NDI ისევ მჩხიბაობს?! - კვირის პალიტრა

NDI ისევ მჩხიბაობს?!

ამერიკის ეროვნულ--დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისმა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის პოლიტიკური ნაწილი ახლახან გასაჯაროვდა.

როგორც ანგარიშის შესავალში ვკითხულობთ, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

მოგეხსენებათ, ამ ინსტიტუტს ჩვენში დიდად არ ენდობიან და მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში მიკერძოებულ დამოკიდებულებას ხედავენ, ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდა ხმას? - ანგარიშის მიხედვით, პასუხი "არ ვიცი" აირჩია გამოკითხულთა 27%-მა, ამის შემდეგ მოდის კოალიცია "ქართული ოცნება 24%-ით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 16%. პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%, რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა "თავისუფალ დემოკრატებს", 4% - "პატრიორტთა ალიანსს", 3% - კი "ლეიბორისტულ პარტიას". რაც შეეხება დანარჩენ 3%-ს - ის მოდის კატეგორიაზე "სხვა".

რაც შეეხება შეკითხვას, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას", გამოკითხულთა 56 პროცენტი არჩევნებზე წავიდოდა, 44 კი - მონაწილეობას არ მიიღებდა.

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 35-მა % აირჩია კატეგორია "არც ერთი პარტია". გამოკითხულთა 21% - მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად "ქართული ოცნება" დაასახელა, 13%-მა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 8%-განაცხადა, რომ არ იცის, 6%-მა კი პასუხისგან თავი შეიკავა.

"თავისუფალ დემოკრატებს" მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად ასახელებს გამოკითხულთა 5%, "ლეიბორისტულ პარტიას" 3%, დანარჩენები კი გაერთიანებულია კატეგორიაში "სხვა".

NDI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 52 პროცენტით ლიდერობს. გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 22%-ს არ მოსწონს, 21% მასზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

მოწონების რეიტინგში შემდეგი პოზიციები უკავიათ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას, რომელიც გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს, დავით უსუფაშვილს – მოწონების რეიტინგი 45%, დავით ბაქრაძეს – 44%-, ირაკლი ღარიბაშვილს – 40%-, კახა კალაძეს – 37%, თინა ხიდაშელს – 33%, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 30%.

NDI-ის კვლევის მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოკითხულთა 87%-ს მოსწონს.

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რჩება. ამ მოსაზრებას სრულად ეთანხმება NDI-ის მიერ გამოკითხულთა 28%, ეთანხმება - 31%, გამოკითხულთა მხოლოდ 14% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა. გამოკითხულთა 21%-მა კი არ იცის, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილების მიმღები.