მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა

"როდესაც შევიტყვე, ილია ჭავჭავაძის როლი რომ უნდა განმესახიერებინა, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა უბედნიერესი ვიყავი. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რაც შეიძლება მსახიობს შეხვდეს კარიერის მანძილზე. სიხარულს ვერ ვმალავ, ასეთი რამ რომ ჩემთან გადაიკვეთა..." - ამბობდა "კვირის პალიტრასთან" მსახიობი კოტე თოლორდავა 2013 წელს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერ მსახიობს დიდი ილიას როლი უნდა შეესრულებინა...

დღეს კი მეტად სამწუხარო ამბავი გახდა ცნობილი, მასხიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა. ის მოსკოვში, ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. არსებული ცნობით, მსახიობი სწორედ მოსკოვში დაიღუპა. კოტე თოლორდავა გადაღებებზე რუსეთის დედაქალაქში 2 დღის წინ გაემგზავრა და ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო.

კოტე თოლორდავა "პალიტრა TV" -ს თანამშრომელი იყო. როგორც ირკვევა, მსახიობი გარდაცვლილი სასტუმროს ნომერში იპოვეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოტე თოლორდავას სიმამრმა კახა მელითაურმა განუცხადა. მისივე განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი ოჯახისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

"სამწუხაროდ, დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის. ვიცით ის, რომ გადაღებაზე არ მივიდა და როცა სასტუმროში მიაკითხეს, ნომერში დახვდათ გარდაცვლილი. ქართული მხარე მომხდარის საქმის კურსშია, ანუ კოტე იქ მარტო აღარ არის - ჰყავს პატრონი და საკმაოდ აქტიური პატრონაჟი მიმდინარეობს. ორშაბათს გვექნება პასუხი, როდის მოხდება საქართველოში მისი ჩამოსვენება." - განაცხადა კოტე თოლორდავას სიმამრმა.

მსახიობის მოსკოვიდან თბილისში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკითხის მოგვარებაში რუსეთში საქართველოს წარმომადგენლობაა ჩართული.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

იხილეთ ასევე: კოტე თოლორდავა - "შევძლებ, ილია ღირსეულად განვასახიერო"