ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 11-წლიანი პატიმრობა - ბრალდებულმა პოლიციელმა დანაშაული აღიარა
2014 წლის 25 ივლისს საზარელი მკვლელობა მოხდა ზესტაფონში. 22 წლის სალომე ჯორბენაძეს ყოფილმა ქმარმა, პოლიციის თანამშრომელმა სერგი საცერაძემ ხუთი ტყვია ტაბელური იარაღიდან ესროლა. გოგონა ადგილზე გარადაიცვალა. დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სერგი საცერაძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ცოლის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლო დარბაზში სიტყვითაც გამოვიდა. მან გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, საზოგადოებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუბოდიშა და განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობს. სერგი საცერაძის თქმით, ის მკვლელობის მომენტში აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
სასჯელით უკმაყოფილო არიან გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები. სალომე ჯორბენაძის დედის ფატი ჭელიშვილის განცხადებით, ის სასჯელის უმკაცრესი ზომის გამოყენებას ითხოვდა.
გთავაზობთ ფრაგმენტებს "კვირის პალიტრის" 2014 წლის საარქივო სტატიიდან: "ეჭვიანი იყო ქმარი და ვერ გაუძლო" - რას შეეწირა 22 წლის სალომეს სიცოცხლე
სალომეს ყოფილი ქმრისგან წლინახევრის ბიჭი ჰყავდა. გოგონას ახლობლები შემდეგს ყვებოდნენ:
- სალომე იმ ბიჭმა მოიტაცა, მაგრამ ქორწინებიდან რამდენიმე თვეში გაშორდნენ. ეჭვიანი იყო და ვერ გაუძლო. 4 თვის ფეხძიმე იყო, რომ გაცილდნენ. ბავშვი გააჩინა და მშობლების დახმარებით ზრდიდა. თავს ევლებოდნენ ყველანი სანდრიკას. ითქვა, რომ ყოფილი ქმარი ემუქრებოდა, სავარაუდოდ, თამამი ფოტოების გამო. ულამაზესი გოგონა იყო სალომე. ქმარს გაცილებული იყო და ჩადრით ვერ ივლიდა."
არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, სალომე შეყვარებულთან ერთად არ ყოფილა, თბილისიდან ზესტაფონში შვილის სანახავად იყო წასული, თითქმის სახლამდე იყო მისული, ეტყობა, ყოფილი ქმარი ჩასაფრებული იყო და იქვე ახლოს ელოდებოდა. სახლიდან თითქმის 200 მეტრში. ანუ იცოდა, რომ მოდიოდა. სალომე, მას საკუთარი ნებით არ ჩაუჯდებოდა, ეტყობა ძალით ჩასვა მანქანაში ან მუქარით.
- თვითმხილველი არ არსებობს?..
- არა, დედამ მოჰყვა, ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, ხიდის თავში ვარ დედა, 15 წუთში სახლში ვიქნები და ბავშვი ვაბანოთო. ამის შემდეგ, 15-20 წუთი რომ გავიდა, გადავურეკე და არ პასუხობდაო... 5 ტყვია აქვს ნასროლი, ორი გულმკერდის არეში, ორი მუცელში და ერთიც ხელში, - ეტყობა, ამ საცოდავმა პირველ ტყვიაზე ხელი აიფარა ინტსტიქტურად. ერთი სიტყვით, ადგილზე მოკლა და პატრულს ჩაბარდა. ნასვამი ყოფილა. ადრეც
ემუქრებოდა სალომეს რამდენიმე თვის წინ, სალომეს ფიზიკურადაც გაუსწორდა, რის გამოც გაფრთხილებული იყო შესაბამის სამსახურებისგან.
- რატომ, შერიგებას სთხოვდა?..
- არა, უბრალოდ, ტიპია ასეთი აგრესიული. ითქვა, ის ბიჭი დამუქრებია, - თუ მე უბედური ვიქნები, არც შენ გაცოცხლებო...… კიდევ, ითქვა, რომ ამ ბიჭს ცოლი ჰყავს, მაგრამ ასე არ არის, მაგას ვინ გაჰყვებოდა, თამაშობდა და ასეა დღემდე...