"გიო, მე გავიმარჯვე, შენთვის, გავიმარჯვე!" - ელენე ფოჩხუამ გამარჯვება გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა
"შინაგანად სულ განვიცდიდი და ვნერვიულობდი, რადგანაც სცენაზე ლამაზად მეცვა, ფორმაში ვიყავი, ვიცინოდი, ამ დროს კი ჩემი ძმა ჩემ გვერდით არ იყო..."
"ჩემთვის თეონას შეფასება მნიშვნელოვანია, მან დიდი სტიმული მომცა"
ის ნიჭიერი, პროფსიონალი მუსიკოსია და სცენაზე თავი ყოველთვის ღირსეულად უჭირავს. მას ენდობიან, რადგან მსმენელი ყოველთვის გრძნობს მის გულწრფელობას... ასეთია მომღერალ ელენე ფოჩხუას შეაფასება. მან ასევე ღირსეულად წარმოაჩინა თავი პროექტში - "ორი ვარსკვლავი" და ასეთივე პარტნიორობა გაუწია მეწყვილეს, ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას და მათი შემადგენლობით, მშვენიერი დუეტიც ჩამოყალიბდა, რომელმაც კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა...
ელენე ფოჩხუა:
- პროექტში აქტიურად სამი თვის განმავლობაში ვიყავი ჩართული, რითაც კმაყოფილი ვარ... როდესაც დამირეკესა და მონაწილეობა შემომთავაზეს, გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი. ამ საქმეში ჩართვა იმიტომ იყო კარგი და სასარგებლო, რომ პროფესიულ სცენაზე გამოსვლის გარკვეული პაუზა მქონდა. ასე დიდ სცენაზე, ფართო აუდიტორიის წინაშე დიდი ხანია, არ გამოვსულვარ, რადგანაც მანმადე, თითქმის სამი წლის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული, რთული პერიოდი გამოვიარე. მოკლედ, გულწრფელი მადლობა ყველას, რომ ამის საშუალება მომცეს. ამ ყველაფერმა რაღაც მეტი სიძლიერე მომანიჭა და ხომ ვამბობ, აბსოლუტურად სწორი დრო იყო ამისთვის ეს, მჭირდებოდა და თავს კიდევ ერთხელ ჩავუტარე დიდი გამოცდა...
ამ პერიოდის მანძილზე ყოველი დღე განსხვავებული, მრავალფეროვანი იყო და ვეცადე, მაქსიმალური გამეკეთებინა, თუმცა მეტიც შემეძლო, მაგრამ მოგეხსენებათ, კონკურსი საოცარი რამ არის, ნერვიულობ, განიცდი და ეს ხელს გიშლის. მოკლედ, გოდერძისთან ერთად, რაც შევძელით, ეს იყო.
- მეტი რაღა უნდა გაგეკეთებინათ, გაიმარჯვეთ... გოდერძისთან შენი დაწყვილება როგორ მოხდა?
- მართლა არ ვიცი, დამირეკეს და მითხრეს, გოდერძისთან ერთად უნდა იმღეროო. არადა, ახლოს არ ვიცნობდი, თუმცა რაღაც გაკვრით მასზე წარმოდგენა კი მქონდა, ვიცოდი, რომ კარგი ჟურნალისტი იყო. ეს მაშინ, მაგრამ მისი ახლოს გაცნობის შემდეგ ვიტყვი, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ცოტა იშვიათიც კია ასეთი კარი ადამიანების არსებობა, როგორიც გოდერძია.
- ორივე ზუგდიდან ხართ ხომ?
- დიახ, ორივე ერთი კუთხიდან გახლავართ...
- ელენე, აღნიშნე, რომ უძიმესი პერიოდი გქონდა, დაახლოებით სამი წლის წინ, ტრაგიკულად დაკარგე ძმა, გიორგი ფოჩხუა... თქვენმა ოჯახმა დიდი ტრაგედია გადაიტანა...
