რა მდგომარეობაშია მოზარდი, რომელიც მე-8 სართულიდან გადახტა - მუხიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
მამის ცხედარი ბინაში 20 წლის ქალიშვილმა მოგვიანებით აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, ბინაში მამა და მისი 14 წლის ვაჟი მარტო იყვნენ...
"ბიჭი გვერდულად დაეცა მანქანაზე და ამან იხსნა შინაგანი ორგანოები დაზიანებისგან."
18 აპრილს, შაქარაშვილების ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 14 წლის ბიჭი მე-8 სართულიდან გადახტა და თავის მოკვლა სცადა. მამამ კი, რომელიც ამ დროს შინ იმყოფებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი. 14 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ჯერ ისევ რეანიმაციაში, აპარატზეა შეერთებული. ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. მოზარდს სხეულის მრავლობითი მოტეხილობა აქვს და, სავარაუდოდ, რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება.
ბიჭის მრავალსართულიანი კორპუსიდან გადახტომას საკმაოდ ბევრი თვითმხილველი ჰყავდა, ამ დროს ეზოში ხალხი იყო. დაშავებული ბიჭი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ფაქტის შემხედვარე მამამ ზაქრო შაქარაშვილმა სანადირო ორლულიანი თოფით თავი მოიკლა. მამის ცხედარი ბინაში 20 წლის ქალიშვილმა მოგვიანებით აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, ბინაში მამა და მისი 14 წლის ვაჟი მარტო იყვნენ. სავარაუდოდ, მათ იჩხუბეს და ყველაფერი ასეთი ტრაგედიით დასრულდა. როგორც ამბობენ, ზაქრო შაქარაშვილი ტრაგედიის დროს მთვრალი იყო. ახლობლები ამბობენ, რომ ის მეოჯახე კაცი იყო, მაგრამ რთული სიმთვრალე ჰქონდა. ვარაუდობენ, მამა-შვილს შორის კონფლიქტი სწორედ ამ მიზეზით მოხდა. მოზარდის და ნინო შაქარაშვილი ტრაგედიის დღეს ივარაუდა, - ჯერ მამამ მოიკლა თავი, ეს რომ ჩემმა ძმამ დაინახა, შეშინდა და ამიტომ გადახტაო, თუმცა ამ ვერსიას ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევენ სამართალდამცავები. მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემა არ ჰქონდა. ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი მუშაობდა და სერიოზული კონფლიქტებიც არასდროს ჰოქნიათ. მომხდარით შეძრული ოჯახის მეზობლები და ახლობლები ტრაგედიის მიზეზს ვერ ხსნიან.
ქეთინო, შაქარაშვილების მეზობელი:
-ჯერ მდგომარეობიდან ვერ გამოვსულვარ. ყველანი შოკში ვართ. არ ვიცით რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია. ბიჭი ჩვენს თვალწინ გაიზარდა. ვიდრე პატარა იყო, ბავშვებთან ერთად, სულ ეზოში თამაშობდა, მერე წიგნებით დაინტერესდა, ბერს კითხულობდა და ეზოში იაშვიათად ვხედავდით. მე პედაგოგი ვარ, ჩემთან ბევრჯერ ჩამოსულა წიგნების სათხოვნელად, მერე თავისი ბიბლიოთეკაც გაამდიდრა. ძალიან განათლებული ბავშვია. კარგ ოჯახში გაიზარდა. ვერც ერთი ადამიანი უარყოფითს ამ ბავშვზე ვერ გეტყვით. კულტურული, წესიერი ბიჭია, საოცარი იუმორის გრძნობით... როგორც გავარკვიე, არც სკოლაში ჰქონია პრობლემა, თვითმკვლელობა რატომ სცადა, არ ვიცით. ის მეტად კომუნიკაბელური მოზარდია, სხვა ბევრი მისი თანატოლებისგან განსხვავებით არასდროს ყოფილი გულჩათხრობილი და ჩაკეტილი. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. მშრომელი, პატიოსანი. ეს დღეებია სულ იმას ვფიქრობ, ეს რატომ ჩაიდინა. მამამისის სიკვდილი გასაგებია, ბუნებრივია, რომ დაინახა შვილი მე-8 სართულიდან როგორ გადახტა ამას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. ამ დღის გახსენება არ მინდა. საშინელი ტკივილია... ათასი ჭორი გაავრცელეს, როგორ შეიძლება, ბავშვს ტყუილები ასე უნამუსოდ მიაწერო, ეს ხომ საშინელი ცოდვაა...
