"უჩას ავადმყოფობა იკურნება" - "ვია 75" -ის ტრიუმფის ერთ-ერთ სულისჩამდგმელს დახმარება სჭირდება
"უჩას მძიმე დაავადება სჭირს, რომელსაც ჰქვია. აუტანელი ტკივილები ჰქონდა, მაღალი სიცხე... საბოლოოდ ექიმებმა მას ქიმიოთერაპიის კურსები დაუნიშნეს."
"ის ქუთაისელია, აქვს არაჩვეულებრივი იუმორი, არის ლაღი და მხიარული ადამიანი... ეს სიმღერაც სწორედ ასეთია. საბედნიეროდ არჩევანმა გაამართლა და დღემდე "ბაკურიანი" თაობების საყვარელი სიმღერაა, ისევე, როგორც უჩაა ყველასთვის საყვარელი ადამიანი."
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტით ანსამბლ "ვია-75"-ის სოლისტების ბესო კალანდაძის და კობა ბეჟიტაშვილის მიმართვა გავრცელდა, ისინი საზოგადოებას ამავე ანსმაბლის წევრის უჩა კორძაიას დახმარებისაკენ მოუწოდებენ. ტრიუმფატორი ანსამბლის ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი მძიმე დაავადებას ებრძვის. "კვირის პალიტრა" დავუკავშირდით ბესო კალანდაძეს, რომელიც მეგობრის მდგომარეობაზე გვესაუბრება და ასევე ანსამბლის მოღვაწეობასაც იხსენებს. მაშ, რატომ შეასრულა თაობების საყვარელი სიმღერა "ბაკურიანი" საქსაფონისტმა უჩა კორძაიამ და ვინ გამართა პირველი კონცერტი-დიკოთეკა თბილისში?
- უჩას მძიმე დაავადება სჭირს. აუტანელი ტკივილები ჰქონდა, მაღალი სიცხე... საბოლოოდ ექიმებმა მას ქიმიოთერაპიის კურსები დაუნიშნეს. უჩამ სამი კურის უკვე გაიკეთა და ღვთის წყალობით, მკურნალობას კარგი შედეგი აქვს. ეს კურსები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, მაგრამ ამის გარდა საჭიროა მედიკამენტური მკურნალობაც რაც ძალიან ძვირი ჯდება. წარმოიდგინეთ ერთი წამალია, რომელის მხოლოდ ერთი ამპულა 5 000 დოლარი ღირს და ასეთი ექვსია საჭირო... თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ უჩას დაავადება სრულად ექვემდებარება მკურნალობას, ექიმები გვეუბნებიან, რომ ყველა პროცედურის ჩატარების შემთხვევაში ის სრულად ჯანმრთელი იქნება. რამდენიმე დღის წინ სხივური თერაპიის მორიგი კურსი რომ გაიკეთა, თავადაც თქვა, რომ უკეთ ვარო. მადა საერთოდ არ ჰქონდა და ამ კურსის შემდეგ საჭმელიც მოითხოვა. ეს ყველაფერი იმის თქმის საბაბს გვაძლევს, რომ მკურნალობა შედეგიანია.
როგორც უკვე ვთქვით, ძალიან დიდი თანხებზეა ლაპარაკი. ბუნებრივია უჩას ოჯახს გარკვეული ფინანსური საშუალება ჰქონდა, მაგრამ უკვე ამოეწურათ ყველა რესური. რა თქმა უნდა, სამეგობროც გვერდში ვუდგავართ... მას შემდეგ კი რაც ეს ინფორმაცია გახმაურდა და საბანკო რეკვიზიტები გავრცელდა ინტერნეტში, საკმაოდ ბევრი ადამიანი დაუდგა უჩას გვერდით. ერთ ადამიანს 2 500 ლარიც კი ჩაურიცხავს, ღმერთმა მილიონი მისცეს ასეთ გულიან ადამიანს. ყველას მადლობას ვუხდით! უჩას ძლიერი ორგანიზმი აქვს იმედი გვაქვს, რომ თუ მოხერხდა მუკრნალობის გაგრძელება და ყველაფერი კარგად იქნება... ახლა მთავარია იმკურნალოს...
- ბუნებრივია, სცენაზე დაბრუნებაზეც ფიქრობს...
