მიხეილ ხარძიანი: იძულებული გამხადეს, ყველაფერი საჯაროდ მეთქვა
"ცოტაც მოითმინეთ, დამიჯერეთ, მალე ბოდიშის მოხდა მოუწევთ"
მოკლული ბესო ხარძიანის შვილმა პირველი ქორწინებიდან, მიხეილ ხარძიანმა რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენის მეორე მეუღლეს ეკა ნონიკაშვილს მძიმე ბრალდება წაუყენა: "პირადად მე მიმაჩნია, რომ მისი (ბესო ხარძიანის) მკვლელობა ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა". მან ბიძასა და მამიდას სიმართლის თქმისკენ მოუწოდა. მიხეილ ხარძიანისვე ინფორმაციით, ნონიკაშვილმა მამამისი თავის დროზე ქონების მითვისების მიზნით დააჭერინა. "კვირის პალიტრა" მიხეილ ხარძიანს დაუკავშირდა.
- რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობა ეკა ნონიკაშვილმა ქონების მითვისებისთვის დაგეგმა?
- ეჭვი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ეს ოჯახის წევრებმა მითხრეს. ბებიისა და მამიდის საუბარს შევესწარი, მათ მითხრეს, რომ მე და ჩემს დას მოგვკლავს და ქონება ეკა ნონიკაშვილს დარჩება. ბებია და მამიდა ამას რომ გეტყვიან, ეჭვი როგორ არ უნდა გამჩენოდა?!
ამ ნაბიჯის გადადგმა ჩემთვის საკმაოდ ძნელი იყო, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს, ასე ვთქვათ, იძულებული გამხადეს, ყველაფერი საჯაროდ მეთქვა.
- ბესო ხარძიანის მკვლელობის შემდეგ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ხელს გია უდესიანს ადებდნენ. გარდაცვალებამდე თავად ბესო ხარძიანიც არაერთხელ ასახელებდა მის გვარს და მასთან სასამართლო დავაც ჰქონდა. თქვენ რის საფუძველზე ამბობთ, რომ გია უდესიანი უდანაშაულოა?
- გია უდესიანზე ამას მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ ოჯახმა ბესოს მეგობრები, საზოგადოება, სასულიერო პირები და საერთოდ, ყველა მოატყუა. პირადად მე ბრალს არავის ვდებ, უბრალოდ, ეჭვი გამიჩნდა, ისიც თვითონ ოჯახის წევრების საუბრის შემდეგ. ბესო და გია უდესიანი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, ერთმანეთს პატივსაც სცემდნენ, როგორც ძმადნაფიცები და ბიზნესპარტნიორები...
- თავად ბესო ხარძიანი თავის დაკავებას და ბიზნესის წართმევას გია უდესიანს უკავშირებდა.
- ბესოს ოჯახმა შეატყობინა, თითქოს მათზე ზეწოლას ახდენდნენ, იარაღის ქვეშ ცხოვრობდნენ და თუ ბესო ქონებას გია უდესიანს არ გადაუფორმებდა, ყველას ამოხოცავდნენ. ბესოც კი მოატყუეს და ორმაგი თამაში ითამაშეს. როგორც ვიცი, როცა ციხეში ბესოს ჯალათები სცემდნენ, უდესიანის გვარს სპეციალურად ახსენებდნენ და ფსიქოტროპულ წამლებს ასმევდნენ. მამაჩემს ტვინი ყველა მხრიდან აურიეს.
- და თქვენი აზრით, ვისი დახმარებით ჰქონდა ეკა ნონიკაშვილს იმხელა გავლენა, რომ ჯალათებისთვის მამათქვენის ცემა გია უდესიანის სახელით ებრძანებინა?
- არ ვიცი, ვინ ჰყავდა და როგორ... ბრალს არ ვდებ, მაგრამ ეჭვი მაქვს. ცილისწამება დაიწყეს, თითქოს ბესო გია უდესიანმა დააჭერინა, არადა, მტკიცებულებების გარეშე ბრალდებების წაყენება დიდი ცოდვაა. რატომ აიძულა ეკა ნონიკაშვილმა ბესო, ქონება უდესიანისთვის გადაეფორმებინა, ეს ოჯახმა კარგად იცის და მეც მაინტერესებს, ამიტომ მოვუწოდებ, გამოვიდნენ და სიმართლე თქვან.
- თქვენი ვერსია არა გაქვთ?
- როგორც ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, ეკა ნონიკაშვილმა ბესოს ეს ყველაფერი ქონებისა და პირადი მოტივის გამო გაუკეთა.
- კონკრეტულად, რომელი ოჯახის წევრები გეუბნებოდნენ ამას?
- ბებია, ბიძა და მამიდა.
- გია უდესიანმა რა მტკიცებულებები წარმოგიდგინათ, სად შეხვდით მას და როდის?
- გია უდესიანს 18 აპრილს, ქალაქ კიევში შევხვდი. მტკიცებულებები ჩემთვის არ გადმოუცია, მის კომპიუტერში ვიდეომასალები ვნახე, რომლის დეტალებზეც ვერაფერს გეტყვით, კონფიდენციალურია.
- ეკა ნონიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ეკას, ბესო ხარძიანის პირველ მეუღლესა და შვილებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
- ასეთი მატყუარა ხალხი არასოდეს მინახავს. ეკა ნონიკაშვილისთვის ყოველთვის "ცუდი ბავშვი" ვიყავი, და-ძმებს ურთიერთობას გვიშლიდა, რისი მოწმეც მთელი მარაბდის ქუჩის სამეზობლოა. ცოტაც მოითმინეთ, დამიჯერეთ, მალე ბოდიშის მოხდა მოუწევთ. ჩემს სიმართლეში ყველა დარწმუნდება. ვერსად გაექცევიან იმ ვიდეომასალებს, რაც გია უდესიანს აქვს.
- გია უდესიანი საგამოძიებო სტრუქტურებისთვის მათ მიწოდებას არ აპირებს?
- არ ვიცი, შესაძლოა, პროკურატურას მიაწოდოს... ადამიანისთვის უსაფუძვლოდ მკვლელობის დაბრალება არ შეიძლება! …
- თქვენი განცხადებებისა და გია უდესიანთან შეხვედრის შემდეგ, საზოგადოების ნაწილი, მათ შორის, ბესო ხარძიანის მეგობრები, ეჭვობენ, რომ უდესიანისგან გარკვეული თანხა აიღეთ. თქვენმა ბიძაშვილმა "გვარის სირცხვილადაც" მოგიხსენიათ...
- მინდა საზოგადოებას მივმართო: მე ბრალს არავის ვდებ და არც არავის ვიცავ, რაც შეეხება ჩემს ეჭვს, ეს მამაჩემის ოჯახის წევრების საუბრიდან გამომდინარე გამიჩნდა... ამიტომ
საზოგადოებას მივმართავ, თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი კომენტარებისა და ნაადრევი დასკვნებისგან, მხოლოდ გამოძიების დამთავრების შემდეგ გამოჩნდება, ვინ არის დამნაშავე.
ამ სკანდალურ განცხადებაზე არც დაღუპული ბიზნესმენის და, მაია ხარძიანი, აკეთებს განცხადებას, არც ბესო ხარძიანის მეუღლე ეკა ნონიკაშვილი პასუხობს მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს. ჩვენ ეკა ნონიკაშვილს დავუკავშირდით, "მომავალში გავაკეთებ განცხადებას. მეუღლის 40-ის მერე", - გვითხრა მან და ტელეფონი გათიშა. ამის შემდეგ მის ადვოკატს მალხაზ სალაყაიას დავუკავშირდით:
- მიხეილ ხარძიანის უფროსი ვაჟის განცხადება უსაფუძვლო და გამაოგნებელია, ეს არის პირველი ოჯახის მიერ ბესოს ოჯახის დისკრედიტაცია.
- მიხეილ ხარძიანმა ტელეეთერში განაცხადა, რომ გია უდესიანის ნაჩუქარი მანქანით დადის ეკა ნონიკაშვილი.
- ვის რა წვლილი მიუძღვის ნივთის შეძენაში, ვერ გეტყვით, ეკა გლოვობს ქმარს და ამაზე საუბარიც არ ღირს.
ჯერ უნდა განისაზღვროს სამკვიდრო და ამის მერე გაიყოფა ქონება. ბესო ხარძიანის ქონება დღემდე დაყადაღებულია.
ბესო ხარძიანი პირველ მეუღლესთან 25 წელზე მეტია, რაც გაცილებულია. უფროსი შვილი 24 წლისაა. ბესოს ეკასთან ქალ-ვაჟი, ქეთევანი და მამის მოსახელე ბესო ჰყავს. სტაბილურად ცხოვრობდა მეორე ოჯახთან, არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ.
ძალიან შეურაცხყოფილი არიან ბესოს შვილები, რადგან მათ კარგი დაძმობა ჰქონდათ ანასა და მიხეილთან. უმძიმეს დღეშია ეკა, ყველაზე აქვს ეჭვი, ვინც ბესოს გარემოცვაში ტრიალებდა.
- ოჯახს ეჭვი უდესიანზე ჰქონდა.
- არც ერთი ვერსია არ არის მოხსნილი.
- ჩვენი ინფორმაციით, გამოძიებას უკვე ჰყავს ეჭვმიტანილი, ამას ადასტურებთ?
- ჩეჩენი წარმომავლობის არის თუ არა მკვლელი, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, დღე-დღეზე მკვლელის ვინაობა უნდა გაცხადდეს. ყველა დეტალი ცნობილია გამოძიებისთვის, მკვლელის თვალის ჭრილი, ცხვირის ფორმა გარკვეულია... მის ვინაობას ამ დღეებში გაახმაურებენ.
პროკურატურაში მიხეილ ხარძიანის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ. არც გია უდესიანის და, ნატო უდესიანი, საუბრობს მიხეილ ხარძიანის ეჭვებზე.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ხარძიანის მკვლელობაში 2 ადამიანი მონაწილეობდა?!
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროკურატურას აქვს ინფორმაცია, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობაში ორი ადამიანი მონაწილეობდა. სავარაუდოდ, ერთი ბიზნესმენს უთვალთვალებდა, მეორე კი უშუალო შემსრულებელი იყო. მათ მკვლელობიდან რამდენიმე საათში დატოვეს საქართველო.
რუსუდან შელია
თეა ხურცილავა