მზია, ფაქტის თვითმხილველი:
- უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, პირდაპირ ვუყურებდი ბავშვი ზევიდან როგორ მოფრინავდა და მანქანაზე როგორ დაეცა, მერე იქიდან ასფალტზე დასრიალდა. ეს სრული შოკი იყო. ყველანი მივცვივდით, ვიცანით ჩვენი კარგი ბიჭი, თავიდან ვერ მივხვდი, რომელი სართულიდან გადმოვარდა. ეს საშინელი სურათი რომ დავინახე, ისტერიულად ვკიოდი, ახლოს ვერ გავეკარე. ყველას ვთხოვდი დახმარებას. სასწრაფოც ძალიან მალე, ალბათ 3-4 წუთში მოვიდა. გონება დაკარგული ჰქონდა... ძალიან მოწესრიგებული, კულტურული ბავშვია. მთელი ოჯახი წესიერია, მშრომელი ხალხია. ყურმოკლულიც კი არ მქონდა არასოდეს, რომ ამ ოჯახში რაიმე პრობლემა იყო. არავინ იცის იქ რა მოხდა. სახლში მხოლოდ მამა-შვილი ყოფილა, მათ შორის რა მოხდა, არ ვიცით.
მოზარდი ერთ-ერთ კრძო სკოლაში სწავლობს.
ნუნუ ბეიტრიშვილი, სკოლის დირექტორი:
- ძალიან ნაკითხი ბავშვია. განსაკუთრებული მიდრეკილება ჰუმანიტარული საგნებისკენ აქვს. ენებიც კარგად იცის, მომხდარით შეძრულები ვართ. ოჯახი გაუბედურდა და ამას ძალიან განვიცდით. შაბათს სკოლაში იყო ჩვეულებრივ, საღამოს საათებში დატრიალდა ეს საშინლება. არანაირი პრობლემა სკოლაში არ ჰქონია. ვიცით, რომ ჰყავდა მზრუნველი მშობლები. შვილი კარგ სკოლაში დაჰყავდათ, მისი განათლებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. მასაც სულ წიგნით ხელში ნახავდით. დედამისი ხშირად მოდიოდა. კითხვაა მისი ჰობი, მშვიდი და მეგობრული ბიჭია. ექიმები ფიქრობენ, რომ გადარჩება და ეს მაიმედებს. თავის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, თავი არ აქვს დაზიანებული. ხერხემალიც მთელია, ნეკნები და მენჯის ძვალი აქვს მოტეხილი. თურმე ფეხებიც აამოძრავა. დიდი ხანი კი მოუწევს რეაბილიტაცია, მაგრამ გადარჩებაო, - ამბობენ ექიმები. როგორც ჩანს, გვერდულად დაეცა მანქანაზე და ამან იხსნა შინაგანი ორგანოები დაზიანებისგან. იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
ზაქრო შაქარაშვილის ცხედარი პროზექტურიდან კასპის რაიონის სოფელ დოესში გადაასვენეს. მას მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ. სანადირო თოფი, რითაც თავი მოიკლა, მას გაფორმებული ჰქონდა, რადგან ნადირობა ძალიან უყვარდა.
18 აპრილს, საღამოს, მუხიანში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე -თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. ტრაგედიის მიზეზს სამართალდამცავები იკვლევენ.
ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)