"იქნებ, არც დაიჯეროთ, მაგრამ გაწვრთნილმა ვირმა გამამდიდრა" - კონტრაბანდისტის ნაამბობი - კვირის პალიტრა

"იქნებ, არც დაიჯეროთ, მაგრამ გაწვრთნილმა ვირმა გამამდიდრა" - კონტრაბანდისტის ნაამბობი

ფულის შოვნის ბევრი ხერხი არსებობს, ზოგი კანონიერი, ზოგიც - უკანონო. ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც საქმის ასაწყობად არალეგალური ხრიკების გამოყენება დასჭირდათ. ერთ-ერთი მათგანი თქვენი მონა-მორჩილის ახლობელი აღმოჩნდა.

მას მცირე, მაგრამ განვითარებადი ბიზნესი აქვს (ავტოსახელოსნოები). წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც შევიტყვე, რომ მან საწყისი კაპიტალი კონტრაბანდისტობით იშოვა. როცა თავისი თავგადასავლის მოყოლა ვთხოვე, ჯერ შორს დაიჭირა, შემდეგ კი დამთანხმდა იმ პირობით, რომ მისი გვარ-სახელი ანონიმურად დარჩებოდა.

"პირველი სკოლა დავამთავრე, შემდეგ მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი წითელ დიპლომზე "დავხურე", თუმცა ქვეყანაში ჩემთვის უკვე სამუშაო აღარ იყო. რამდენიმე წელი უმუშევარი ვიყავი და ყველაფერი გავყიდე, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა. შემდეგ ჩემმა სიმამრმა სახლი გაყიდა და თანხის ნაწილი მომცა - იქნებ რაიმე საქმე დაიწყოო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთი ადგილი ლილოს ბაზრობაზე ავიღე, ერთიც - ელიავაზე. რამდენიმე წელი საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთხელ ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა - საქონელი ჩაწვა და ფინანსურმა პოლიციამაც დამაჯარიმა, მოკლედ, "გავიჭედე", ვალი დამედო და ამას თუ სასწრაფოდ არ მივხედავდი, თავი მექნებოდა მოსაკლავი. შორეულ ამბავს კი არ გიყვებით. აქეთ ვეცი, იქით ვეცი, არაფერი გამომივიდა. სასოწარკვეთილი ვიყავი", - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი. მისივე თქმით, სწორედ იმ დროს შეიტყო, რომ აზერბაიჯანიდან ბენზინის კონტრაბანდა საკმაოდ მომგებიანი საქმე იყო. "ცისტერნებით კონტრაბანდას არავინ შემოგატანინებდა, გამორიცხული იყო. თუმცა ჭკვიანმა ხალხმა სხვა რამ მოიფიქრა. კერძოდ, ავტომანქანებში დამატებით ავზებს ამონტაჟებდნენ, რომელსაც მებაჟეები ვერ ამჩნევდნენ (თუ, რა თქმა უნდა, წინასწარ არ იყავი "ჩაშვებული" და მანქანას არ დაგიშლიდნენ). ჰოდა, ერთ გადასვლა-გადმოსვლაში, სულ ცოტა, ასი ლიტრი "ლევი" საწვავის შემოტანა შეგეძლო. სიმართლე გითხრათ, აზერბაიჯანელებთან დიდი პრობლემა არ იყო - ქრთამი და მისი ჯანი! აი, ქართველი მებაჟეები თუ დაგაკავებდნენ, მტრისას. თუ არ ვცდები, რამდენიმეწლიანი ციხეა საწვავის კონტრაბანდისთვის", - განაგრძობს ნაცნობი. მისი თქმით, მეგობარს, რომელიც ამ არალეგალური საქმით იყო დაკავებული, რამდენჯერმე გადაჰყვა აზერბაიჯანში და საზღვარზე ყველა პროცედურას დააკვირდა. ამის შემდეგ კი ბედი თვითონაც სცადა. "ვალი ავიღე და AUDI ALROAD-ი ვიყიდე. ფართო, დიდი მანქანაა და, რაც მთავარია, მოსახერხებელია ფარული ავზის დამონტაჟებისთვის. ერთ რეისში, ყველაზე მცირე, 200 ლარი მრჩებოდა. ბენზინს იქვე, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვაბარებდი. ხომ მომგებიანი საქმეა? მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ქართველმა მებაჟეებმა ეს სქემა გაშიფრეს, დაიწყეს ავტომანქანების დაჟინებით შემოწმება და რამდენიმე ადამიანი დააკავეს კიდეც. შემეძლო კიდევ გამერისკა, მაგრამ აღარ გავაგრძელე აქეთ-იქით სიარული - მე რომ ციხეში წავსულიყავი, ცოლ-შვილი შიმშილით დამეხოცებოდა. თან ამდენი ნერვიულობაც აღარ შემეძლო", - აგრძელებს რესპონდენტი

