სად არის და როგორ ცხოვრობს ბიჭი ფილმიდან "უძინართა მზე"
"მყავდა ოჯახი, რომელიც სამწუხაროდ, დაინგრა და ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, ძალზე დავითრგუნე. მერე გული ვეღარაფერს დავუდე და სამსახურიც მივატოვე, სმა დავიწყე. მოგვიანებით, მონასტერში წასვლა გადავწყვიტე. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მანამდე მონასტერს რამდენიმე დღით ვსტუმრობდი ხოლმე, შემდეგ კი ხანგრძლივად დავრჩი. თავდაპირველად, გელათში ჩავედი, იქიდან ლეჩხუმში გადავედი."
ქართულ ფილმში - "უძინართა მზე" ერთ-ერთ მთავარ როლს დათო კაზიშვილი ასრულებს. ის არაპროფესიონალი მსახიობი გახლავთ, თუმცა, იმდენად კარგად განასახიერა თავისი სეხნია - დათო, რომ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა. ბოლო დროს, სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი დაინტერესდა, თუ სად არის და რას საქმიანობს. ამ ადამიანზე არაერთი ჭორიც დაიწერა. მაგალითად, ვიღაც ამტკიცებდა, - საზღვარგარეთ ცხოვრობსო, სხვამ დაწერა: გარდაიცვალაო. რეალურად, დათო საქართველოშია და სვეტიცხოველში მსახურობს.
- დათო, ბოლო დროს შენზე ათასნაირი ჭორი გავრცელდა. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- არ ვიცი, რა გითხრა. ალბათ, ტელეეკრანზე რომ არ ვჩანვარ და არც პრესაში იბეჭდება ჩემი სტატიები, ხალხი ათას რამეს იგონებს.
- არაერთ მსახიობს აქვს რამდენიმე როლი შესრულებული და მათ მაინც ვერავინ ცნობს, შენ კი ამ ერთი როლის გამო, რომელიც წლების წინ ითამაშე, ვერ დაგივიწყეს.
- როგორც ჩანს, ეს წარმატებული ფილმისა და ჩემი გმირის - დათოს დამსახურებაა.
- ბევრი ძებნის შემდეგ, მონასტერში გიპოვე. აქ როგორ და რა გზით მოხვედი?
- ცხოვრებამ მომიყვანა. ადამიანებთან ურთიერთობებმა გადამაწყვეტინა, ღმერთის გზაზე დავმდგარიყავი. მყავდა ოჯახი, რომელიც სამწუხაროდ, დაინგრა და ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, ძალზე დავითრგუნე. მერე გული ვეღარაფერს დავუდე და სამსახურიც მივატოვე, სმა დავიწყე. მოგვიანებით, მონასტერში წასვლა გადავწყვიტე. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მანამდე მონასტერს რამდენიმე დღით ვსტუმრობდი ხოლმე, შემდეგ კი ხანგრძლივად დავრჩი. თავდაპირველად, გელათში ჩავედი, იქიდან ლეჩხუმში გადავედი. ახლა კი თითქმის ერთი თვეა, სვეტიცხოველში ვარ. დაახლოებით წელიწადია, რაც მონასტერში ვცხოვრობ. მორჩილი ვარ. აქ ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს, მე მესანთლე ვარ ანუ სანთლებს ვქნი.
- მონასტერში წასვლით, სულიერი შვება იპოვე?
- ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ხალხის ჭორი სინამდვილედ იქცეოდა და ალბათ, მართლა მოვკვდებოდი. რა ვქნა, გამიჭირდა ოჯახის დანგრევასთან შეგუება. მონასტერმა სიკვდილს გადამარჩინა.