დიდი პარასკევი - "დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო..." - კვირის პალიტრა

დიდი პარასკევი - "დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო..."

იდგა მაცხოვარი - ტანჯული, სისხლიანი, ჭრილობებით დაფარული, ყვრიმლისცემით სახეშეცვლილი, თავზე ეკლის გვირგვინითა და ხელში არგნით, მარტოდმარტო და ყველასგან მიტოვებული. მთელი სხეული დაწყლულებოდა, ახლა კი ჯარისკაცები ამ წყლულებს შოლტებითა და ეკლიანი გვირგვინით უღრმავებდნენ. ბოლოს ლერწამი თავზე გადამტვრიეს, ქლამიდი გახადეს, თავისი კვართი ჩააცვეს და ჯვარზე გასაკრავად წაიყვანეს... ასიოდე ნაბიჯის შემდეგ, ქუჩის მოსახვევში, მაცხოვარს ძალა წაერთვა და ჯვრის სიმძიმისგან მუხლი მოეკვეთა. გზა კვლავ ციცაბო აღმართით მიემართებოდა და მაცხოვარს კვლავ გამოეცალა ძალა.

მაცხოვრის ჯვარი ორი ავაზაკის ჯვრებს შორის აღმართეს... ჯვარცმულ მაცხოვარს კი ძალიან სტკიოდა...  ძალიან უჭირდა...  ძალიან მოსწყურდა - საშინელი წყურვილი ჯვარცმისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ტანჯვათაგანია. უფალს არა მხოლოდ წყალი მოსწყურდა, არამედ ადამიანთაგან სიყვარული, შებრალება და თანაგრძნობა. მათ კი ნაღველი ასვეს და დასცინოდნენ. მასთან ერთად ჯვარზე გაკრულმა ერთ-ერთმა ავაზაკმაც დასცინა, მაგრამ მეორემ შენდობა და ხსენება ითხოვა, ამიტომაც შევიდა სასუფეველში პირველი.

ქრისტეს ნაწამებმა სხეულმა დიდხანს ვერ გაუძლო და სამ საათზე მიიცვალა. მზემ ვერ აიტანა შემოქმედის ასეთ დამცირება და ჩავიდა, ქვეყანა შეიძრა და კლდეები დასკდა - ბუნება ამ საშინელი ბოროტმოქმედების წინააღმდეგ აღსდგა. გაბზარულ კლდეში ადამის თავისქალა გამოჩნდა, რომელსაც ჯვრიდან ჩამოდენილი უწმიდესი სისხლი დაეწვეთა და აღხოცა ცოდვა ადამისა. ტაძრის კრეტსაბმელი შუაზე განიპო ნიშნად სასუფევლის კარის განღებისა. მიცვალებულები აღდგნენ და იერუსალიმის ქუჩებში დადიოდნენ...

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუადღისას აღევლნება, სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება - მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში. სერობის შემდეგ, საღამოს, ე.წ. ღვთისმშობლის გოდებაც" აღევლინება.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურსა და წყალზეა.

ძველი ტრადიციის თანახმად, ამავე დღეს, მზის ჩასვლამდე, წითლად იღებება სააღდგომო კვერცხები. კვერცხი ქრისტიანული ტრადიციით ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა.

მარიამ ბურჯანაძე

იხილეთ ასევე