"ჩემი 24 წლის ძმა სასტიკად ნაწამები და დასახიჩრებული ჩამოგვისვენეს"- რა მოხდა გეგუთის ციხეში? - კვირის პალიტრა

"ჩემი 24 წლის ძმა სასტიკად ნაწამები და დასახიჩრებული ჩამოგვისვენეს"- რა მოხდა გეგუთის ციხეში?

"მომაკვდავი გიგა ციხის ექიმებმა საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს, ელოდებოდნენ რეანომობილს და ამაში დიდი დრო დაიკარგა. მათ შეეძლოთ ჩემი ძმის გადარჩენა, ევალებოდათ კიდეც"

"მოვითხოვ, დაიკითხოს დიმიტრი დარბაისელი, თქვას, რისთვის მოაწერა ხელი და რატომ გადმოიყვანეს ფსიქიკურად ავადმყოფი პატიმრები გეგუთში?!"

2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 02:20 საათზე, გეგუთის ციხეში, პატიმართა კონფლიქტს ახალგაზრდა სპორტსმენის სიცოცხლე ემსხვერპლა. სავარაუდოდ, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, გონდაკარგულს კი სასტიკად გაუსწორდნენ...

სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულების ექსმინისტრი მომხადრის შემდეგ ამბობდა:

- ვინც ამ საქმესთან პირდაპირ და ირიბად არის დაკავშირებული, ყველა პასუხს აგებს. პროკურატურამ პირადად ჩემი თხოვნით გამოძიება დაიწყო. როგორც წინა საქმეზე, სიმართლე ამჯერადაც უთუოდ გაირკვევა (მინისტრმა იგულისხმა კორტავას მკვლელობა. - ავტ.). ვფიქრობ, ამ ტრაგედიის აცილება შესაძლებელი იყო. ჩხუბი, ცხადია, ორ წუთში ვერ დასრულდებოდა. სად იყვნენ ზედამხედველები?!

"მივმართავ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, საქართველოს მთავრობას თხოვნით, რომ დამეხმარონ გიგა ფარტენაძის მკვლელობის სამართლიან გამოძიებაში. ერთი წელზე მეტი გავიდა გიგას მკვლელობიდან, მაგრამ საქმე ისე მიჩუმდა, პარლამენტსაც მივმართე, სახალხო დამცველის ანგარიშიც მოხვდა ეს საქმე, მაგრამ არავინ ინტერესდება." - ეს განცხადება მოკლული პატიმრის გიგა ფარტენაძის დედამ მზია ნიქაბაძემ გაავრცელა. გეგუთის კოლონიაში მოკლული 24 წლის პატიმრის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი პატიმრებმა ცემით მოკლეს.

გამოძიებით უკვე დადგენილია, გეგუთში, 322-ე საკანში მსჯავრდადებულებს - შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შანიძემ, სეხნიაშვილმა და მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ მის სასტიკ ცემას - გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და თავს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ. კონფლიქტის კონკრეტული მიზეზი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. პროკურატურამ შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილსა და გიორგი სეხნიაშვილს ბრალი 117-ე მუხლით წაუყენა, - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, - რაც ათიდან ცამეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მართალია, 3 პირს ბრალი წაეყენა, მაგრამ გიგა ფარტენაძის ოჯახი გამოძიებით უკმაყოფილოა, თუ რატომ? - ამის გარკვევას "კვრის პალტრა" შეეცადა.

კობა ფარტენაძე, გიგა ფარტენაძის ძმა:

- ეს ტრაგედია დაიწყო მაშინ, როდესაც ჩემ ძმას ბათუმში თურქებთან კონფლიქტის გამო თითქმის 16 წელი მიუსაჯეს, ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, არადა, დანაშაული არ ჩაუდენია - ბრალი შეუთითხნეს. სამართალს ვითხოვდით, მაგრამ ვერ მივაღწიეთ. მერე კი ციხეში მოკლეს და დამნაშავეებიც არ ისჯებიან. სად იყო ბადრაგი ან ციხის ადმინისტრაცია? საკანში თუ ჩხუბობდნენ და ეს ხმაური ესმოდათ, რატომ არ მიიღეს ზომები დროულად? 8-10 კაცი ვერ გაუმკლავდებოდა გიგას, იმდენად ძლიერი იყო. მოჭიდავე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი გახლდათ. ციხეშიც სულ ვარჯიშობდა. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, საქმე ხელახლა უნდა განხილულიყო, დარწმუნებული ვარ, ჩემი ძმა გამართლდებოდა, მაგრამ, საუბედუროდ, ეს ყველაფერი ვეღარ მოესწრო. 2014 წლის 4 მარტს დიმიტრი დარბაისელის ყოფილი სასჯელაღსრულების უფროსის და კახაბერ ბედიას, რომელიც მაშინ გეგუთის ციხის უფროსი ოყო, ხელმოწერით გეგუთის ციხეში, ჩემი ძმის საკანში რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს 3 ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმარი.

