სოსანაშვილი ალაპარაკდა - რას აბრალებს მკვლელობაში ბრალდებული მოკლულს?!
"ჩემი ძმა ჯერ "ყაჩაღი იყო", მერე "ნარკოტიკებით მოვაჭრე", ახლა ესეც დააბრალეს... არ შეიძლება, მიცვალებული მაინც მოასვენონ?.."
"ნათესავიც რომ არ იყოს, იურა მაგის კაცი არ იყო, რომ ასეთი რამე ეკადრებინა."
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატის სოსო ჯოგლიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2-თვიანი დუმილის შემდეგ ალაპარაკდა და მკვლელობის მოტივის საკუთარი ვერსია ჩამოაყალიბა. როგორც ჯოგლიძე აცხადებს, სოსანაშვილის ვერსიით, იური ვაზაგაშვილი შესაძლოა ეჭვიანობის ნიადაგზე მოეკლათ. ადვოკატის ინფორმაციით, იგი ბრალდებულ სოსანაშვილს გუშინ შეხვდა საპატიმროში და ახსნა-განმარტება ჩამოართვა.
"გია სოსანაშვილმა მითხრა, რომ იური ვაზაგაშვილი დადიოდა მელაძეების რძალთან, ეს ის მელაძეებია, ვის გასვენებაშიც გარდაცვალების დღეს აპირებდა წასვლას. ამ ქალს მადონა ჰქვია და ეს ამბავი მთელმა სოფელმა იცოდა... როგორც სოსანაშვილი ამბობს, ოჯახებს ამის გამო კონფლიქტიც კი მოსვლიათ, რის შემდეგაც იური ვაზაგაშვილს გასაჩუმებლად ქალის ქმრისთვის "ნივა" უჩუქებია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ყველაფერი ამ ხალხს მოეწყოო."- ამბობს სოსო ჯოგლიძე. იური ვაზაგაშვილის ახლობლების განცხადებით, სოსანაშვილი ცდილობს საქმის მიმართულება ყოფითი სახის დანაშაულისკენ წაიყვანოს და შეკვეთილი დანაშაულის ვერსია გამორიცხოს. საინტერესოა, რომ ყოფილი პოლიციელის გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე, ირაკლი ფირცხალავასა და მისი მეუღლის ნინო ხვიტიას კლასელია. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ფირცხალავა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზეა დაკავებული. არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთებს შორისაც იყოს. ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან აცხადებს: "ჩემი ინფორმაციით, ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებამ უკვე ბევრი რამ გაარკვია, თუმცა, ეს ერთგვარად გაშლილი მოზაიკაა, რომელსაც ისეთი დალაგება სჭირდება, რომ საზოგადოებას მცირე ეჭვიც კი არ გაუჩნდეს." შესაძლოა გამოძიებას მართლაც უკვე აქვს დანაშაულთა შემკვეთთა წინააღმდეგ სერიოზული სამხილები და სწორედ ამას უკავშირდება სოსანაშვილის ალაპარაკება.
ამ საკითხზე ჩვენ დავუკავშირდით ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატს ირმა ჭკადუასა და იური ვაზაგაშვილის დას მანანა ვაზაგაშვილს.
ირმა ჭკადუა:
- ამ საშინელი ტყუილის გამო მთელი სოფელი ფეხზე დგას, ამ ადვოკატის მიმასართის გაგებას ცდილობენ, რათა ჯოგლიძის სახლთან საპროტესტო აქცია ჩაატარონ. მადონა, რძალი მელაძეებს არ ჰყავთ, არის მადინა, რომელიც იური ვაზაგაშვილის ნათესავია. ეს მარაზმი, არ ვიცი, როგორი ადამიანის თავში უნდა დაიბადოს?! ეს ადამიანი ცოცხალი არ მოასვენეს და საფლავშიც არ აძლევენ მოსვენებას.
-შესაძლოა, ეს გამძოებისთვის კვალის არევას ემსახურებოდეს?
- დიახ, აბსულუტურად გეთანხმებით, ეს იმ ადამიანების მოფიქრებულია, ვისაც სიმართლის დადგენა არ აწყობთ. ამ ადვოკატს ისიც უთქვამს, რომ სოსანაშვილი 16 საათი დაბმული ჰყავდათ სკამზე და აწამდებდნენ, უკაცრავად, მაგრამ ორი თვის განმავლობაში ასეთი რამე თუ ხდებოდა, მისი ადვოკატი სად იყო, ეძინა და ახლა გაახსენდა?.. თუ ჩუმად იყო, ეს ორმაგი დანაშაულია... ყველამ კარგად იცის, რომ მისი დაკავება ტელეკამერების წინ მოხდა, იქ კი უკვე ადვოკატები ელოდებოდნენ.
- სოსანაშვილის ადვოკატის თქმით, -პროკურატურამ დნმ-ის ანალიზი გააყალბა. მას დნმ-ის ნიმუში გენინსპექციაში დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 6 თებერვალს აუღეს, რაც არ დაულუქავთ...
- ეს მორიგი ზღაპარია. ისე, ამ ადვოკატმა ისიც თქვას იქნებ, ერთხელ ვაზაგაშვილმა დაიჩივლა, თავის მოკვლა მინდაო, სოსანაშვილმაც აჩუქა "ლიმონკა" და აღმოჩნდებოდა დნმ-ის ანალიზი ზედ, აბა რა იქნებოდაო. საინტერესოა, კიდევ რა ვერსიას შემოგვთავაზებს ბატონი ჯოგლიძე.
მანანა ვაზაგაშვილი:
- არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა ამ საზიზღარ ტყუილთან დაკავშირებით, - მადინა, რომელზეც ეს კაცი ლაპარაკობს, ჩვენი დეიდაშვილის შვილია, ქმარი მართლაც მელაძე ჰყავს, ამ ოჯახის საკუთრებაში მართლაც არის ავტომანქანა "ნივა"... ალბათ ამიტომ დაიკავშირეს ერთმანეთს ეს ორი ამაზრზენი ტყუილი. ნათესავიც რომ არ იყოს, იურა მაგის კაცი არ იყო, რომ ასეთი რამე ეკადრებინა. მადონა, ჩვენს სოფელში არავინ ცხოვრობს. ისიც უთქვამთ, რომ თითქოს მთელი სოფელმა იცოდა ეს ამბავი, -არადა, ყველა გაგიჟებულია, დავირაზმებით და აქციას მოვაწყობთო... ჩემი ძმა ჯერ ყაჩაღი "იყო", მერე "ნარკოტიკებით მოვაჭრე", ახლა ესეც დააბრალეს... არ შეიძლება, მიცვალებული მაინც მოასვენონ?..
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)