არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ანატომია - სუიციდის სამი შემთხვევა ერთ კვირაში
"თინეიჯერებზე დიდ გავლენას ახდენს ინფორმაციის დიდი, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ნაკადი"
"ბავშვს რაც არ უნდა ვასწავლოთ, თუ ამას უსიყვარულოდ ვაკეთებთ, ფუჭი შრომაა. თუ დღეს მოზარდი თვითმკვლელობამდე მიდის, მხოლოდ უსიყვარულობის ბრალია."
4 მაისი – 12 წლის გოგონა თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს;
6 მაისი – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ, ლესიჭინეში 12 წლის მოზარდმა მეზობლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო;
7 მაისი – 16 წლის ახალგაზრდა თბილისში, ცაბაძის 3 ნომერში მდებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოხტა;
ეს მხოლოდ მიმდინარე კვირაში მომხდარი არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ტრაგიკული შემთხვევებია, რომელიც საზოგადოებისთვისაა ცნობილი. გამოძიება სამივე თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს.
მშობლისათვის ალბათ რთული გამოსაცნობია მოზარდ ასაკში რა სწყინთ და რა უხარიათ ბავშვებს, ან საერთოდ რაზე ფიქრობენ, გარდატეხის პერიოდი ხომ მშობლებისა და შვილების დისტანციურ ურთიერთობასა და ხშირად გაუცხოებას იწვევს. ამ დროს ბავშვები უფრო მგრძნობიარეები ხდებიან, ხშირად ჯიუტობენ, ნაკლებს ლაპარაკობენ და სამწუხაროდ, დეპრესიისკენ მიდრეკილებასაც მეტად ამჟღავნეებენ.
"კვირის პალიტრას" ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კვარაცხელია ესაუბრებიან:
ზაზა ვარდიაშვილი:
- ბავშვი დაბადებიდანვე პიროვნებაა თავისი ინდივიდუალური თვისებებით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ასაკში მასში სწორედ პიროვნება დავინახოთ. ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ მოზარდებში სუიციდის მიზეზი მშობლის უყურადღებობაა, არ შეგვიძლია. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პირიქით ჰიპერმზრუნველობით აღზრდილი ბავშვები იკლავენ თავს... ერთ-ერთი კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ რიგ შემთხვევებში სუიციდს წინ უსწრებს გარკვეულის ნიშნები, რომელსაც ბავშვები ამჟღავნებენ... მაგალითად, როდესაც ბავშვი დაუკითხავად იღებს ფულს, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი წინმსწრების ნიშანი.
- არცთუ იშვიათია, როდესაც გარდატეხის ასაკში ბავშვები დეპრესიისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებენ...
- თვითმკვლელობის ფაქტების კვლევისას დეპრესია მნიშვნელოვანია, მაგრამ თინეიჯერებში სუიციდის შემთხვევების ერთადერთი მიზეზი არ არის. მიზეზი შესაძლებელია იყოს: პროტესტი, აფექტური მდგომარეობა და ა.შ. დეპრესია განპირობებულია ე.წ. ნეიროტრანსმიტერების (სხვადასხვა ცილოვანი ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე) დონეთა ცვალებადობით. ბევრი ჰორმონი, რომლებიც განსაკუთრებით გააქტიურებულია თინეიჯერულ ასაკში, სწოერედ ნეიროტრანსმიტერული ბუნებისაა. შესაბამისად, აღნიშნულ ასაკში სხვადასხვ ნეგატიური გამოვლინებები იჩენს თავს, მათ შორის, სამწუხაროდ, სუიცდის მცდელობაც. გარდამავალი ასაკი თავისთავად გულისხმობს ძალიან ბევრ სიახლეს მოზარდის ცხოვრებაში. თუ ადრე მისი მიზანი მშობლების შექების დამსახურება იყო, ახლა მისთვის მნიშვნელოვანი ხდება თვითდამკვიდრება ოჯახის გარეთ. ეს თავისთავად მოიცავს სტრესულ სიტუაციებს. ასევე, ამ ასაკში აქტიურდება ბიოლოგიური ფაქტორები, მაგალითად, ორგანიზმის ზრდის მაღალი ტემპი... ასევე მნიშვნელოოვანია გენეტიკაც. თინეიჯერებზე დიდ გავლენას ახდენს ინფორმაციის დიდი, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ნაკადი, რაც წინა თაობებში არ იყო ასე აქტუალური, კერძოდ, ინტერნეტი და სხვა.
