"ყველამ იცის, რომ სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ქვეყანა" - კოტე თოლორდავას უკანასკნელი ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"ყველამ იცის, რომ სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ქვეყანა" - კოტე თოლორდავას უკანასკნელი ინტერვიუ

ინტერვიუ არქივიდან

მსახიობი კოტე თოლორდავა, რომელიც მოსკოვში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს, ჟურნალ "გზისთვის" ერთი კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში, იმ ფილმსა და საკუთარ როლზე ლაპარაკობდა, რომლის გადაღებაზეც იყო მოსკოვში ჩასული. ეს ინტერვიუ მსახიობისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. გთავზოვთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

მსახიობ კოტე თოლორდავას ცხოვრებაში სიახლეა - ის ცოტა ხნის წინ ირკუტსკიდან დაბრუნდა, სადაც კინოგადაღებაზე იმყოფებოდა. მიაჩნია, რომ ეს როლი ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარი იქნება მის შემოქმედებაში, მით უფრო, რომ ცნობილ რუს ვარსკვლავ სერგეი ბეზრუკოვთან ერთად მოუხდა თამაში.

- საკმაოდ სოლიდური კინოკომპანიის რეჟისორი - ნინა მატისონი თურმე, მთელი 2 კვირა მეძებდა. არადა, იმ დროს ტელეფონი გამორთული მქონდა, რადგან ბავშვმა გამიფუჭა. ბოლოს განოს შეეხმიანა მათი პროდიუსერი. სხვათა შორის, მატსონის სცენარის მიხედვით არის გადაღებულია ცნობილი ფილმის - "იოლკი" ორი სერია, რომელიც ყოველ ახალ წელს გადის ტელეეკრანებზე, დანარჩენი სერიები კი თავად აქვს გადაღებული. მასში ცნობილი მსახიობები: სერგეი ბეზრუკოვი და კონსტანტინე ხაბენსკი თამაშობენ.

კასტინგ-მენეჯერი და პროდიუსერი რომ დამიკავშირდნენ, მითხრეს: - ჩვენი ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟის როლზე მოგვწონხართ. ის ქართველია, გიგა ჰქვია და ტაქსის მძღოლად მუშაობს. იქნებ ორი სასინჯი სცენა გადაიღოთ ჩვენთვის და გამოგვიგზავნოთო. საჭირო სცენის გადაღებაში მეგობარი ნინო ისაკაძე და ჩემი სიმამრი (რომელიც რეჟისორია) დამეხმარნენ. ჩანაწერის გაგზავნიდან მეორე დღესვე დამირეკეს: მოგვეწონა და სასწრაფოდ ჩამოდით. თქვენი პარტნიორი (ჩემი პერსონაჟის მეუღლის როლისთვის) უნდა შევარჩიოთ და ამაში თავად დაგვეხმარეთო. უარი არ მითქვამს, მაგრამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი: მჭირდებოდა სამუშაო ვიზა, რომელიც დღეს აღარ კეთდება. ჰოდა, ბევრი ადამიანის შეწუხება დაგვჭირდა, რომ წასვლა მომეხერხებინა. თავიდან მითხრეს, რომ რუსეთში 3 დღის გატარება მომიწევდა, მაგრამ 20 დღე დავრჩი. ირკუტსკში რომ ჩავფრინდი, -20 გრადუსი ყინვა დამხვდა. ბაიკალის უშველებელ, გაყინულ ტბაზე გვქონდა გადაღებები და პირდაპირ გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი.

- ფილმში ცნობილი რუსი მსახიობი, სერგეი ბეზრუკოვიც თამაშობს. მასზე რას გვეტყვი?

- სასტუმროში ვცხოვრობდი. ჩემი ნომრის წინ იყო მისი ოთახი. ახალი ჩასული ვიყავი, როცა პირისპირ შევხვდი - ჩვენ-ჩვენი ნომრიდან გამოვდიოდით. გადასაღები მოედანი, როგორც უკვე გითხარით, ზედ ყინულზე იყო მოწყობილი. 5 დღე საშინელი ყინვის ატანა მომიხდა. ძირითადი სცენები მანქანაში მქონდა, სერგეისთან ერთად. ავტომობილს ყინულზე ვატარებდი და ამ დროს საოცრად დაძაბული ვიყავი. მით უმეტეს, რომ ვიღაცებმა შემაშინეს, - ცოტა ხნის წინ ტბაზე ყინული ჩატყდა და ხალხი დაიღუპაო. სხვათა შორის, ჩვენი იქიდან წამოსვლის შემდეგ, სწორედ იმ ადგილას, იანუკოვიჩის შვილი გარდაიცვალა, რომელიც სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდა... საგულისხმოა, რომ გადაღების პერიოდში მუდმივად თან გვახლდა გარემოს დაცვის სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც ეს ტბა შესწავლილი ჰქონდა და 5 თითივით იცოდა, რა ადგილებში შეგვეძლო გადაღება და სად იყო სახიფათო მონაკვეთი.

- გადაღებები უკვე დასრულდა?

- გადასაღები კიდევ 2 სცენა დამრჩა, რომელზე მუშაობასაც უკვე მოსკოვში გავაგრძელებთ...

გაგრძელება იხილეთ