- ეს ამბავი მთელი ცხოვრება ჩემი მოუშუშებელი ტკივილი იქნება. ხომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ასე არ ყოფილა, უბრალოდ ადამიანი ამ საშინელებას ეჩვევი და ეს არის...
ამ კონკურსის პროცესში, ყოველი გადალახული ტურის შემდეგ, ვტიროდი... მაგრამ რას ვიზამ, ეს ჩემი პროფესიაა და ვალდებული ვარ, არა მარტო სცენაზე, სახლიდან კარს რომ გაიხურავ და გარეთ გავალ, სხვაგვარი იერი მივიღო, რადგანაც არავის უნდიხარ მგლოვიარე და მწუხარე. არც გიორგის გაეხარდებოდა, ჩემი საქმე რომ არ გამეგრძელებინა... თუმცა შინაგანად სულ განვიცდიდი და ვნერვიულობდი, რადგანაც სცენაზე ლამაზად მეცვა, ფორმაში ვიყავი, ვიცინოდი, ამ დროს კი ჩემი ძმა ჩემ გვერდით არ იყო...
გიორგი ძალიან მაკლდა, ძალიან და სულ მეკლდება. ამ ყველაფერს ალბათ ვერც ავხსნი და გადმოვცემ, რას განვიციდი. თუმცა მის თანადგომას მართლა სულ ვგრძნობდი, ყოველი ტურის შემდეგ. მეც კუთხეში ჩუმად გავიდოდი და მას ვესაუბრებოდი. როცა კონკურსი დამთავრდა და სახლში დავბრუნდი, მას ხმამაღლა ვუთხარი: გიო, მე გავიმარჯვე, შენთვის, გავიმარჯვე! იმ დღის ჩემთვის ერთადერთი ბედნიერება ეს იყო და ვიცი, რომ სადაც არის იმქვეყნად, კარგად არის და ისიც იზეიმებდა ჩემ გამარჯვებას!
- შენ უფროსი ხარ დედმამიშვილებში?
- შუათანა ვარ, უფროსი და მყავს, გიორგი კი უმცროსი იყო... გიორგი ა.წ. 6 თებერვალს 28 წლის გახდებოდა...
- ელენე, ამ ეტაპზე რას საქმიანობ?
- პროფესიით მომღერალი ვარ, დავამთავრე საესტრადო სასწავლებელი ვოკალი განხრით. ამიტომ ჩემი პროფესიით ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობ. იქ ყოველდღე ვმღერი...
- მიუხედავად კარგი შედეგისა, ჟიურიზე გულნატკენი ხომ არ ხარ?
- თეონა კონტრიძეს არ ვიცნობდი, დანარჩენებს, ლიზა ბაგრატიონს, დათო გომართელს და იმ ადამიანებს, ვინც ჟიურიში, პერიოდულად მოწვევით იმყოფებოდნენ ხოლმე, მეტ-ნაკლებად ვიცნობდი. ჩემთვის თეონას შეფასება მნიშვნელოვანია, მან დიდი სტიმული მომცა. ზოგადად კი ამ ადამიანებს იმედებს არ გავუცრუვებ. ყველას, განსაკუთრებით კი თეონას, კონკურსის ბოლოს გამართულ ბანკეტზე მადლობა გადავუხადე.
- ახლა რა გეგმები გაქვს?
- ერთი კარგი გეგმა მაქვს - შემოდგომით სოლო კონცერტი მინდა, გავმართო. ეს ჩემი გიორგის ერთობლივი პროექტი იყო - "12 ქვეყნის იავნანა" უნდა შესრულებულიყო. თავის დროზე ვერ გავანვახორციელეთ. ჯერ კიდევ 2008 წელს გვინდოდა, სპონსორიც გვყავდა, მაგრამ ომის პერიოდი დაემთხვა, მერე ბავშვი გავაჩინე, მოგვიანებით ძმა დავკარგე. მოკლედ, ამ პროექტს გიორგის მივუძღვნი, რადგანაც მისთვის სხვას ვერაფერს გავაკეთებ და ის პროექტი მთელი გულით მის ხსოვნას მიეძღვნება.
ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)