"გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ..."
(7აპრილი - ხარება)
ნაზარეთში, მართალი იოსების ოჯახში დამკვიდრების შემდეგ, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს არ შეუცვლია ის ცხოვრების წესი, რომელიც სოლომონის ტაძარში, წმიდათა წმიდაში ყოფნისას შეითვისა: განმარტოებით და უშფოთველად ცხოვრობდა, გამუდმებით შრომობდა, ხოლო ლოცვა მთელი ოჯახის ყოველგვარ ქმედებას სდევდა თან. ლოცვასა და შრომასთან ერთად, წმიდა წერილების კითხვა და ხელსაქმე ავსებდა ღვთისმშობელი ქალწულის თითოეულ დღეს.
წმ. მამათა თქმით, წმიდა ქალწულმა იცოდა, რომ მოახლოებულიყო ჟამი მესიის განკაცებისა-ჟამი, რომელსაც კაცობრიობა ხუთი ათასი წელი ელოდა. ყოვლადწმიდა მარიამი ფიქრობდა, რომ უკვე არსებობდა ის ქალწული, რომელსაც წილად უნდა ხვდომოდა განკაცებული უფლის დედობის პატივი. მარიამის სული სავსე იყო მესიის სიყვარულითა და ამ ქალწულის პატივისცემით. ამიტომაც იგი ლოცვისას ცრემლებით სავსე ევედრებოდა უფალს, ღირსი გაეხადა, რომ საკუთარი თვალით ეხილა აღთქმული მაცხოვრის დედა და მომსახურებოდა მას, თუნდაც, მისი უკანასკნელი მხევალი გახდარიყო.
ხუთი თვე გასულიყო მას შემდეგ, რაც მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა მღვდელმთავარ ზაქარიას, რათა მისთვის ეუწყებინა, რომ მისი ბერწი ცოლი, მოხუცებული ელისაბედი, ნათესავი ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა, შობდა ძეს, რომელიც მესიის წინამორბედი გახდებოდა (ანუ იოანე ნათლისმცემელს). მეექვსე თვეს მთავარანგელოზი გაბრიელი ნაზარეთში მიავლინა უფალმა. გადმოცემით, ყოვლადწმიდა ქალწული ამ დროს ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა და ფიქრობდა სიტყვებზე-"ქალწულმა მუცლად იღოს". თან მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, ღირსი გაეხადა, ჩქარა ეხილა მესია. მთავარანგელოზი რომ დაინახა, მარიამს არ შეშინებია-ტაძარში ყოფნისას იგი მიჩვეული იყო ანგელოზებთან საუბარს. მაგრამ გააკვირვა და შეაძრწუნა მისალმებამ, რომლითაც მიმართა მას მთავარანგელოზმა- "გიხაროდენ, მიმადლებულო!" შეძრწუნდა, რადგან მისალმება "გიხაროდენ" უწინდელ გამოცხადებებში არავის სმენია. მთავარანგელოზმა დაამშვიდა შემკრთალი ქალწული: "ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა"(ლუკა, 1, 30). შემდეგ კი თანდათანობით გაუმხილა და განუცხადა ისიც, თუ ვინ იქნებოდა მისი მუცლის ნაყოფი: "უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლისა ეწოდოს... და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ და სუფევისა მისისაი არა იყოს დასასრულ" (ლუკა, 1, 31-33).
ამ სიტყვებით არა მარტო მარიამს, არამედ მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ მოახლოებულიყო ჟამი სიკვდილისაგან დახსნისა, ჟამი, რომელიც დაასრულებდა ჯოჯოხეთის მეუფებას.
ყოვლადწმიდა ქალწული სიმდაბლით უფრთხოდა ეშმაკისეულ საცთურს, ამიტომაც დასვა კითხვა: "ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?" (ლუკა, 1, 34). პასუხად კი მიიღო, რომ სულიწმიდა გარდამოვიდოდა მასზე და ძალი მაღლისა დაიფარავდა მას, რამეთუ არაფერიაო შეუძლებელი ღვთისთვის. რამეთუ ცოდვის გარეშე განკაცებული მესია მიიღებდა ყოველივე ადამიანურს, თვინიერ ცოდვისა. მარიამმაც მორჩილად მიიღო ნება უფლისა. და ქალწულის შეუგინებელ ტაძარში მეყვსეულად შევიდა სულიწმიდა და განწმინდა მისი ბუნება. რა იარაღითაც დასცა ბოროტმა ადამის მოდგმა, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ-ქალმა, ევამ დაუჯერა ეშმაკს, იგემა აკრძალული ხილი და დაეცა, ხოლო ათასწლეულების შემდეგ ქალწულმა ღვთისმშობელმა თავისი მორჩილებითა და სიმდაბლით დასცა ბოროტი და უფლის ტაძრად იქცა-სწორედ მან გამოგვიბრწყინა ძე სიმართლისა და სინათლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც აღადგინა ჩვენი დაცემული ბუნება.
წმიდა მამათა თქმით, ხარება, და, შესაბამისად, უფლის განკაცებაც, ძველი სტილით
25 მარტს (ახალი სტილით, 7 აპრილს) მოხდა, რადგან სწორედ ამ დღეს შექმნა ღმერთმა პირველი ადამიანი-ადამი. ცოდვით დაცემული ბუნების განახლებისა და მკვდრეთით აღდგომის, საყოველთაო სიხარულის დასაბამად ამიტომაც იქცა ეს დღესასწაული, რომელსაც პირველივე საუკუნეებიდან 25 მარტს (7 აპრილს) აღნიშნავენ ქრისტიანები-დღე-სასწაული, რომელსაც ხარება ეწოდება და რომელმაც, თავისი მნიშვნელობის გამო, საუფლო დღესასწაულთა შორის დაიმკვიდრა ადგილი.
ხარებას გილოცავთ!
მარიამ ბურჯანაძე