- რა თქმა უნდა. ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. მართალია, უკვე ძველი გვარდია ვართ, მაგრამ არც მე და არც უჩა თავს ბებრებად არ მივიჩნევთ.
- ბატონო ბესო, მოდით გავიხსენოთ "ვია-75", რომლის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი სწორედ უჩა კორძაია იყო...
- ანსამბლი ბატონმა რობერტ ბარძიმაშვილმა დააფუძნა. მოგეხსენებათ, ის იყო "ორერას" ხელმძღვანელიც. უჩაც "ორერაში" იყო და როდესაც რობერტმა გადაწყვიტა ახალი ანსამბლის შექმნა, უჩასაც შესთავაზა და ისიც დათანხმდა... მე დაახლოებით 3 წლის მერე შევუერთდი ანსამბლს და მას შემდეგ ერთად მოვდივართ ყველა. შეიძლება ითქვას, რომ "ვია -75"-მა ერთი პატარა ეპოქა შექმნა. 1978 წელს რობერტ ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით გავაკეთეთ პროქეტი - "დისკოთეკა". მაშინდელ საბჭოთა კავშირში ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც სპორტის სასახლეში კონცერტი გავმართეთ. ამ კონცერტს სხვებისგან ის განასხვავებდა, რომ დამსწრეებს პარალელურად შეეძლოთ ცეკვაც... დღევანდელი გადასახედიდან ეს ჩვეულებრივი დისკოთეკა იყო, მაგრამ მაშინ ეს უჩვეულო მოვლენა გახლდათ და სრული ანშლაგით ჩატარდა. თან ამ კონცერტზე ჩვენ ყველანაირი ცენზის გარეშე ვასრულებდით სხვადსხვა დასავლურ სიმღერებს, რომელიც იმჟამად მოდაში იყო, მაგრამ უშიშროება ასე თუ ისე კრძალავდა. მესამე კონცერტის შემდეგ უშიროებიდან მოვიდნენ და გაგვაფრთხილეს, მეტად აღარ უნდა ჩაატაროთ ამ ტიპის კონცერტი, რადგან ჩხუბი მოხდაო. სინამდვილეში არავთარი ჩხუბი იქ არ ყოფილა, უბრალოდ, მაშინ ამდენი ხალხის ასე ერთად შეკრებას ძალიან უფრთხოდნენ. საერთოდ აკრძალვას მაინც მოერიდნენ და ფილარმონიაში ჩატარების უფლება მოგცეს, მაგრამ ფილარმონიაში ის ხიბლი აღარ ჰქონდა. ამის მერე წავედით ბალტიისპირეთში, სადაც ძალიან დიდი ტურნე გვქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, იყო ჯგუფები, რომლებიც ყველა ქალაქში დაგვყვებოდნენ, რათა ჩვენთვის მოესმინათ.
- ბატონო ბესო, ცნობილია, რომ ბატონი უჩა იშვიათად ასრულებდა სიმღერებს. რატომ გადაწყდა რომ თქვენი ერთ-ერთი ჰიტი "ბაკურიანი" მას ემღერა?
- ეს სიმღერა ნუგზარ ერგემლიძემ დაწერა, მაგრამ არა სასცენოდ. უბარლოდ, მეგობრების წრეში ერთ-ორ ჭიქა არაყთან ერთად სამღერლად. მოგვიანებით დავინახეთ ამ სიმღერაში ის მარცვალი, რაც უკეთესი ვერსიის გაკეთების საშუალებას იძლეოდა. არანჟირება მე გავაკეთე, სიმღერის ხასიათიდან გამომდინარე კი გადაწყდა, რომ მას უჩა ემღერა... ის ქუთაისელია, აქვს არაჩვეულებრივი იუმორი, არის ლაღი და მხიარული ადამიანი... ეს სიმღერაც სწორედ ასეთია. საბედნიეროდ არჩევანმა გაამართლა და დღემდე "ბაკურიანი" თაობების საყვარელი სიმღერაა, ისევე, როგორც უჩაა ყველასთვის საყვარელი ადამიანი.
აქვე ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს:
მიმღები: კონსტანტინე კორძაია.
საბანკო კოდი - TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში - GE31TB7290545063600040
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)