რატომ აქვს გარე რეკლამაზე მონოპოლია უგულავასა და კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას?!
ბარემ პირდაპირ დროშაზე განათავსეთ რეკლამა!
აგვისტოს ომის დროს განსაკუთრებით ამაზრზენი იყო ვიდეოფირი, რომელშიც რუსები და გადამთიელები ფეხქვეშ თელავდნენ ქართულ დროშას. მაშინ ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - ქართველმა საზოგადოებამ ეს ბარბაროსობად მონათლა.
სახელმწიფოს სიმბოლოს შეურაცხყოფა მართლაც ბარბაროსობა და ვანდალიზმია. თუმცა, უპირველესად შენ უნდა სცე შენს დროშას თუ გერბს პატივი. ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნებში ეროვნული სიმბოლოების მოფრთხილების მთელი კულტურა არსებობს და თუ ვინმე მათ მიმართ უპატივცემულობას გამოავლენს, უპირველესად საზოგადოება, რიგითი მოქალაქეები მოსთხოვენ პასუხს.
ამ საკითხზე ნამდვილად ჩაფიქრდებით, თუ დიღომში მოხვდებით. 2010 წელს დავით აღმაშენებლის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს აღიმართა საქართველოს ყველაზე დიდი დროშა. დროშის ამ ადგილზე აღმართვის მიზანი ის იყო, რომ დედაქალაქში შემსვლელ-გამომსვლელს თვალში ქვეყნის მთავარი სიმბოლო მოხვედროდა.
თუმცა, როდესაც ავტომანქანით გვირაბიდან გამოდიხარ, თვალში საქართველოს დროშა კი არა, სარეკლამო ბილბორდი გხვდება, რომელიც“ჩრდილავს”ქვეყნის სიმბოლოს: ჯერ ხედავ რეკლამას და მის ფონზე ქართული დროშა თითქოს მორიდებით ფრიალებს. ვიღაცას კომერციულად მომგებიანი ადგილი უპოვია და არ აინტერესებს, ფულის თვლის იქით რაიმე არსებობს თუ არა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლით ეროვნული დროშის შებღალვა ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, კოდექსში არ არის დაზუსტებული შებღალვა მაინცდამაინც დროშის გათელვას გულისხმობს თუ ისეთ ქმედებასაც, რომელიც სახელმწიფოს სიმბოლოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. ეს რომ დაზუსტებული იყოს, შესაძლოა, საქმე სასამართლოს დარბაზებში გაგრძელებულიყო.
ყველაზე გულდასაწყვეტი კი, აი, რა არის: დაახლოებით ერთი წლის წინ "კვირის პალიტრა" წერდა დროშისა და ბილბორდის ამბავზე. გვეგონა, მერია შეშფოთდებოდა, ბილბორდის პატრონი ან რეკლამის დამკვეთი იგრძნობდნენ უხერხულობას, თუმცა, თქვენც არ მომიკვდეთ! - დროშას ისევ ეფარება უზარმაზარი სარეკლამო დაფა, რომელზეც ისევ იმ კომპანიის რეკლამაა განთავსებული, რომელიც შარშან იყო. ამ კომპანიის ხელმძღვანელი ტარიელ ხეჩიკაშვილი კი ცოტა ხნის წინ სპორტის მინისტრად დაინიშნა და დიდ კაბინეტში საქართველოს დროშების ფონზე ფიქრობს ეროვნული სპორტის პრობლემატიკაზე.
გარე რეკლამაზე მონოპოლია ისევ უგულავასა და კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანია "აუთდორს" აქვს, რომელსაც, როგორც ჩანს, ფულის კეთების ფონზე უმნიშვნელოდ მიაჩნია ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ეროვნული დროშის პატივისცემა. ეტყობა, ხეჩიკაშვილის კომპანიისთვისაც კომერციულმა ფაქტორმა მორალური ფაქტორი გადაწონა. მერია კი ისე იქცევა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება.
უფრო ზუსტად, თბილისის მერიაში გვითხრეს, ზემოხსენებული სარეკლამო დაფა "აუთდორისა" და "ალმას" საწილო ბილბორდია, მისი აღმართვის ნებართვა კანონიერად არის გაცემული, მორალურ პრინციპებზე კი ამ კომპანიებს ელაპარაკეთო. რა თქმა უნდა, სწორედ ამ “კანონიერებაზე აპელირებენ კომპანიები.
მაშინ კანონი არ კრძალავს და ბარემ პირდაპირ საქართველოს დროშაზე განათავსეთ რეკლამა! იქნებ გერბიც გამოიყენოთ ამ მიზნით. "ძალა ერთობაშია"-ს ნაცვლად, რომელიმე სარეკლამო სლოგანი ჩაწერეთ. ან იქნებ სვეტიცხოვლის, ალავერდისა თუ ჯვრის ტაძრის გარშემო აღვმართოთ ბილბორდების ტყე?! კანონი ხომ არ კრძალავს?!
კანონი ერთია და მორალი მეორე - ეს კარგად უნდა იცოდნენ სახელმწიფო მოხელემაც და ბიზნესმენმაც. Fფულის კეთება ზნეობის, საკუთარი ქვეყნის პატივისცემის პრინციპების დაცვითაც შეიძლება, ზოგიერთისთვის ეს რაოდენ საოცარიც უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად დაკარგავენ პატივისცემას და საბოლოოდ, გატეხილ ვარცლთან აღმოჩნდებიან.
ერთადერთი დამაიმედებელი ამბავი დავით ნარმანიას რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებაა. Mმისი თქმით, მერიამ შეიმუშავა გარე რეკლამის განთავსების რეგულაციის პროექტი, რომლის მიხედვით, ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს კონკურენციის შესაძლებლობა, ნებართვას გარე რეკლამის განთავსებაზე მუნიციპალიტეტი უნდა გასცემდეს და ეს თანხმდებოდეს მუნიციპალიტეტის არქიტექტორთან, მოუწესრიგებელი ბანერების პატრონები კი დაჯარიმდებიან.
იმედია, ამ პროექტის განხორციელება თბილისს ჩამოართმევს ბილბორდების ქალაქის სტატუსს და ჩვენი დედაქალაქი ერთ დიდ ბაზარს აღარ დაემსგავსება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონსა და ზნეობაზე კიდევ არაერთ სტატიას წაიკითხავთ.