9 აპრილს გილოცავთ! - კვირის პალიტრა

9 აპრილს გილოცავთ!

ახალსა და ორიგინალურს არაფერს ვიტყვი, თუ გავიხსენებ, რომ ეს თარიღი ჩვენებურ კაცში ორმაგ გრძნობას იწვევს: ერთის მხრივ - 1989 წლის ტრაგედიის თან მწარე და თან საამაყო მოგონებას და მეორე - დამოუკიდებლობის გამოცხადების ამბებს...

ამიტომ, დღეს იმაზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას, როგორი და რამდენად დამოუკიდებლები ვართ და მართლა გვეძვირფასება თუ არა ეს თარიღები...

ცხადია, იმედი არა მაქვს, რომ მთელი "პროვოკაციას" ისე ჩავამთავრებ, რომ მხოლოდ 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობის ანალიზით შემოვიფარგლები - სად არის მაგის ფუფუნება, იმდენი ავ-კარგი ხდება ამ ქვეყანაში, რომ გაჭირდება გვერდის ავლა...

მაშ ასე: რამდენად და როგორი დამოუკიდებლები ვართ?

ოღონდ ძალიან გთხოვთ, არ მოიფშვნიტოთ ახლა ხელები იმ ადამიანებმა, რომლებიც ელით, რომ არგუმენტებს დავუდებ იმისათვის, რომ კვლავაც ამტკიცონ: ამერიკა და ევროპა არა ის, ვის რა სიკეთე მოუტანა ნატომ?! ნახეთ, რა გარყვნილება მეფობს დასავლეთში, კაცი კაცს არა ჰგავს და ქალი - ქალს; კი, რუსეთი ოკუპანტია დღეს (არადა, ასე არ თვლიან), მაგრამ მაინც ერთმორწმუნეა და ისევ შეჩვეული ჭირი გვერჩივნოს (არადა, ჭირადაც არ თვლიან); ამერიკა შორს არის (არადა, ვიზა რომ მისცენ, ფეხით გაიქცევიან) და ა.შ.

ისე კი, დამოუკიდებლები რომ მთლად ვერ ვართ, ამაში ვეთანხმები და არც მე მომწონს, მაგრამ მიზეზი მგონია სხვა და ამიტომ "წამლადაც" სხვა რამ მეგულება: მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობა არ გვიყვარს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი ბინა კარის ზღურბლამდე, იმის იქით მერიამ მიხედოს, რას მიკეთებს ნარმანია?!

ჩვენ გვსურს, რომ მთელი მსოფლიო დაგვეხმაროს და იქნებ ბუნებრივიც იყოს ეს სურვილი, მაგრამ არ "გვიტყდება", რომ დასახმარებლად გვაქვს საქმე.

ჩვენ არ გვიკვირს, როდესაც ევროპაში ბევრი ქართველისთვის წვრილმანი ქურდობა პროფესიად ქცეულა და ამ საქმით აქ ოჯახ(ებ)ს ინახავენ. ვაზუსტებ: არ გვიკვირს-მეთქი, თორემ რომ გვწყინს და აღშფოთებულებიც ვართ, ეგ გასაგებია და კარგია.

ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და მერე ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნია, რომ საარჩევნო დაპირებას არავინ გვისრულებს.

ჩვენ "კამპანიური აღშფოთებები" გვჭირს, როდესაც ხელკეტებისა და ცოცხების არადანიშნულებისამებრ გამოყენების კადრებს ვუცქერით, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მხოლოდ 3-4 პროცენტი გამოთქვამს პროტესტს, რომ ბევრი მეცოცხე ისევ იქ მუშაობს და ა.შ.

და რატომ ჩამოვთავალე ეს ყველაფერი? იმიტომ, რატომაც დავიწყე: ჩვენ დამოუკიდებლობას არ ვაფასებთ და რადგან დამოუკიდებლობა მატერიალურად არსებული ნივთი არ არის და მას სინამდვილედ მხოლოდ მისდამი დამოკიდებულება აქცევს, ამიტომ არც ვართ დამოუკიდებლები!

ეუფ! რა გასაგებად ვთქვი!!! კარგი, გამგები გაიგებს... მთლად თუ ნამუსზე ხელს ავიღებთ, ეს დამოკიდებულება ასეთი უგვანო ფორმითაც მსმენია: დამოუკიდებლობა არა, XXX! რას იხოცავდნენ თავებს?! საჭმელიც იყო, სასმელიც და უფასო ექიმიც! რა გმირები, რის 9 აპრილი - გმირი ვიცი მე ცოტნე დადიანი (არადა, არ იცის)! მოდი, იმ საქართველოს გაუმარჯოს, ჩვენ რომ გვიყვარს და ათასი პედერასტისა და გადამთიელის საჯიჯგნი არ გახდება!

და ა.შ.

ვიღაცამ იქნებ დამაიმედოს: ეს რაც ჩამოთვალე, შენს თაობასა და უფროსებს, "მიმავლებს" ეხებათ, ახალგაზრდებს ფეხებზე ჰკიდიათ რუსეთიო, მაგრამ მე ის მადარდებს, რომ ბევრ ახალგაზრდას საერთოდ ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. უსამართლობად და ბებრულ ბუზღუნად რომ არ ჩამითვალოთ ეს ნათქვამი, მცირე ექსპერიმენტის ჩატარებას გთავაზობთ: ორი კითხვა დაუსვით თქვენ ირგვლივ მყოფ ახალგაზრდებს: თუ იციან, რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს და ხვალ რომ ომი დაიწყოს, რამდენი მათგანი წავიდოდა მოხალისედ?

ძალიან, ძალიან გამიხარდებოდა, თუკი ამის გამოქვეყნებისთანავე საიტზეც, რედაქციაშიც და "ფეისბუკზეც" ახალგაზრდების საპროტესტო კომენტარები და სატელეფონო ზარები წამლეკავს!

პ.ს. ერთი "პროვოკატორული" დამთხვევა გამახსენდა: ქართულ კინოამბებში ჩვენებური სიყალბისადმი მიძღვნის ყველაზე პროფესიონალურად გადაღებულ ფილმში - "ცისფერი მთები" (1989 წლამდე ბევრად ადრე გადაიღეს), მოტობურთს უყურებს ფანჯრიდან დირექტორი და ასეთი დიალოგია:

- ნახეთ, ნახეთ, რას გვანან ესენი... რა რიცხვია დღეს?

- ცხრა აპრილია.

რა ვიცი, გამახსენდა...