როგორ დაარიგა პატრიარქმა გიორგი მარგველაშვილი და მათი პირველი შეხვედრის ისტორიული ფოტო - კვირის პალიტრა

როგორ დაარიგა პატრიარქმა გიორგი მარგველაშვილი და მათი პირველი შეხვედრის ისტორიული ფოტო

"ყოფნა-არ ყოფნაზეც მხიარულად ვსაუბრობდით, ჩვენ, ახალგაზრდა მაქსიმალისტები და ბრძენი ილიაც"

"ილია მეორე ჩემთვის ასოცირდება სამშობლოსთან, ქართველობასთან, მასში არის ის შინაარსი და ემოცია, რაც დევს ჩვენს კულტურაში - ერთდოულად იყო ძალიან მტკიცე და ძალიან ემოციური, მაგრამ არ დაკარგო ჰუმანიზმი, მეორე ადამიანის ადამიანად აღქმის უნარი."

"მახსოვს, ამ შეხვედრაზე მხოლოდ ელიზბარი (მეუფე შიო) არ ემთხვია ხელზე პატრიარქს, - "მამაკაცს ხელზე არ ვაკოცებო".

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ჩვენ არქივში მოვიძიეთ ფოტო, რომელიც ამ შეხვედრას ასახავს

"ჩემი ისტორია პატრიარქთან დაკავშირებით იწყება საინტერესოდ. საერთოდ, სიტყვა პატრიარქი და ის, რომ ეკლესიაში არსებობენ იერარქიები, გავიგეისწორედ ილია მეორესთან დაკავშირებით. პატარა ვიყავი, როდესაც დედა მომიყვა, საქართველოს ჰყავს ახალი პატრიარქი ჰყავსო, მაშინ 5 თუ 6 წლის ვიქნებოდი. ჩემთვის, ბუნებრივია, მაშინ ეკლესია იყო ასოცირებული იმასთან, რაც სახლში ხდებოდა, ანუ დიდედაჩემის ლოცვასთან. ეკლესიას არ ვიცნობდი და უცებ გავიგე, რომ ეკლესიაში არსებობს იერარქია, რომ ეკლესიას ჰყავს თავი და რომ ასეთი განსაკუთრებული ადამიანი მოვიდა ახლა ეკლესიის სათავეში. მაშინ გავიგე ილია მეორის შესახებ.

მასთან პირველი შეხვედრა კი შედგა მაშინ, როდესაც ახალგაზრდები, რომლებიც კომკავშირს ვებრძოდით, ლოგიკურად მოვხვდით პატრიარქთან. პატრიარქთან შეხვედრა იყო უაღრესად საინტერესო და ამაღელვებელი. ალბათ თითოეული ჩვენთაგანის ბიოგრაფიაზე იმოქმედა ამ შეხვედრამ. უცნაური იყო, მაშინ პატრიარქი გვესაუბრებოდა იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური აქტიურობა უნდა იყოს მიმართული უმწეოთა დახმარებისკენ, სიყვარულისკენ, კეთილი საქმის კეთებისკენ. უკვე ოპოზიციაში რომ ვიყავი, 2011 თუ 2012 წელს, ერთგვარად განმეორდა ეს რიტორიკა. პატრიარქმა მითხრა, ძალიან მომწონს შენი გამოსვლები, მაგრამ ძალიან გთხოვ, შეურაცხყოფა არ მიაყენო ოპონენტს და უხეშად არ მოექცე ეთერშიო. სხვათა შორის ჩემზე ამან იმოქმედა და თუ მანამდე რაღაც ზედმეტად ცინიკური ვიყავი ან ზედმეტად აგრესიული, იმოქმედა მისმა ამ მოწოდებამ, არ დავკარგო განცდა, რომ ჩემს წინაშე ზის ადამიანი და არ ვატკინო მეორეს... ილია მეორე ჩემთვის ასოცირდება სამშობლოსთან, ქართველობასთან, მასში არის ის შინაარსი და ემოცია, რაც დევს ჩვენს კულტურაში - ერთდოულად იყო ძალიან მტკიცე და ძალიან ემოციური, მაგრამ არ დაკარგო ჰუმანიზმი, მეორე ადამიანის ადამიანად აღქმის უნარი. მთის ემოცია არის პატრიარქში, თან სიყვარული და თან სიმტკიცე."

ატრიარქთან შეხვედრას და ამ ფოტის ისტორიას იხსენებს რეჟისორი და გიორგი მარგველაშვილის მეგობარი გიო მგელაძე:

- ეს ფოტო გადაღებულია 1987 წელს. 17-18 წლისები ვართ. მარცხენა რიგში სხედან (მარცხნიდან) ირაკლი კაკაბაძე, ლევან ვასაძე, ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გიორგი მარგველაშვილი, ბერი, მამაო გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე) და მე - ანარქისტი-ქრისტიანი, პაციფისტი, მეომარი გიო მგელაძე... ნებისმიერი სისტემა, მათ შორის და მით უმეტეს, სახელმწიფო სისტემა ჩემთვის ბუნებრივად მიუღებელია. რაც თავი მახსოვს, კონფლიქტში ვარ ნებისმიერ სისტემასთან. მაგრამ მგონი გადავუხვიე...

მე და ირაკლი კაკაბაძე ბავშვობაში ქვიშხეთში დავმეგობრდით. თბილისში დაბრუნების მერე ირაკლიმ გიორგი და ლევანი გამაცნო, მე მეუფე შიო და მამაო გრიგოლი გავაცანი მას... შემდეგ ერთად გადავწყვიტეთ "დისიდენტური" ჟურნალის გამოცემა და ერთი ნომერი გამოვუშვით. გავაკეთეთ სატელევიზიო გადაცემა, რომელიც ერთხელ მოხვდა სატელევიზიო ეთერში. სატელევიზიო გადაცემიდან მოსახლეობას "დავემუქრეთ" კულტურული რევოლუციით, არტ-რევოლუციით. შევქმენით ახალგაზრდული მოძრაობა...

არ მახსოვს, ჩვენ ვთხოვეთ პატრიარქს რომ შეგვხვედროდა თუ პატრიარქმა დაგვპატიჟა. მახსოვს ამ შეხვედრაზე მხოლოდ ელიზბარი (მეუფე შიო) არ ემთხვია ხელზე პატრიარქს. "მამაკაცს ხელზე არ ვაკოცებო". ახლა ის ეპისკოპოსია, ქორ-ეპისკოპოსი... ამ ფოტოზე ყველანი ძალიან სერიოზულები ვართ, ამ დროს, მახსოვს, აუდიენცია 2 საათი გაგრძელდა, ყოფნა-არ ყოფნაზეც მხიარულად ვსაუბრობდით, ჩვენ, ახალგაზრდა მაქსიმალისტები და ბრძენი ილიაც და ძალიან ბევრი ვიცინეთ. პატრიარქი მოვიდას ნაცვლად "მოიდას" იძახის და ყველა "მოიდაზე" ექვსივე "მაქსიმალისტი" სიცილით "ვიხეოდით", რაზეც პატრიარქს ეღიმებოდა.

იხილეთ ასევე: "მაშინ გიორგი პრეზიდენტობაზე არც ფიქრობდა, პრეზიდენტობა უნდოდა ირაკლის (კაკაბაძეს), ლევანი (ვასაძე) კი პოეტობას აპირებდა" (ექსკლუზივი)