კე­სო-­ბე­სოს "წი­ნა­პა­რი" ანუ რო­გორ იქ­ცა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ქე­თო თე­დოდ - კვირის პალიტრა

კე­სო-­ბე­სოს "წი­ნა­პა­რი" ანუ რო­გორ იქ­ცა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ქე­თო თე­დოდ

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული პრესის არქივში ბევრ საინტერესოს წააწყდება კაცი. ვფიქრობ, თქვენც სიამოვნებით გაეცნობით, რას წერდა ქართული პრესა უწინ და რა პარალელის გავლება შეიძლება დღევანდელობასთან.

ამჯერად XIX საუკუნის მიწურულის, 1897 წლის 3 სექტემბრის ყოველდღიურ სახალხო გამოცემას - "ცნობის ფურცელს" გადავავლებთ თვალს. გაზეთი პირველ გვერდს აფიშასა და განცხადებებს უთმობს. მეორე გვერდზე იტყობინებიან, რომ 2 სექტემბერს "დაურიგდა ხელის მომწერლებს თავ. აკაკი წერეთლის თვიური ჟურნალი "კრებულის" პირველი წიგნი" და სულით და გულით უსურვებენ ახალ ჟურნალს "თავისი საქმე პირნათლად და მოსალოდნელად წაეყვანოს"... იქვე იუწყებიან, რომ "31 აგვისტოს ქუთაისში ვიღაც ბოროტ-გამზრახველს შერჩეული გასაღებებით გაუქურდავს რკინის გზის კასსა. წაღებულია 6500 მან"...

საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა და ჩვენც განსაკუთრებულად საინტერესოდ გვეჩვენა ვინმე, ალელი მედავითნის სტატია "ბატონყმობის ნაშთი ქალ-კაცა", სადაც მოთხრობილია ზემო ქართლის მცხოვრებ ქალზე, რომელიც კაცად ბატონყმობის უკუღმართ ყოფას უქცევია: "მდინარე ფრონეს პირზედ სცხოვრობდა მებატონე ხ-ძე, რომელსაც ემსახურებოდა, თურმე, შვიდის წლიდგან, ერთი გლეხის კობერიძის ასული, ქეთევან. ქეთევანი ყოფილა თვალათ და ტანათ საშუალი ქალი და ამასთანავე ერთგული მოსამსახურე". სულ პატარა დაობლებულა, მისი და-ძმა კი სხვა ბატონს წაუყვანია. რომ წამოზრდილა და ჭკუაში ჩავარდნილა, თავისი ყოფა არ მოსწონებია და ბატონს გაქცევია, მაგრამ უპოვნიათ და უკან დაუბრუნებიათ. მსგავსი რამ რამდენჯერმე გაუმეორებია და დევნით გაბეზრებულ ბატონს ქეთევანი იმერეთის აზნაურისთვის 20 თუმნად მიუყიდნია. იმერელი აზნაური მოსამსახურე მონად ამუშავებდა თურმე გოგონას. დიდი ჯაფა და წვალება რომ ვეღარ აუტანია უკვე "ოცდა ხუთის წლის სისხლ სამსე ქალს", ბატონისთვის შეუბედავს: "უფალო ბატონო! ან თავი დამახსნევინე ფულით, ვიშოვნი სადმე და მოგართმევ და ან ხანჯლით მომკალი, რომ ამ ტანჯვას მოვშორდე; უკეთუ ამ ორ თხოვნას არ შემისრულებთ, მე თვით დავიხრჩობ თავს მდინარე ძირულაშიო". ბატონს წაუყრუებია და დაუტუქსავს კიდეც, ამიტომ ქეთევანს ნაცადი ხერხისთვის მიუმართავს და გამოპარულა. ბორჯომის ხეობაში მეტივეებს შეხვეწნია, ერთი ხელი კაცის სამოსი მომეცითო. "იმათაც შეცოდებიათ, ზოგს ქუდი მიუცია, ზოგს ჩოხა, ზოგს ახალუხი, ზოგს სარტყელი და საჩქაროთ გამოწყობილა მეტივურ ტანისამოსში, თმის ნაწნავებიც მაშინვე მოუჭრია და მტკვრისთვის მიუბარებია, სანამ ისევ ქალობა მერგებოდესო, გაკრეჭილ თავზედ დაუხურავს კოხტა ქუდი, სახელათ თედო გადურქმევია, რომელსაც დღესაც ეძახიან; ჩარეულა ტივზედ მეტივეებთან და გაჰყოლია თბილისისაკენ ტივზედ სამუშაოდ"... ბატონს უფიქრია, თავი დაიხრჩოო და აღარც მოუკითხავს ქეთევანი, არც მეტივეებს დაუსმენიათ ახალი ძმობილი და ამასობაში კი ბატონყმობაც გადავარდნილა. მაგრამ "ჩვენი კობერიძის ქეთო კი ისევ თედოს ტანისამოსში დარჩა; ამჟამად ნაქეთევარი სცხოვრობს ახალ დაბაში, რომლის ტანისამოსსაც შეადგენს შემდეგი: პაიჭები და ზედ ჭრელი წინდები, წინდებზედ კოხტა ჩუსტები, განიერი ქართული ლურჯი შარვალი, გულ-მოქარგული პერანგი, ზედ ნაოჭიანი ორ პირად ჩამწკრივებული ბლომად ღილებიანი ახალუხი, ახალუხის გული გახსნილი, საიდამაც მოქარგული პერანგი უჩანს, მოკლე ნაოჭიანი ქალაქურათ შეკერილი შავი ჩოხა და ზედ აბრეშუმის სარტყელი, თმა გარშემო შემოკრეჭილი და ზედ ქართული გალიბარდის შავი მოხდენილი ქუდი. ქეთო იქნება ამაჟამად სამოცის წლისა, წვერ-ულვაშიც თხლათ და მოკლეთ აქა იქ ამოსული, სახეზედ მოწეულია, შავგვრემანი, ჭაღარა სრულებით არ ეტყობა, ცხენით მოგზაურობაც უშიშრათ შეუძლიან და ხშირათაც აქეთ იქით სავაჭროზედ დაიარება; ლხინის სუფრა იქმნება თუ ჭირისა, კაცების გუნდში ჯდება, რომელიც სიმღერის დროსაც მათთან იღებს მონაწილეობას და ყველა მნახველს თავისის მამაცობით აკვირვებს. ხალხს ქეთო გადავიწყებული ჰყავთ და ყველა ეძახის თედოს". რით განსხვავდება ქეთო-თედოს ამბავი ჩვენი თანამედროვე კესო-ბესოს ამბისგან? მართალია, ბესო აბრამიძეც სოფლად გაიზარდა, მაგრამ ბატონს კი არა, საკუთარ მამაკაცობას გამოექცა სოფლიდან და თბილისს იმ იმედით შეეფარა, ქალად ქცეულს დედაქალაქი გაცილებით იოლად მიმიღებსო. რაც შეეხება "კასსის" გაქურდვას, ბოლო დროს საქართველოში გახშირდა ბანკის ფილიალებზე ყაჩაღური თავდასხმები და "შერჩეული გასაღებები" სულაც აღარაა საჭირო.

 

ირმა ხარშილაძე

გაზეთ „ყველა სიახლის“ არქივიდან