ისწავლე და იმუშავე! - უნიკალური შეთავაზება სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს
"ისწავლე და იმუშავე" პალიტრა მედიის ახალი პროექტია, რომელიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს დასაქმებისა და კარიერის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.
როგორც პალიტრა მედიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ფეიქრიშვილი აღნიშნავს, ეს არის სოციალური პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს - მე-4 კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმებაში დაეხმარება.
მისივე თქმით, საუკეთესოები "პალიტრა მედია ჰოლდინგის" გუნდის წევრები გახდებიან: "ისწავლე და იმუშავეს" პროექტისთვის მონაწილეებს სტანდარტული შერჩევის საფუძველზე ავიყვანთ: რეზიუმეებითა და სამოტივაციო წერილებით. შემდეგი ეტაპია გასაუბრება, რომლის შედეგადაც 25 ადამიანს შევარჩევთ. ეს 25 ადამიანი გაივლის ტრენინგებისა და პრაქტიკის ეტაპებს. ბოლოს კი ავარჩევთ საუკეთესოებს, რომლებიც ჩვენთან სარეკლამო, გაყიდვების, მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით დასაქმდებიან და ჩვენი გუნდის წევრები გახდებიან",-აღნიშნავს ნინო ფეიქრიშვილი.
პროექტის ფარგლებში 2-თვიან, უფასო კურსებს გამოცდილი პროფესიონალები ჩაატარებენ. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაყიდვების ტექნიკას, მოლაპარაკების ხელოვნებას, რეკლამის ფსიქოლოგიას და საზოგადოებასთან ურთიერთობას შეისწავლიან.
პროგრამის თეორიული ნაწილი პალიტრის აკადემიაში, კოსტავას 47 ნომერში ჩატარდება, ხოლო პრაქტიკულ გამოცდილებას კურსდამთავრებულები "პალიტრა მედიის" სათაო ოფისში მიიღებენ.
მსურველები, რომლებსაც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება სურთ, შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ: ასაკი: 20-დან 32 წლამდე; უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ნებისმიერი სპეციალიზაციის მიხედვით); ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა; მიზანდასახულობა და ენერგიულობა; გუნდურობა. მსურველებმა საკუთარი CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე hr@palitra.ge 15 მაისამდე (არაუგვიანეს 15 მაისისა) უნდა გააგზავნონ.
პალიტრა მედიამ ფუნქციონირება 1995 წლიდან დაიწყო. დღესდღეობით ის 4 პერიოდულ გაზეთს, 16 პერიოდულ ჟურნალს, 22 ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოს, ლიტერატურის საგამომცემლო სახლს და წიგნების მაღაზიათა ქსელს "ბიბლუსს" აერთიანებს.
"პალიტრა მედიის" ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საკადრო პოლიტიკაა, რაც პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას, ასევე მათი და არსებული თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას გულისხმობს.
თამარ კორკოტაშვილი