თუმცა, მისი თქმით, "ახალი საქმეც" მალე გამოჩნდა და თან ისეთი, რომ რისკი მინიმალური იყო. "აზერბაიჯანიდან დამიკავშირდა ჩემი ნაცნობი და ასე ვთქვათ, თევზის, კერძოდ, "ასატრინის" კონტრაბანდა შემომთავაზა. მე ვუთხარი, ხომ არ გაგიჟდი, ვინ ოხერი შემოგატანინებს-მეთქი. შენ მაგაზე არ იდარდოო, მიპასუხა". მისი თქმით, თვითონაც რომ არ ელოდა, ისე მალე მოახერხა შეთანხმება ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიასთან, სადაც კილო"ასატრინას" 17 ლარად ჩაიბარებდნენ. "მოკლედ, დავუკავშირდი ამ აზერბაიჯანელს და მან ისეთი რამ მითხრა, რომ ჯერ სიცილი ამივარდა. თუმცა შემდეგ ჭკუაში დამიჯდა. მოკლედ, სქემა ასეთი იყო: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მოჰყავდათ "ასატრინით" დატვირთული ვირი. უფრო ზუსტად, საზღვრამდე რამდენიმე კილომეტრში. ვირი გაწვრთნილი იყო - "დაზეპირებული" ჰქონდა ერთ-ერთი ბილიკი, რომლითაც საზღვარი უნდა გადმოეკვეთა. მოკლედ, იქიდან უშვებდნენ დატვირთულ ვირს, მე კი საზღვრის აქეთ ვხვდებოდი. მესაზღვრეებს ეს ვირი რომ დაეჭირათ, ნამდვილად ვერ "ჩაგვიშვებდა". ჰოდა, ავაწყვეთ საქმე ამ ვირის ხარჯზე. ბევრი "იმუშავა" საწყალმა პირუტყვმა, თუმცა ბოლოს, ეტყობა, მესაზღვრეები რაღაცას მიხვდნენ და მოკლეს საცოდავი. ამით დასრულდა ჩემი კონტრაბანდისტობაც. მაგრამ ამ ვირის წყალობით ვალებიც გავისტუმრე, პატარა საქმეც დავიწყე და უკვე იმდენად გადახდისუნარიანი გავხდი, რომ მსხვილი კრედიტიც ავიღე. მოკლედ, გაწვრთნილმა ვირმა გამამდიდრა. არ გეტყვით, კონკრეტულად საზღვრის რომელ მონაკვეთზე ხდებოდა ეს ამბავი, რადგან, შესაძლოა, ჩემმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა სხვა ვირიც გაწვრთნა", - დაასრულა ჩემმა ინკოგნიტო რესპონდენტმა.

უცნაური კონტრაბანდისტები

- მექსიკაში დააკავეს გოგონა, რომელიც ციხიდან ჩემოდნით შეყვარებულის "გამოტანას" ცდილობდა.

- შვედეთიდან ავსტრალიაში თიხის ქოთნებით ძაღლისთავიანი მახრჩობელების გადაყვანა სცადეს.

- ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის კონტრაბანდისტებმა ხბოების გადასარეკი გვირაბი გათხარეს.

- კონტრაბანდისტი ქალბატონი ცდილობდა, სინგაპურიდან მელბურნში (ავსტრალია) ცოცხალი ტროპიკული თევზები გადაეყვანა წინსაფარზე გაკეთებული 150 სპეციალური ჯიბით.

- მექსიკიდან წამოღებულ ხის კარში 5 კგ კოკაინი აღმოაჩინეს. ეფედრინის 800 "ქანდაკება" "შავ ბაზარზე" ამოიღეს.

- ბრიუსელის აეროპორტში მებაჟეებმა მგზავრს ფოტოფირის ბუდეში დამალული ეგზოტიკური პანამური ბაყაყი ჩამოართვეს.

- კურიერს კოლუმბიიდან აშშ-ში 6 კგ შაქრის სააღდგომო კვერცხები მიჰქონდა, რომლებიც მთლიანად კოკაინის აღმოჩნდა. მებაჟეები საშობაოდ სააღდგომო საჩუქრის ხილვამ დააეჭვა.

გაზეთ "ყველა სიახლის" არქივიდან