადებს, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ დამნაშავესთან, პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ეწევა.
დადასტურებულია ისიც, რომ ბექა მარგიშვილის მკვლელობამდე მან იანვარში ბორჯომში მოკლა პოლიციელი გიორგი ბერუაშვილი და დაჭრა მისი მეწყვილე. რას აკეთებდა ამდენი ხანი პოლიცია და რატომ არ დააკვეს ის მოგირ დანაშაულებამდე, ეს კითხვა გამუდმებით ისმის საზოგადოებაში.
შალვა აბულაძე 1977 წელს ბორჯომში დაიბადა, მისი მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ, შალვა პერიოდულად ჩადიოდა მშობლებთან. ციხიდან ერთი წლის წინ გამოვიდა. მას სამი ადამიანის დაჭრისთვის 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. აბულაძე ამნისტიით გარეთ გამოვიდა ისე, რომ სასჯელის ნახევარიც კი არ ჰქონდა მოხდილი.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)