დღემდე არავინ იცის, რატომ გადმოიყვანეს ჩემი ძმის საკანში ეს პატიმრები, რა მიზანი ამოძრავებდათ. თუ რუსთავიდან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პატიმრები იმიტომ გადაიყვანეს გეგუთში, რომ ამით იცავდნენ მათ სიცოცხლეს, რატომ არ გაუფრთხილდნენ ჩემი ძმის სიცოცხლეს?! გიგას თავში გირა ჩაარტყეს, ისე გათიშეს, სხვანიარად ვერ მოერეოდნენ. ჩემი 24 წლის ძმა სასტიკად ნაწამები და დასახიჩრებული ჩამოგვისვენეს... ჩვენთან მოვიდა სასჯელაღსრულების იმჟამინდელი უფროსი დიმიტრი დარბაისელი და დაკრძალვის ხარჯებს დაფარვა შემოგვთავაზა, ჩვენ ეს მოსყიდვად მივიჩნიეთ და არ ავიღეთ შემოთავაზებული ფული. ჩემი ძმის საქმესთან დაკავშირებით იმართება სასამართლოები და ისჯებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მოკლეს ჩემი ძმა, მაგრამ არ ისჯებიან ისინი, ვინც ჩემი ძმის მკვლელობა დადგა, არ ისჯებიან ისინი, ვინც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პატიმრები ჩემი ძმის საკანში ე.წ. მაყურებელ "ბუწალიჩთან" ერთად გადაიყვანეს. გავრცელდა ვერსია, თითქოს დაპირისპირება თამაშის გამო მოხდა, ეს ტყულია, ჩემი ძმა კარტსაც კი არ თამაშობდა.

- ვის და რა ინტერესი შეიძლება ჰქონდოდა თქვენი ძმის?

- გიგა ფიზიკუარდ ძლიერი იყო, ერთ-ერთი ვერსია შეიძლება იყოს ისიც, რომ ამ ფსიქიკურად არადმდგრად პატიმრებს ვერ "ამშვიდებდნენ", ვერ იმორჩილებდნენ და რადგან ჩემი ძმა ფიზიკურად ძლიერი იყო, მასთან ამ პატიმრების შეყვანით, სცადეს სიტუაციის განტვირთვა. ეს ადამიანები ქურდული სამყაროს წევრები არ იყვნენ, თუმცა "ბუწალიჩს" , რომელიც მაყურებლის სტატუსით სარგებლობდა, ჩემს ძმასთან ჰქონდა კონფლიქტი. როცა ეს სამი პატიმარი გადმოიყვანეს ჩემი ძმის საკანში, აქ იყო მეხუთე პატიმარიც გიორგი კაჭარავა, ერთადერთი მოწმე, რომელიც ეს ყველაფერი უშუალოდ ნახა. გიორგი ამჟამად თავისუფალია, ის არ გამოცხადდა არცერთ სასამართლოზე და ინარჩუნებს დუმილის უფლებას, სამართალდამცავები კი არ ცდილობენ მის დაკითხვას. სხვა პატიმრების თქმით იმ ღამეს საშინელი ყვირილის ხმა ისმოდა საკნიდან, შეუძლებელია ეს ყველაფერი ბადრაგს არ გაეგო... აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ხელი შეუწყო ჩემი ძმის სიკვდილს, და კიდევ, ჩემი მომაკვდავი ძმა ციხის ექიმებმა საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს, ელოდებოდნენ რეანომობილს და ამაში დიდი დრო დაიკარგა. მათ შეეძლოთ ჩემი ძმის გადარჩენა, ევალებოდათ კიდეც, როცა პატიმარი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, უფლება აქვთ საკუთარი მანქანითაც კი გადაიყვანონ ის საავადმყოფოში, რათა სიცოცხლე შეუნარჩუნონ.

მზია ნიქაბაძე, გიგა ფარტენაძის დედა:

- სასამართლო ძალიან გაჭიანურდა, ყველაფერი უსამართლოდ მიდის. მოვითხოვ, დაიკითხოს დიმიტრი დარბაისელი, თქვას, რისთვის მოაწერა ხელი და რატომ გადმოიყვანეს ფსიქიკურად ავადმყოფი პატიმრები გეგუთში?! გავიგეთ, რომ შოთა შანიძეს რუსთავის ციხეში აღარ დაედგომებოდა, მას 16 წლის ბიჭი და ორსული ქალი ჰყავს მოკლული, მის სიცოცხლეს რუსთავში საფრთხე ემუქრებოდა და გეგუთში ამიტომ გამოაპარესო... მას გამოაყოლეს მაყურებელი ნუგზარ ნიკოლაძეც... "ბუწალიჩი", რომელიც თითქოს შესარიგებლად იყო საკანში მისული, როგორც კი გამოვიდა, რამდენიმე წუთში ჩემი შვილიც მოკლეს. მე მივმართავ ყველას, რომ უფრო დიდი ყურადღება მიაქციონ ამ საქმეს და დაისაჯოს ამ საქმის ყველა მონაწილე!

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)