"ნიკუშას მშობლები ენატრებოდა" - გიორგობას დატრიალებული შემზარავი ტრაგედია - კვირის პალიტრა

"ნიკუშას მშობლები ენატრებოდა" - გიორგობას დატრიალებული შემზარავი ტრაგედია

"მშობლები მის გვერდით არ იყვნენ, ნიკუშა ბებია და ბაბუასთან იზრდებოდა, ისინი სულ ეფერებოდნენ და მეც ჩემებურად ვიკრავდი გულში, სულ ვესიყვარულებოდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბავშვი ხელში თოკს დაიჭერდა და თავს ჩამოიხრჩობდა."

მამა 2 წლის წინ გარდაეცვალა, დედა 5 წელზე მეტია საბერძნეთში მუშაობს და ერთადერთ შვილს ასე ინახავდა. 12 წლის ნიკუშა ბებიასა და ბაბუასთან იზრდებოდა. ბიჭმა გუშინ, გიორგობა დღეს, მეზობლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. ამ ფაქტის მიზეზს ვერავინ ხსნის. გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად მეგობრებისთვის საჩუქრები დაურიგებია და თითქოს გამოთხოვებასავით ყველას სიყვარულს ეფიცებოდა თურმე. როგორც დამრიგებელი, ბელა ვეკუა "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, ნიკუშა არაჩვეულებრივად ხატავდა და მის გულჩათხრობილობასაც მასწავლებლები სწორედ ამას აბრალებდნენ.

ბელა ვეკუა:

- იმდენად უკონფლიქტო გახლდათ სკოლაში ყველას უყვარდა. გულჩათხრობილი ბავშვი იყო, ძალიან უყვარდა ხატვა და ბრწყინვალედაც გამოსდიოდა. როგორც იცით, მიიჩნევა, რომ ხელოვანები მაინც და მაინც მხირულები არ არიან და ნიკოლოზის გულჩათხრობილობასაც ამას ვაწერდით. მისი მოწყენილობის მიზეზი, ალბათ უფრო ის იყო, რომ მშობლები არ ჰყავდა და ენატრებოდა. ბიჭს ბებია და ბაბუა ზრდიდა, დედის მხრიდან. ისინი სულ ეფერებოდნენ და მეც ჩემებურად ვიკრავდი გულში, მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, დედის მზრუნველობაც აკლდა... სულ ვესიყვარულებოდი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბავშვი თოკს დაიჭერდა ხელში და თავს ჩამოიხრჩობდა. ადამიანს აღარ ვგავართ აქ არავინ, ამ ამბავს როგორ გადავიტანთ, არ ვიცი...

ლესიჭინეში დატრიალებული ტრაგედია ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული. ალბათ ბევრისთვის გაუგებარიცაა VI კლასის მოსწავლის გადაწყვეტილება, რადგან ოჯახში არც სოციალური პრობლემა იყო და ბიჭის უკონფლიქტობიდან გამომდინარე, მას არც პირადი პრობლემები უნდა ჰქონოდა.

ნიკუშას ახლობელი გვიყვება, რომ ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბიჭი იყო: "გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად კლასელებს საჩუქრები დაურიგა - თურმე, მერე კი ეს საშინელება მოხდა. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდით ასეთ რამეს. ახლაც არ მჯერა, რომ ნიკუშა აღარ არის."

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს გამგებელი, დავით გოგუა:

- უპირველესად ოჯახს ვუსამძიმრებ. რაც შეეხება ბავშვს, ის დედისერთა იყო, მამა 2 წლის წინ გარდაიცვალა, დედა კი - საბერძნეთში მუშაობდა. ნიკუშას ბებია ლესიჭინეს I საჯარო სკოლის პედაგოგია, ძალიან კარგი ოჯახის შვილი იყო. სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბიჭი უკონფლიქტო, უწყინარი და ძალიან მოწესრიგებული მოსწავლე იყო. მეც ასეთს ვიცნობდი. ყველა გაოგნებულია. მომხდარს ახსნა არ აქვს, თავზარდაცემული ვარ ამ ფაქტით...

"კვირის პალიტრა" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ მიმდინარე კვირაში არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის მესამე შემთხვევაა. როგორც ცნობილია, დღეს, თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე 16 წლის ბიჭი მე-6 სართულიდან გადმოხტა. კვირის დასაწყისში კი 12 წლის გოგონა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)