- რა გავლენას ახდენს მოზარდებზე გარემო და გარშემომყოფები?
- გარემო და გარშემომყოფების გავლენა მნიშვნელოვანია, თუმცა არასრულწლოვანთა სუიციდის ფაქტები თანაბარი რაოდენობით გვხდება, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებშიც. თანაბრად გვხვდება, როგორც ფინანსურად უზრუნველყოფილ, ასევე, ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებში. რაც უფრო ნაკლებად აგრესიულია გარემო და თავს მოხვეული შეზღუდვები, მით უფრო ნაკლებია სტრესი, რაც ზოგადად დადებითად აისახება ფსიქიკაზე.
მამა პეტრე კვარაცხელია:
- ის სოციალური ფონი, სადაც მოზარდები ცხოვრობენ და მათი მყიფე ფსიქოლოგია იმდენად შეუსაბამოა, რომ ამის დასაძელვად მათგან დიდ სიძლიერეს და სიმტკიცეს მოითხოვს. ადამიანის ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი 13 დან 18 წლამდე ასაკია, როცა მიიჩნევენ, რომ ყველაფერი მხოლოდ თვითონ იციან, ყოველთვის თვითონ არიან მართალი და ა.შ. ფიქრობენ, რომ სხვებს უჭირთ მათი გაგება და ისეთის მიღება, როგორებიც არიან... რიგ შემთხვევაში ვითარებას ართულებს ოჯახური მდგომარეობაც. თუ მოზარდი ყოველდღიურად მხოლოდ სიცივეს და დაპირისპირებას გრძნობს, ეს, ბუნებრივია, მის ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება.
რელიგიური მიმართულებითაც სიფრთხილეა საჭირო. დიდი დოზით ღმერთზე ლაპარაკი, შეიძლება ბავშვმა არასწორად გაიგოს და საბოლოოდ ათეიზმში გადაეშვას. ეკლესია მათ ასაკში აკრძალვების ერთობლიობაა. ბავშვს როცა ეუბნები, რომ რაღაც ეკრძალება, აუცილებლად უნდა აუხსნა, რატომ ეკრძალება. ზედმეტი აკრძალვები ასეთ ფაქიზ ასაკში, არასდროს გამოიღებს დადებით შედეგს. სწორად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ,,აკრძალულ ნაყოფზე"... მაგალითად ჩემთან მოსულან მოსწავლეები, რომლებსაც მოძღვარიც ჰყოლიათ, მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ზიარებაც მიუღიათ, მაგრამ სიმშვიდე ვერ უპოვიათ. არის ბავშვთა კატეგორია, ვინც მის აზრს საჯაროდ ვერ იცავს და ყველა წინააღმდეგობას გულში იკლავს, რაც ძალიან საშიშია, რადგან საბოლოოდ შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. შედარებით უკეთესი მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც ხშირად სვამს კითხვას - რატომ?! ყველას თანაბრად ვერ მოვსთხოვთ. უპირველესად, უფროსებს გვჭირდება ჯანსაღი განათლება, რომ ბავშვებს გავუგოთ. - ბავშვს რაც არ უნდა ვასწავლოთ, თუ ამას უსიყვარულოდ ვაკეთებთ, ფუჭი შრომაა. თუ დღეს მოზარდი თვითმკვლელობამდე მიდის, მხოლოდ უსიყვარულობის ბრალია.
მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)