"ხადურის შეცვლას აპირებდნენ" - ვინ და რატომ გადაიფიქრა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის შეცვლა?! - კვირის პალიტრა

"ხადურის შეცვლას აპირებდნენ" - ვინ და რატომ გადაიფიქრა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის შეცვლა?!

"ისიც კი ვიცი, ვის შესთავაზეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში თანამდებობები"

რამდენიმე დღეში პარლამენტს მოუწევს მთავრობის გაახლებულ შემადგენლობას გამოუცხადოს ნდობა, თუმცა საზოგადოებაში ისმის ერთი, სრულიად ლეგიტიმური კითხვა, - მაშინ, როდესაც ეკონომიკური ვითარება ასე რთულია, რატომ არ შეიცვალა ეკონომიკური ბლოკის ერთი მინისტრი მაინც?

ექსერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, ამგვარი ცვლილება თავადაპირველად, როდესაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა დღის წესრიგში, იგეგმებოდა.

მამუკა არეშიძე:

- სამთავრობო ცვლილებებზე ლაპარაკის დაწყებისთანავე, სახელისუფლებო კაბინეტებიდან სხვადასხვა ინფორმაცია ჟონავდა. ლაპარაკი იყო, რომ იცვლებოდა არა ორი მინისტრი, არამედ რამდენიმე, მათ შორის ეკონომიკური გუნდის წევრებიც, აქცენტი კეთდებოდა განსაკუთრებით ფინანსთა მინისტის შეცვლაზე, მოკლედ, მე როგორც ვიცი, ხადურის შეცვლას აპირებდნენ. აშკარაა, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ამ მოთხოვნის გათვალისწინებაზე ხელისუფლებაში ფიქრობდნენ.

სრულიად ლოგიკური იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებისა ეკონომიკურ წარმატებებზე, საზოგადოებაში ამის ნაკლებად სჯერათ. ეს წარმატებები შეიძლება რეალურიც არის, მაგრამ არ არის იმ დონისა და მასშტაბის, რაც საზოგადოებას სჭირდება. საზოგადოება ოქროს მთებსა და განსაკუთრებულ ფუფუნებას არ ითხოვს, საზოგადოება ითხოვს მყარი ეკონომიკური ბაზის შექმნას და სტაბილურ ცხოვრებას. ერთიმეორის მიყოლებით ვარდება ტენდერები, რომელიც ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას გულისხმობს, ჩერდება საინვესტიციო პროექტები, რომელშიც უცხოელები უამრავ ფულს დებენ... ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო მოხელეთა ერთი ნაწილი პასუხისმგებლობას გაურბის, სხედან კაბინეტებში, არც ფულს იპარავენ, მაგრამ არც არაფერს აკეთებენ. იღებენ კარგ ხელფასებს, პრემიებს და თავს ბედნიერად გრძნობენ, გარკვეული ნაწილი მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობს... საბოლოოდ კი არაფერი გამოდის. ამას ემატება ლარის კურსის ვარდნა. ბუნებრივია, ელოდნენ ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეცვლას, თავდაპირველად ასეც იყო დაგეგმილი, ისიც კი ვიცი, ვის შესთავაზეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში თანამდებობები, გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ საბოლოოდ პროცესი ისე წარიმართა, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

დარწმუნებული ვარ, ეს არ ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება. ამაზე გარკვეული ჯგუფი მუშაობდა, რომელშიც პრემიერიც შედიოდა. ამ გუნდში იყო დებატებიც, კამათიც და პოლიტიკური ვაჭრობაც. საბოლოოდ კი მივიღეთ ეს სურათი. სწორედ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგი მგონია გიგლა აგულაშვილის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე წარდგენა. პოლიტიკურ ვაჭრობაში საშინელი არაფერია, მაგრამ ჩნდება კითხვა, - რატომ გიგლა აგულაშვილი? ეს იმის შედეგია, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელსაც დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, სწორად დააყენა საკითხი და სწორად დასვა სათავისოდ აქცენტები, ასე მოახერხეს და შეინარჩუნეს კოალიციის მონოლითურობა. თანაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რესპუბლიკურ პარტიას სერიოზული გავლენის მოპოვება შეუძლია." - აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან"

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით კი, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ სულ ცოტა 6 მინისტრის შეცვლის კომფორტი გაჩნდება და სავარაუდოდ, სწორედ მათ შორის მოხვდებიან მთავრობის ეკონომიკური ბლოკის რიგი წარმომადგენლები. მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებები შემოდგომამდე გაგრძელდება.

წაიკითხეთ ასევე:

"ვშიშობ, პოლიტიკურ კრიზისამდე არ მივიდეთ"

"კიდევ 6 მინისტრს მოხსნიან" - ვინ როგორ ივაჭრა მმართველი კოალიციის შიგნით