შალვა აბულაძე: ჩემი მეგობრის 19 წლის ორსული საცოლე აწამეს, ჩემს სასტუმროში "ლიმონკები" შეყარეს... - კვირის პალიტრა

შალვა აბულაძე: ჩემი მეგობრის 19 წლის ორსული საცოლე აწამეს, ჩემს სასტუმროში "ლიმონკები" შეყარეს...

"ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი მამუკა ხაზარაძე იყო"

ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძის სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიებად დაკავებამდე შეფარდებული პატიმრობა დაუდასტურდა, შესაბამისად, ის პატიმრობაში რჩება. პროკურატურის მოთხოვნას არც დაცვის მხარე შეწინააღმდეგებია. ბრალდებულის ადვოკატმა, ისევე როგორც თავად აბულაძემ, პროცესზე განაცხადა, რომ პატიმრობას ეთანხმებიან, რადგან თავისუფლების შემთხვევაში აბულაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე არსებობს. წინასასამართლო სხდომა აბულაძის საქმეზე, რომელშიც ორი პოლიციელის მკვლელობის ეპიზოდია გაერთიანებული, 22 მაისს გაიმართება.

როგორც შალვა აბულაძის პროცესზე განაცხდა, ლაპარაკს განხორციელდა თუ არა ძალადობა მასზე სამართალდამცველების მხრიდან, არანაირი აზრი არ აქვს. მოსამართლის შეკითხვაზე პასუხად, მან განაცხადა, რომ ამ თემაზე მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას. აღსანიშნავია, რომ აბულაძის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი აღარ იცავს და მისი დაცვის საქმეში ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე ჩაერთო.

"ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი მამუკა ხაზარაძე იყო." - განაცხადა ბრალდებულმა შალვა აბულაძემ სასამართლო სხდომაზე. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის გამოა ამ მდგომარეობაში. აღნიშნული განცხადება შალვა აბულაძემ მას მერე გაკეთა, რაც განაცხადა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. "ჩემი მეგობრის 19 წლის ორსული საცოლე აწამეს, ჩემს სასტუმროში "ლიმონკები" შეყარეს. ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ." - განაცხადა ბრალდებულმა.

სასამართლო პროცესს ბრალდებულის რამდენიმე ახლობელი დაესწრო. მათ შორის აბულაძის დეიდა ნანა გოგოლი. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ის არ ამართლებს დიშვილის საქციელს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ შალვა ღვთისმოსავი ადამიანი იყო და ციხიდანაც და იქედან გამოსვლის შემდეგაც ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა. "თუნდაც ციხეში ყოფნის პერიოდში ბევრ საქმეს აკეთებდა. რომ გამოვიდა, მერეც... არ დასცალდა; რომ დასცლოდა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა მისთვისაც და ბევრისთვისაც... ეს ტრაგედიაა, და მარტო იმ ოჯახების ტრაგედია არ არის, ეს საზოგადოების ტრაგედიაა. შალვა ღვთისმოსავი კაცი იყო, მაგრამ მის გამართლებაში არ ჩამითვალოთ. დანაშაული ჩაიდინა და მე ჩემი ყურით მოვისმინე, რომ ამას აღიარებს." - განაცხადა ბრალდებულის დეიდამ.

ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით