ფეხბურთი ჩვენი არსობისა
13 მაისია ხვალ (ანუ, როდესაც ეს "პროვოკაცია" იწერება. თქვენთვის- უკვე გუშინ, რადგან ჟურნალი ხუთშაბათს გამოვა და საიტზეც ამ დღეს დაიდება) და ბევრი ქართველისთვის ეს დღე ფეხბურთთან ასოცირდება.
იმ 1981 წლის 13 მაისიდან ზუსტად 8 წლის შემდეგ პირველი შვილი გამიჩნდა და იქიდან მოყოლებული ეს დღე ჩემთვის პირველ რიგში, მისი დაბადების დღეა, მაგრამ მხოლოდ ამის ბრალი არ არის, რომ 13 მაისი ჩემთვის მხოლოდ "ყიფიანისა და კომპანიის" მიერ "კარლ ცაისის" რბევასთან არ ასოცირდება.
მე, ჩემი "პროვოკატორული ბუნებიდან" გამომდინარე, კარგა ხანია, ამ დღეს 2006 წლის 13 მაისი მახსენდება- ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი (ან ყველაზე მეტად) სამარცხვინო დღე, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი სააკაშვილის უგვანო ბრძანებით, ნახევარ საათში გადადგა და ადგილი მიშას ხელის ბიჭს დაუთმო...
მოკლედ, ფეხბურთზე, ქართულ ფეხბურთზე ვისაუბროთ:
ხშირად გვაქვს გაგონილი და წაკითხული: ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის ქართველებისთვის, ის სპორტზე მეტია, ჩვენი იდენტობის გამოვლინების საშუალებაა, უცხოეთში ჩვენი... და ა.შ.
საქმე ისაა, რომ სულაც არ ვაპირებ ამ გამონათქვამებზე შაყირს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ასე მხოლოდ ქართველებისთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვისაა უკვე: არგენტინელებს, ბრაზილიელებს, ესპანელებსა თუ ინგლისელებს რომ თავი დავანებოთ, გაიხსენეთ საბერძნეთის ევროპის ჩემპიონობა, თურქეთის ბრინჯაოს მედლები მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამასთან დაკავშირებული პერიპეტიები.
დღეს ყველა ხვდება, რომ ფეხბურთი- ინდუსტრიაა, ინდუსტრია- შემოსავალია, ანუ- ფული, ანუ- ბიუჯეტი, ანუ- კეთილდღეობა...
მიშა სააკაშვილმა, რომელსაც ეზოშიც კი არ მოურტყამს ბურთისთვის ფეხი, ფეხბურთი არ იცოდა, მაგრამ "ინდუსტრია-შემოსავლებში" კარგად ერკვეოდა და იმ ავად მოსაგონარ 13 მაისს, ცუდ ხასიათზე გაღვიძებულს, კიდევ ერთი ცუდი ამბავი რომ მიუტანეს- ფედერაციის პრეზიდენტად შენი ფავორიტი ახალკაცი-უმცროსი კი არა, ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე აურჩევიათო, აი, მაშინ ჩართო თავისი კალკულატორი და ცხადად წარმოუდგა, თუ როგორ გაუფრინდნენ საიდუმლო ანგარიშებიდან ბევრნულიანი რიცხვები და სიშმაგის შემოტევა დაეწყო...
40 წუთში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნემსაძის არჩევისადმი მიძღვნილ სუფრაზე მთავარ "მოქმედ პირს" ელოდებოდნენ და თამადა მიკროფონში "რაზ-დვა-ტრის" იმეორებდა, ტელევიზორის ეკრანზე ნემსაძე გამოჩნდა და გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება: ფედერაციის პრეზიდენტობა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა, ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ქართული ფეხბურთისთვის ჩემი გადადგომა ჯობიაო!
ქართული ფეხბურთისთვის- არა, მაგრამ სააკაშვილისთვის, გაბაშვილისთვის, ბოკერიასთვის და ძმათა მათთათვის ნამდვილად ასე ჯობდა.
ქართული ფეხბურთი კი, იმ დღიდან მოყოლებული, დიდი სისწრაფით მიექანება უკანალისკენ. მიექანება რა, ფაქტობრივად, უკვე იქ ვართ: ევროპაში მხოლოდ სან-მარინოს, ანდორასა და მალტას ვუსწრებთ, ხოლო მსოფლიოში ისეთი ქვეყნები არიან ჩვენზე წინ, გული გაგისკდებათ, რეიტინგში რომ ჩაიხედოთ: მაგალითად, ავღანეთი ან იორდანია. ფიფაში რომ მიიღონ, ალბათ ის ისლამური სახელმწიფოც ჩვენზე წინ იქნება...
არადა, რა კარგი იყო ფეხბურთი, სტადიონის სალაროებში ბილეთების გამო თავპირისმტვრევა და გამარჯვებით მოგვრილი სიხარული!..
რა კარგი იყო 13 მაისი!..
ახლა კი 13 მაისი არის სირცხვილის დღე ქართული ფეხბურთისთვის- დღე, როდესაც "ნაცმოძრაობამ" ფეხბურთშიც ჩაგვიფურთხა და, რაც ყველაზე უარესია, დღემდე ეგენი და მაგათი დასმულები ბოგინობენ იქ.
შედეგი? კი, ბატონო: სომხეთი, რომელსაც მშიერ 90-იანებში 7:0 მოვუგეთ, დღეს ჩვენზე რამდენიმე ათეული ადგილითYწინ არის რეიტინგში.
პ.ს.. "უცნობის"- გია გაჩეჩილაძის საკანი ხომ გახსოვთ? ერთხელ ჯაპანა ჰყავდა სტუმრად და იმან სააკაშვილის პაროდია გააკეთა- როგორ ურტყამს მიშა პენალტს. დღესაც შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში, ძალიან სასაცილოა.
მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, მიშამ ისეთი აუღებელი პენალტი დაგვირტყა, რომელმაც კარგა ხნით გადაწყვიტა ჩვენი საყვარელი თამაშის ბედი საქართველოში.
აბა, კარგად! წავედი, რაგბი იწყება!